ლარის დიდი უკუნახტომი

ლარის დიდი უკუნახტომი

ლარის დასტაბილურებას საშველი არ დაადგა. თითქოს ბოლო პერიოდში კურსი გამყარდა, ბაზარიც დამშვიდდა და მოულოდნელად ივნისის მეორე ნახევრიდან ისევ ნახტომისებული გაუფასურება დაიწყო.

17 ივნისს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1360 ლარი იყო, 18 ივნისს კი ეს მაჩვენებელი 2.1790 გახდა. 20 ივნისს კურსი 2.1805 ნიშნულზე დაფიქსირდა, 21-ში კი 2.2128 პუნქტამდე დაეცა. შესაბამისად, ბოლო დღეებში ლარი თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა, რაც მარტის ბოლოდან მოყოლებული აღარ მომხდარა.

ექსპერტებს უჭირთ ახსნა თუ რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ასეთი უცაბედი ვარდნა. მათ იმედი აქვთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და მალე ბაზარი დასტაბილურდება.

ეკონომისტი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მცირე დიაპაზონში მოხდა, ამიტომ იმის თქმა, რომ გაუფასურების ტენდენცია ფიქსირდება ბოლო პერიოდში, არასწორია. ეს არის მცირედი გაუფასურება, რაც, შესაძლოა, მომდევნო პერიოდებში დაბალანსდეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ISET-ის წარმომადგენელი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ლარმა მცირედით გაუფასურება რამდენიმე დღეა დაიწყო. ეს მცირე დროა კონკრეტული დასკვნების გაკეთებისათვის.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ვარაუდობს, რომ ბოლო დღეებში ლარის დაცემა უცხოეთში ვალუტის გადარიცხვით უნდა იყოს გამოწვეული.

„როდესაც კურსი დღეში რამდენიმე თეთრით იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ჯერ თავის წონასწორობისთვის არ მიუღწევია, ჩვენ გვახსოვს, რომ კურსი იყო 1.65 ან 1.74 და მთელი წლის განმავლობაში თითქმის, ერთიდაიგივე ნიშნული ფიქსირდებოდა, აქედან გამომდინარე, როდესაც მაღალია მერყეობა, დიდია იმის ალბათობა, რომ კურსმა არა მარტო გამყარების მიმართულებით შეინარჩუნოს წონასწორობა, არამედ პირიქით, გაუფასურების მიმართულებითაც.

ბოლო დღეებში რაიმე მნიშვნელოვანი რყევა არ ყოფილა, რაც შეეხება სხვა მაკროეკრონომიკურ მაჩვენებლებს, ლარის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ალბათ, არის რაიმე მსხვილი გადარიცხვები საზღვარგარეთ - ან მსხვილი საიმპორტო შესყიდვა ან საგარეო სესხი დაიფარა. ამისთვის კი საჭირო გახდა ერთდროულად ბევრი დოლარის შესყიდვა“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

მისივე თქმით, როდესაც კურსი მყარი არ არის, ყოველგვარი ხელოვნური მიზეზების გარეშე შესაძლებელია მისი აწევა ან დაწევა.

„ეს არის ბუნებრივი პროცესი, ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნური მიზეზებით არის გამოწვეული, თუ ვინმე სპეკულაციას აკეთებს, ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ როდესაც კურსი მყარი არ არის და დიდი მერყეობით ხასიათდება, მოსალოდნელია ერთ თვეში მისი 4-5 თეთრით გაუფასურება“, - განუცხადა „აიპრესს“ ნამჩავაძემ.

ახალგაზრა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი შოთა გულბანი კი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა და მიმოქცევიდან ასეულობით მილიონი დოლარი არ უნდა ამოეღო. დღესდღეობით ადგილობრივი ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ლარის გამყარებაა.

„ლარი უფასურდება, მაგრამ არ ისმის განცხადებები, თუ რატომ, რა არის ამის მიზეზი. თითქოს ამის მიზეზი ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ამ დროს უამრავ ადგილობრივ ბიზნესმენს აქვს აღებული გრძელვადიანი კრედიტი და ლარის გაუფასურების გამო გაეზარდათ ვალდებულება. ამ ადამიანებისთვის ეროვნული ვალუტის გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც კი პოტენციური ექსპორტიორია, აუცილებელია შევუმსუბუქოთ ეს ვალდებულება, რათა მეტი საბრუნავი საშუალება ჰქონდეთ, მეტი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტიც გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ლარის გამყარება უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე გაუფასურება.

სებ-ში თვლიან, რომ ბაზრიდან დოლარის ამოღება და ლარის გამყარების პროცესის შეჩერება სწორი იყო. ჩემი აზრით კი, ლარის გამყარება უფრო მეტად პრიორიტეტული იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე გაუფასურება“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.