ბოლო თვეები განმავლობაში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ფასები მომატებულია. მკვლევარები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საპირისპირო მონაცემების გამოქვეყნებით იყვნენ დაკავებულნი. რამდენიმე დღის წინ კი თავად ბაზრის მონიტორებმაც განსხვავებული მონაცემები წარუდგინეს საზოგადოებას.
ჯანდაცვის პლატფორმა ბოლო პერიოდში მუდმივად აქვეყნებს მოსახლეობისათვის საჭირო და საინტერესო, აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასს.
ორგანიზაციამ მაისში ჩვილის, საბავშვო და პირველადი აფთიაქის გამოქვეყნების შემდეგ შეისწავლა ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი. მონაცემები 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმდა. შედეგად დადგინდა, რომ აპრილითან შედარებით შემცირებულია ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი. აპრილის თვეში ამ აფთიაქის შევსება შესაძლებელი იყო 115 ლარად, მაისის თვის მონაცემებით კი ამისათვის უკვე 106 ლარია საკმარისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები საშუალოდ 7.8%-ით არის შემცირებული. აპრილში აქსესუარების საშუალო ფასი შეადგენდა 25 ლარს, მაისის თვეში კი 19 ლარს შეადგენს. შემცირებულია ასევე მედიკამენტებისა და ანტისეპტიკური საშუალებების საშუალო ფასი. მთლიანობაში ოჯახის აფთიაქის აპრილსა და მაისში დაფიქსირებული ღირებულების სხვაობა 9 ლარს შეადგენს.
მაისში შემცირებულია ფასი 6 მედიკამენტზე, გაზრდილია 2-ზე, დანარჩენზე ფასი უცვლელია.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კი სხვაგვარ მონაცემებს გვთაზობს. აფბა-ს უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ინდექსი 17,43%-ით გაიზარდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. 200 დასახელების მედიკამენტიდან, რაც წარმოადგენს დაკვირვების ობიექტს, 78 მათგანზე ფასები გაზრდილია, ხოლო 6-ზე უმნიშვნელოდ შემცირებული, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ ზრდა განაპირობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რამდენიმე გარემოება, რამაც მაისში მედიკამენტების გაძვირება განაპირობა:
პირველ რიგში ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების მიერ მოგების მაქსიმიზაციისკენ მიმართულ სტრატეგიასთან, რაც როგორც წესი, სხვადასხვა მარკეტინგული აქციებით, ან ფასების ზრდით მიიღწევა. აფთიაქებმა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელ ხერხს მიმართეს და მას შემდეგ, რაც 6 თვის განმავლობაში ძირითადად კლება შეინიშნებოდა, კვლავ გაზარდეს ფასი, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფასებით საკმაოდ მოხერხებულად მანიპულირებენ.
კვლევის დაწყების პირველ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა „ჰუმანითი ჯორჯიას“ სახით, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელობამ ერთობლივად განაცხადეს, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მათთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი იყო, ვინაიდან „ჰუმანითი ჯორჯიამ“ გენერიული დასახელების მედიკამენტები მომხმარებლებს მინიმუმ 30%-ით გაიაფებული შესთავაზა, უკვე არსებულმა კომპანიებმა საპასუხოდ მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამის აქტიურ პიარკამპანიასაც ეწეოდნენ და რაც დაადასტურა კიდეც „ფანასკერტელის ინდექსმა“, მაგრამ დაახლოებით 5 თვის გასვლის შემდეგ, როდესაც „ჰუმანითი ჯორჯიას“ ეფექტი გაქრა, კომპანიებმაც არ დააყოვნეს და მედიკამენტებზე ფასები ისევ გაზარდეს“, - აცხადებენ აფბაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარი საგრძნობლად მყარდება, როგორც აშშ დოლარის, ისე ევროს მიმართ, ხოლო მედიკამენტების ის სია, რასაც „აფბა“ და „ჯანდაცვის პლატფორმა“ აკვირდებიან, ძირითადად იმპორტირებულია ევროზონის ქვეყნებიდან. როგორც წესი, ლარის გამყარებამ ევროს მიმართ, ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქცია უნდა გააიაფოს, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები არც ამ ლოგიკას ექვემდებარებიან.