რამდენად ისარგებლებენ ბანკები სესხების ჩამოწერის კანონით

რამდენად ისარგებლებენ ბანკები სესხების ჩამოწერის კანონით

ბანკების მიერ უიმედო სესხების ჩამოწერის კანონი უკვე დამტკიცებულია, მაგრამ მის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება. ერთია მიღებული ნორმა და მეორეა ბანკების ნება, რამდენდაც კანონი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებული კანონი საბანკო სექტორის პრობლემას შეუქმნის. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ფართო ანლიზის გაკეთება შეუძლებელია.

„ვფიქრობ, რომ ამის წინასწარ ფართო ანალიზი შეუძლებელია. უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება, მაგრამ არა მგონია, რომ მან პრობლემა შეუქმნას საბანკო სექტორს“, - განაცხადა ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა.

ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვადაგადაცილებულ, უიმედო სესხებს უკვე წლებია ვერ იხდიან და, ამავე დროს, მათ შესაბამისი ქონება და შემოსავალი აღარ აქვთ, შეეძლებათ მიმართონ შესაბამის კომერციულ ბანკს ვალდებულების ჩამოწერის თხოვნით.

კანონის მიხედვით, ეს შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტისაგან მიღებულ სესხზე ვადაგადაცილება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ. სესხის ჩამოწერის, შემთხვევაში ფიზიკური პირი და თავად ბანკი გადასახადებისგან თავისუფლდება. საუბარია ბანკისთვის 15%-იან მოგების გადასახადზე და საშემოსავლო 20%-ზე ფიზიკური პირისთვის.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მურთაზ კიკორიას თქმით, თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც ბალანსს გარეთ იწერება:

„არ მგონია, ამას დიდი გავლენა ჰქონდეს საბანკო სექტორის მდგრადობაზე. პატიება არის აქტი, რომელსაც უშუალოდ დაკრედიტებასთან კავშირი არ აქვს. არ მგონია, კანონით შესაძლებელი იყოს დავალდებულება. ეს იქნება, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბანკის გადასაწყვეტი, თუ რა უყოს მოგებას“, - აღნიშნა კიკორიამ და დასძინა, რომ ერთია კანონი, მაგრამ მისი რეგულირება არის ცალკე ტიპის სამუშაო, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

„ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე ბანკებთან შეთანხმებით მუშაობენ.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოწერა აპრიორი უნდა მოხდეს. თითოეული სესხი ბანკმა უნდა შეისწავლოს და, თუ არის იქ საშუალება, ბუნებრივია, ბანკი ამ ჩამოწერას გააკეთებს და თუ არ არის, არ გააკეთებს“, - განუცხადა გვასალიამ „ინტერპრესნიუსს“.

საქართველოს პარლამენტმა „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მომზადებული „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომელიც უიმედო ვალების პატიებას გულისხმობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ თავად ბანკი გადაწყვეტს ვის ეპატიოს სესხი და ვის არა.

„კრიტერიუმებს თავად ბანკი შეადგენს. ბანკს შეუძლია არ აპატიოს. თუმცა ამ მოტივების გამო, თუ ბანკს სურვილი ექნება, არ დაუჯდება ძვირად სესხის პატიება. თუ უიმედოა, ბანკისთვისაც არ არის კარგი, რადგან ბუღალტრულ აღრიცხვაში უწევთ გატარება და დარეზერვება“, - აცხადებს პროექტის ინიციატორი, დეპუტატი დავით ონოფრიშვილი.

არავინ იცის, რამდენ ფიზიკურ პირს შეეხება აღნიშნული ინიციატივა და ჯამში რა სავარაუდო ოდენობის უიმედო სესხი დაგროვდა 2014 წლის პრიველ იანვრამდე. კანონპროექტის ავტორის თქმით, ეს ბანკების მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.