კონკურენციის სააგენტო „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ საქმის შესწავლას იწყებს. სატერმინალო კომპანიები კი ორშაბათიდან დიდი შეტევისთვის ემზადებიან. სწორედ 27 ივნისს იწურება დათქმული ვადა, როდესაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში მითითებულია, რომ ნავსადგურის საქმის შესწავლა 21 ივნისს რამდენიმე კომპანიის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
მომჩივან კომპანიებს შორის არიან შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთი“, შპს „კავტრექსფოთი“, შპს „ექსპრეს ტრანს-შიფმენტ სევისეზ“, შპს „კავტრექსტერმინალი“, შპს „კაისა-2“, შპს „ალმარ-სერვისი“, შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“, შპს „აისბერგ ფოთი“, შპს „არაგვი“, შპს „ესპერანსი“, შპს „ლოჯისტექსი“, შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, შპს „ამერიქენ მონოლითი“ და სს „ფოთი მაცივარი“.
სატერმინალო და ლოგისტიკური მომსახურების ყველა კომპანიის წარმომადგენლები „ფოთის პორტის“ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც უკვე 1-ლი ივლისიდან ძალში შევა პორტის მიერ დაწესებული კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები.
ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საკონტეინერო ხაზები და ტვირთის მფლობელები იძულებულნი იქნებიან კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლისტის, „ფოთის პორტის“ კუთვნილ სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალში დაამუშავონ. იმავე საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალი, სადაც ჯამში 5000–მდე ადამიანია დასაქმებული, ფაქტობრივად გაჩერდება.
სატერმინალო მომსახურების კომპანია „ჯორჯიან ტრანსექსპედიცია ფოთის“ წარმომადგენელი დავით ზამთარაძე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან:
„2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ იყო, ნაციონალების მთავრობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალო დამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში. ამის გამო დაახლოებით 700-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, ხოლო ტერმინალებმა სოლიდური შემოსავლები. ეს ექსკლუზივი მხოლოდ ერთ კომპანიას მისცეს, ისიც ზეპირი შეთანხმებით და ეს მაშინ, როცა ფოთში 15 ტერმინალია.
პორტი ისედაც ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ ის თავის უპირატეს მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ახლა უკვე სურს სატერმინალო მომსახურებაც მიაბას თავის ძირითად დანიშნულებას, ანუ საპორტო მომსახურებას. ამით ახალი, ხელოვნური მონოპოლია შეიქმნება სატერმინალო მომსახურების სფეროში და ნახევარი ფოთი, 5000–მდე ადამიანი, უმუშევრად დარჩება. ეს არც თავისუფალი კონკურენციაა და არც სამართლიანობა“, - ამბობს ზამთარაძე.
კომპანია „ისთ გეითს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი კოტე მესხიც ფოთის პორტს მონოპოლიურ ქმედებებში ადანაშაულებს.
„ნაცვლად იმისა, რომ გააუმჯობესოს საპორტო სერვისები და ამით გაზარდოს საკუთარი ბიზნესის რენტაბელობა, პორტის ადმინისტრაცია ხელის გადაგრეხვის მეთოდებზე გადავიდა, უნდა რომ გააფართოვოს ბიზნესი არა საპორტო, არამედ სახმელეთო საკონტეინერო მომსახურების მიმართულებით, ბოროტად სარგებლობს თავისი მონოპოლიური მდგომარეობით და უკვე ინტეგრირებული ტარიფებით აიძულებს ტვირთის მფლობელებს, რომ, მხოლოდ მის ტერმინალში დაამუშაონ ტვირთები“, - აცხადებს მესხი.
იმ შემთხვევაში, თუ 27 ივნისამდე ვერ გამოიძებნება გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, ფოთში მომუშავე საკონტეინერო და ლოგისტიკური კომპანიები იძულებულები გახდებიან, ყოველგვარი გამაფრთხილებელი აქციების გარეშე, უკიდურეს ზომებს მიმართონ.
კონკურენციის სააგენტომ კი საქმის მოკვლევა დაიწყო სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე, თუმცა როდის იქნება საბოლოო ვერდიქტი გამოტანილი, ეს ცნობილი არ არის.