საწვავის გაძვირებამ პერმანენტული სახე მიიღო

საწვავის გაძვირებამ პერმანენტული სახე მიიღო

მსოფლიოში ნავთობპროდუქტები უკვე იმ ნიშნულამდე გაძვირდა, რომ საქართველოში იმპორტიორებს გალაღების საშუალება მიეცათ. ბოლო პერიოდში საწვავი მეთოდურად მუდმივად ძვირდება. ფასის მატება უკვე თვალშისაცემია, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი შესამჩნევად არის გამყარებული. არ არსებობს იმის პირობაც, რომ ახლო მომავალში ბენზინი და დიზელი სტაბილურად ერთ ნიშნულზე გაჩერდება.

ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც ნავთობის მოხმარება და მასზე მოთხოვნილება ტრადიციულად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.

„საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, ფასების ზრდას ჩვენთანაც აქვს ადგილი, რის გამოც, 1 ლიტრი საწვავის ფასი, საშუალოდ, 12-15 თეთრით გაძვირდა. საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. რომ არა ლარის გამყარება და კონკურენციის ფაქტორი, გაძვირება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი კი თვლის, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი იმაზე მეტადაა გაძვირებული, ვიდრე უნდა იყოს. ამიტომ აუცილებელია ფასის კორექტირება და საწვავის გაიაფება.

„თუ გადავხედავთ მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ზრდა-კლება 1-1,5 დოლარის ფარგლებშია. მკვეთრი მატების ტენდენცია არ არის, მიმდინარეობს ჯანსაღი ვაჭრობა. იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე სერიოზული ცვლილება არაა, ეროვნული ვალუტა კი კარგა ხანია გამყარებულია და ბოლო პერიოდში ერთ დონეზეა, საქართველოში საწვავი მაინც 12%-ით არის გაძვირებული. თუ ჩვენ გავყვებით მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს და ავსახავთ მას ქართულ რეალობაში, ის აუცილებლად შემცირდება. ჯანსაღი კონკურენციისა და ჯანსაღი ოპერირების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს ფასის კორექტირება და საწვავი უნდა გაიაფდეს“, - განაცხადა ბაირახტარმა.

გარკვეულწილად მის აზრს იზიარებს ანალიტიკოსი ბექა კემულარია. მისი შეფასებით, საწავავის გაძვირება მხოლოდ საერთაშორისო ფასებით არ არის განპირობებული. ჩვენთან დიდ როლს თამაშობს კარტელური შეთანხმება და ბაზრის ხელოვნური კონტროლი.

„მსოფლიოში ნავთობის ფასმა მართლაც მოიმატა, მაგრამ ნავთობი მსოფლიოში ხან გაძვირდება და ხან - გაიაფდება. ეს მუდმივი პროცესია, ასევე ცვალებადია ლარის კურსიც, შესაბამისად, ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული ჩვენთან არსებული საწვავის ფასები, მაგრამ მთავარი მაინც კარტელში მონაწილე 5 კომპანიის ნებაა. ისინი მყისიერად მხოლოდ ნავთობის გაძვირებაზე რეაგირებენ, შემცირებით კი, ნაკლებად იწუხებენ თავს. ვფიქრობ, რომ ფასების ცვლილება, რომელსაც ქართულ ბაზარზე აქვს ადგილი, არც ამჟამად შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობას“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას კემულარიამ.

ანალიტიკოსის აზრით, ხშირად მცირე კომპანიებს უფრო რეალური ფასი აქვთ, ვიდრე მსხვილ ბრენდებს: „მომხმარებელი არ უნდა მოტყუვდეს იმით, რომ ვიღაცას „მომღერალი“ ან „მოცეკვავე“ საწვავი აქვს. მთავარია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ერთნაირია. ეს მაჩვენებლები დადგენილია ევროპაში და ჩვენთანაც მოქმედებს. ამიტომ, მომხმარებელმა იქ უნდა ჩაასხას საწვავი თავის მანქანაში, სადაც შედარებით იაფი ღირს“, - აცხადებს ბექა კემულარია.