ლარიზაცია: პრობლემები და პერსპექტივები (ნაწილი მეოთხე)

ლარიზაცია: პრობლემები და პერსპექტივები (ნაწილი მეოთხე)

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი ქადაგიძის საპრეზიდენტო ვადის დამთავრებისთანავე (2016 წლის 25 თებერვალი) ლარის კურსმა დოლართან თანაფარდობაში გამყარება დაიწყო და მაისის თვის დასაწყისისთვის გამყარებულია დაახლოებით 10%-ით. ლარის აღნიშნული გაძვირება, როგორც მოვლენების განვითარებიდან ჩანს, ძირითადად განპირობებულია:

- ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელობასა და მთავრობას შორის თანამშრომლობა-კომუნიკაციის გაუმჯობესებით და ასეთი ურთიერთობების პირობებში, როგორც ეროვნული ბანკის, აგრეთვე მთავრობის პოლიტიკის მიმართ  ნდობის ფაქტორის ამაღლებით.

- დოლარის გამკარგავ საქართველოს ეკონომიკის სუბიექტებში ახალი რეალობის ადექვატური მოლოდინის ჩამოყალიბებით და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნული მოლოდინის შესაბამისი პოლიტიკის გატარებით.

- ბიუჯეტის ხარჯების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული დაპირებების პოზიტიური ზემოქმედებით ლარის გამყარების ზემოაღნიშნულ მოლოდინზე;

- რეგიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსების მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით;

- 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე, რეფინანსირების სესხების შემცირების მცირედ დაგვიანებული, მაგრამ მაინც პოზიტიური ზემოქმედებით ლარის კურსზე;

- მთავრობის განცხადებებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელ ამაღლებასთან დაკავშირებით;

- ტურისტული სეზონის მოახლოებით და ა. შ .

ლარიზაციიის ამაღლების პერსპექტივები ლარის კურსის მიმდინარე გაძვირების პირობებში

დოლარის მიმართ ვალუტების საყოველთაო სტაბილიზაციის პირობებში (განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებში), ლარის კურსის ამაღლებაში, შესაძლოა არც თუ მცირედი წვლილი მიუძღვოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში, ამა თუ იმ მიზეზით, უცხოური ვალუტის შემოდინებასაც.

ამრიგად, 2015 წლის თებერვლის თვის მიწურულიდან ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსის გაძვირებას საწყისი ბიძგი მისცა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დოლართან თანაფარდობაში ლარის მომავალში მოსალოდნელი გაცვლითი კურსის ამაღლების მოლოდინმა. როგორც მოვლენების განვითარებიდან ჩანს, დოლარის დიდი რაოდენობით გამკარგავმა საქართველოს ეკონომიკის სუბიექტებმა (კომერციული ბანკები, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტება და სხვა სუბიექტები, რომლებიც გარკვეულ სარგებელს ნახულობენ სავალუტო ოპერაციებით), დაიწყეს დოლარის მასობრივი გადაყვანა ლარებში. ამით მათ დაასწრეს მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას და ლარის გაუფასურების ადრეულ ეტაპზე შედარებით იაფად შეძენილი დოლარები გაყიდეს შედარებით მაღალი ფასით, შესაბამისი მოგების უზრუნველყოფით. ამით წაგებული დარჩა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც დოლარი მისი გაძვირების ბოლო სტადიაზე შეიძინა და  რომელმაც დოლარის დროული გაყიდვა, ამა თუ იმ მიზეზის გამო (მაგალითად, მისი ისევ გაძვირების მცდარი მოლოდინის შედეგად) ვერ შეძლო და გაყიდვამ მოუწია, ან დღესაც უწევს შეძენის ფასთან შედარებით დაბალ ფასად.

მარტის თვეში ლარის გამყარების დამატებით ფაქტორად იქცა მოგების გადასახადის გადახდის თარიღის მოახლოება. როგორც წესი მოგების გადასახადი გადახდილ უნდა იქნას ყოველი წლის პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ 1 აპრილამდე. დოლართან თანაფარდობაში ლარის გაცვლითი კურსის ამაღლების მოლოდინმა მოგების გადასახადის გადამხდელი ეკონომიკის სუბიექტები აიძულა ლარის მოსალოდნელ გაძვირებამდე, წინმსწრები ტემპით მოეხდინათ მათ განკარგულებაში არსებული დოლარული დანაზოგების გადაყვანა ლარებში. ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა ლარის კურსის ამაღლების მოლოდინმა.

ლარის გაცვლითი კურსის ამაღლების საწყისსავე ეტაპზე, სხვა თანაბარ პირობებში (მაგალითად, ფასების დონის შედარებით უმნიშვნელო ამაღლებისას), გარკვეული თვალსაზრისით (სამამულო ნაწარმის კონკურენტუნარიანობის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით), მართებული იქნებოდა, ეროვნულ ბანკის გააქტიურება სავალუტო ბაზარზე ჭარბი დოლარების შესაძენად და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც სავალუტო ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვის გახდებოდა ერთგვარი შეტყობინება-სიგნალი სპეკულაციური თამაშებისთვის წერტილის დასმის შესახებ, რაც მათ მნიშვნელოვანწილად გაუქარვებდა მომავალში ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილს. თუმცა მაღალი იქნებოდა ასეთ პოლიტიკის გატარების ფასი: ფასების დონის გარდაუვალი არსებითი ზრდისა და დოლარებში კრედიტების მქონე ეკონომიკის სუბიექტების ხარჯების გაუმართლებლად მაღალ დონეზე შენარჩუნების შედეგად. მიუხედავად ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტიურობა, შედარებით გამართლებულად მიმაჩნია (დადებითი და უარყოფითი ასპექტების თანაფარდობის გათვალისწინებით) ლარის კურსის ამაღლებისას (მით უფრო თუკი ლარის კურსის აღნიშნული ამაღლება სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებით კი არა არის განპირობებული, არამედ სხვა ფაქტორებით), ხოლო გაუმართლებლად - ლარის კურსის შემცირებისას.

დოლართან თანაფარდობაში ლარის კურსის გამყარების ზემოაღნიშნული დეტერმინანტების დიდი ნაწილი აქტუალური დარჩება მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე.

მიმდინარე საარჩევნო წელს, ლარის კურსის შენარჩუნება-განმტკიცებაში, ყოველ შემთხვევაში მისი დაცემის არდაშვებაში, ალბათ არც თუ მცირეოდენ წვლილს შეიტანს საარჩევნო ბატალიებთან დაკავშირებით დოლარების ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით შემოდინებაც, ან საარჩევნო მიზნებისთვის ქვეყნის შიგნით დოლარებში არსებული  დანაზოგების გამოყენება.

მთავარია, რა იქნება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომდევნო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2017 წლიდან. თუკი აღნიშნულ პერიოდში, სხვა თანაბარ პირობებში (საგარეო ფაქტორების ნეიტრალურობისას), ლარის კურსი მეტ-ნაკლებ სტაბილურობას შეინარჩუნებს, მაშინ საბოლოოდ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაძვირება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამა თუ იმ მიზეზით ამაღლებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებით, შესაბამისად კი, ობიექტური პროცესია და არ არის განპირობებული სუბიექტური ფაქტორებით, ანუ არ არის განპირობებული: მოლოდინების დროებითი ცვლილებით, სავალუტო ბაზრის მსხვილი მოთამაშეების დროებითი დაშოშმინებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უცხოური ვალუტის შემოდინებით, უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილების გაუთვალისწინებელი ცვლილებით, ან ნებისმიერი სხვა მიზეზის შედეგად უცხოეთიდან ვალუტის მასშტაბური შემოდინებით, და ა. შ..

სავალუტო ბაზარზე მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია (ამასთან არც არაფერი წახდება, პირიქით ქართული ნაწარმის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს კიდევაც, თუკი, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის გაცვლითი კურსი ყოველწლიურად გაუფასურდება მინიმალურ, მაგალითად, 2-3%-ის ფარგლებში.), მ.შ. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინის აღმოფხვრა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ლარიზაციის პროცესის წახალისებას, ვინაიდან რეალურ პირობებს ქმნის ეკონომიკის სუბიექტების მიერ დოლართან შედარებით ლარისთვის უპირატესობის მისანიჭებლად.

ეკონომიკის ლარიზაციის წახალისებისა და სამომავლოდ ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შერბილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის 16 ივნისიდან ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირებას და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 15%-დან 20%-მდე ამაღლებას, რაც უდაოდ დროული გადაწყვეტილებაა და სხვა თანაბარ პირობებში, აუცილებლად გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღებას, მ.შ. M2 ფულის მულტიპლიკატორის ამაღლების გზით.

ამასთან, ასეთი შედეგის მისაღებად აუცილებელია კომერციულმა ბანკებმა, ლარში მოზიდულ სახსრებზე სავალდებულო სარეზერვო ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირების შედეგად გამონთავისუფლებული თანხა მთლიანად მოახმარონ საკრედიტო რესურსის ზრდას. კომერციულმა ბანკებმა, ამა თუ იმ მიზეზით, შესაძლოა აღნიშნული რესურსით, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ხარჯზე გაზარდონ ნებაყოფლობითი რეზერვები, რაც გამორიცხავს სარეზერვო ნორმის შემცირებისგან არსებითი ხასიათის დადებითი შედეგის მიღებას. ამიტომ, იმედია ეროვნულ ბანკს შემუშავებული ექნება პრევენციული ღონისძიებები მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევისთვის.

და, ბოლოს, ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ლარიზაციის ამაღლების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს ის, რომ ხელისუფლებისა და  ეროვნული ბანკის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებმა შეძლონ მოსახლეობის დარწმუნება მათ მიერ  გატარებული საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ადექვატურობა-მიზანშეწონილობაში და ამ გზით ხელი შეუწყონ გრძელვადიანი პოზიტიური მოლოდინების ჩამოყალიბებას. შესაბამისად:

- მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა: სისტემური ცვლილებების მასშტაბური განხორციელებისა და ინკლუზიური ინსტიტუტების ფორმირების, ინოვაციური საქმიანობის წახალისებისა და კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავების, ბაზრების ეფექტიანობის ამაღლებისა და უცხოური ვალუტის გამომუშავებელ ეკონომიკურ აქტივობათა სტიმულირების და ა. შ. გზით;

- ეროვნული ბანკმა, ფასებისა და საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფით, აგრეთვე სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებით, ხელი უნდა შეუწყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას  მოკლევადიან პერიოდში (მით უფრო, რომ მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკა, მაგალითად დანახარჯების ზრდა, დაბალ ეფექტიანია, ვინაიდან დაკავშირებულია: 1. ინვესტიციური დანახარჯების შემცირებასთან პროცენტის განაკვეთის ამაღლების შედეგად; 2. სავაჭრო დეფიციტის ზრდასთან რეალური გაცვლითი კურსის ზრდის შედეგად), რათა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს გადასვლა სტაბილური ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში;

- ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი შედეგების უმტკივნეულო მიღწევის აუცილებელი პირობაა:  მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელება და ამ გზით ოპტიმისტური განწყობა-მოლოდინების ფორმირება.