საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს. 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოსახლეობის კი 11,5%-ს აქვს. სიღარიბის დაძლევა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ორგანიზაცია „ოქსფამის“ კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს; მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია ვიტამინით; ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს, რეკომენდებული 10 ჯგუფის ნაცვლად მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ან მეტი ჯგუფის საკვებს.
საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აღენიშნება; მოსახლეობის 61% - ხორცეულისა და თევზეულის, 45% - ხილის და ბოსტნეულის, 20% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად; საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებით და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას, ანემიის განვითარებისა და ზრდის შეფერხების რისკს.
საქართველოში რომ სიღარიბის დონის დაძლევა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, ამას ადგილობრივი მუდმივად მიუთითებენ. მათ მოსაზრებას ამყარებს საერთაშორისო ორგანიზაცების მონაცემებიც. მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ანგარიშობს სიღარიბის დონეს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, დღეში 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი არის უკიდურესი სიღარიბე, ანუ სიღატაკის ზღვარი. არის მეორე, უფრო შერბილებული კრიტერიუმი: ვისაც დღეში 3,1 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოსახლეობის 11,5%-ს აქვს მაშინ, როცა სომხეთში ეს მაჩვენებელი 2,4%-ია, მეზობელ თურქეთში კი - მხოლოდ 0,3%. მართალია, ეს 2014 წლის მონაცემებია, მაგრამ იმის შემდეგ მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, ხოლო ვისაც 1,3 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, მათი რაოდენობა სომხეთში 17%-ია, თურქეთში - 3,1%, ხოლო საქართველოში - 28,6%. აზერბაიჯანის მონაცემები გამოქვეყნებული არ არის.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან ჩამოვრჩებით. „აღარაფერს ვამბობ ამერიკაზე, სადაც მშპ მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 60 ათას დოლარს მიუახლოვდა. ერთი მხრივ, ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ ჩვენი ციფრები მოწინავე ქვეყნებთან შედარებით ძალზე მოკრძალებულად გამოიყურება. იმავე აშშ-ში ბიუჯეტი ერთ ადამიანზე 20 ათას დოლარს ხარჯავს, ხოლო ჩვენთან ბიუჯეტის დანახარჯი ერთ ადამიანზე 1.000 დოლარია. განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზეც მოკრძალებული ხარჯების გაწევა გვიწევს. ცნობილია, რომ ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლი ბულგარეთია. სამწუხაროდ, ბულგარეთსაც ბევრად ჩამოვრჩებით: სპეციალისტთა გათვლებით, ჩვენ მხოლოდ 2026 წელს მივაღწევთ იმ მაჩვენებლებს, რომელიც ბულგარეთს 2014 წელს ჰქონდა“, - აცხადებს არჩვაძე
კვლევების საფუძველზე და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, „ოქსფამმა“ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასები - ძალიან მაღალი. ამასთან, რეგიონში ძირითადი პრობლემა არის არა კვების უკმარისობა, არამედ ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს. ამასთან, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული საკვების 50%-ზე მეტი იმპორტირებულია და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების დონე ამ ორ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ რეგიონში ან განვითარებულ ქვეყნებში.
მთლიანი მოსახლეობის სამუშაო ძალას რაც შეეხება, 53% საქართველოში და 40% სომხეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი. სომხეთის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 64%, ხოლო საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 54% სურსათზე იხარჯება.
მეორე მხრივ, მსოფლიო ბანკის რეგიონალური ხელმძღვანელი მერსი ტემბონი ამბობს, რომ „საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დრამატულად ეცემა“. სიღარიბის შემცირებაზე გავლენას ინვესტიციების შემოდინება ახდენს.
„მთავრობამ უნდა გააგრძელოს დაკვირვებული მაკრო და ფისკალური პოლიტიკა. აქ მნიშვნელოვანია ეკონომიურობა. შემდეგ მოდის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ეკონომიკური დივერსიფიკაციის შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ერთ სექტორს პრობლემა შეექმნება, მას მეორე დააბალანსებს. საქართველოში გასაუმჯობესებელია სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ტექნიკური ცოდნა“, - აცხადებს მერსი ტემბონი.