მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, 20 მაისს, 20 საათზე, ”გადაარჩინე სიცოცხლე”, პროტესტის გამოსახატად ეპატიჟება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ძალადობას, ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვას და 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძის დახვრეტას აპროტესტებს.
ამის შესახებ ”ობიექტივთან” საუბრისას ”გადაარჩინე სიცოცხლეს” თავმჯდომარემ, იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.
”ისეთი მამულიშვილი, როგორიც გურამ შარაძე იყო, განსაკუთრებით ახლა, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ის, რომ ბატონი გურამი ამ რეჟიმის მსხვერპლია, ცნობილია - ამ უსინდისოებმა ის მოიშორეს. მისი ოჯახი დღემდე იმას ამბობს, რომ გიორგი ბარათელი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობისთვის 27-წლიან სასჯელს იხდის, არ არის ნამდვილი მკვლელი. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ეს ხელისუფლება ბარათელის ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებს.
ჩვენი ორგანიზაციის ”გადაარჩინე სიცოცხლე” უმთავრესი მოთხოვნა ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაში მდგომარეობს. ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, ქუჩაში ახალგაზრდების ჩაცხრილვას. იმათ, ვისაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, ამ სისხლიანი რეჟიმის თავიდან მოცილება და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები უსაფრთხოდ იცხოვრებენ, მოვუწოდებთ, მოვიდნენ 20 მაისს, საღამოს რვა საათზე მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც ოთხი წლის წინ გურამ შარაძე დახვრიტეს - ერთად გავაპროტესტოთ ძალადობა და პატივი მივაგოთ გურამ შარაძის ხსოვნას, რომელიც ამ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია. ჩვენ 20-ში ორ საათზე გავალთ გურამ შარაძის საფლავზე და შემდეგ რვა საათზე შევიკრიბებით მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც ოთხი წლის გურამ შარაძე მოკლეს”, - ამბობს იური ვაზაგაშვილი.
დღეს, 20 მაისს, გურამ შარაძის მეუღლე, ნათესავები და ”გურამ შარაძის საზოგადოების” წარმომადგენლები, გურამ შარაძის საფლავზე შეიკრიბებიან, სადაც ორ საათზე, გურამ შარაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის დიდმოწამე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი (ცნობილაძე). იმავე დღეს, რვა საათზე, ”გურამ შარაძის საზოგადოების” წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე, მკვლელობის ადგილს ყვავილებით შეამკობენ.
გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ამავე რაიონის №3 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1963 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა, ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით.
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1966 წელს დისერტაცია წარმატებით დაიცვა, ხოლო 1975 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახდა. 1967 წელს თსუ-ში მუშაობა დაიწყო. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელამდე.
1991-1992 წლების მიჯნაზე იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თსუ-ში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. ამას გარდა, იყო საქართველოს ლიტერატურისმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი.
გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას - წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე.
1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გურამ შარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას. ამავე პერიოდში იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.
1992-1993 წლებში გურამ შარაძე იყო აჭარის ა/რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის მრჩეველი, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, ამავე პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. 1996-1997 წლებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ.
1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ორგანიზაცია “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”. გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით, “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.
2004 და 2006 წლებში გურამ შარაძე ,”ხულიგნობისთვის” ორჯერ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. წინასწარი დაკავების იზოლატროში ერთი თვე გაატარა (ორი კვირა პირველი დაკავების დროს და ორი მომდევნო დაკავების შემდეგ), რისი რეალური მიზეზიც მისი პოლიტიკური შეხედულებები და საზოგადოებრივი აქტიურობა იყო.
გურამ შარაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა, რომელთაგან მხოლოდ მნიშვნელოვან გამოცემებს შეგახსენებთ: თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), 1972-1974; არქეოგრაფიული ძიებანი, 1973; მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, 1978; პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი, 1980; ბელა ვიკარი - ”ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი, 1981; დავით ჩუბინაშვილი - რუსთველოლოგი, 1982; მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, 1982; მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, 1983; ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), 1984; საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, 1986; პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე, 1986;
ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია ორ ტომად), 1987-1990 წწ; უცხოეთის ცის ქვეშ (ქართული ემიგრაციის ისტორია), სამ ტომად, 1991-1993 წწ; მემედ აბაშიძე, 1995; ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, 1995; ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, 1998; ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა, 1998; ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი I, 2001, ტომი II, 2001, ტომი III, 2003, ტომი IV, 2003, ტომი V, 2004, ტომი VI, 2005, ტომი VII, 2005 და ტომი VIII, 2005; ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, 2001; ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი – თაყაიშვილი, 2005; აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი I, 2006; აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 2006; აკაკის იუბილე, 2006; აკაკის სიკვდილი და დასაფლავება, 2007 (გურამ შარაძის ბიოგრაფიული ცნობები, არასრული სახით, მოგაწოდეთ ვებგევრდზე http://guramsharadze.wordpress.com/ დაყრდნობით, რომლის წარდგინება გასული წლის 17 ოქტომბერს, ემიგრაციის მუზეუმში მოეწყო).
გურამ შარაძე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა: ჩვენს ქვეყანაში ”იეღოვას მოწმეების” საქმიანობას და ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლებას...
გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს რვა საათზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. გურამ შარაძის სამი შვილიდან უფროსი - ლაშა, 1998 წლის 15 მაისს საკუთარ ლოგინში, გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ლაშა შარაძემ თავი მოიკლა. ოჯახისა და იმ ექსპერტების განმარტებით, ვინც მისი ცხედარი დაათვალიერა, ლაშა შარაძე მძინარე მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. გურამ შარაძის შუათანა შვილი, გიორგი, 2009 წლის 30 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გურამ შარაძის უმცროსი შვილი, რუსუდან შარაძე ამჟამად ქმარ-შვილთან ერთად ჟენევაში იმყოფება - მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მას შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს - იგი 2007 წლის 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, გაასამრთლეს და 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გურამ შარაძის ოჯახი, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” მიერ გადაღებული ვიდეოფირის ნახვისა და მოწმეთა მონათხრობის საფუძველზე დარწმუნებულია, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს, რის გამოც, როგორც ამ საქმის მთავარი მოწმე, თავიდან მოიცილეს. ამ ვერსიას საზოგადოების გარკვეული ნაწილიც იზიარებს.
2009 წლის 10 სექტემბრიდან ოფიციალური, ლეგალური გზით ვცდილობდით საჯარო ინფორმაციის მოპოვებას მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, ხოლო შემდეგ სასამართლომ უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ ინფორმაცია ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ არის საიდუმლო.
რადგან ბარათელის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საქართველოში უარი გვითხრეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი განაცხადი წარმოებაში გასულ თვეში მიიღეს და შესაბამისი ნომერი მიანიჭეს.