ონლაინ სესხების გამოისობით ვითარება იმდენად იძაბება, რომ მის წინააღმდეგ უკვე საფინანსო სექტორიც თავგამოდებით ილაშქრებს. საქმეში, როგორც იქნა, ეროვნული ბანკიც ჩაერია. არადა, პრობლემას, რომელსაც ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები ქმნიან, სებ-მა ყველაზე უკეთ და ყველაზე ადრე იცის. თუმცა, სანამ მდგომარეობა საგანგაშო არ გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი მორიგ საფინანსო ჭაობში არ ჩაეფლო, არც მთავრობამ და არც ეროვნულმა ბანკმა ყური არ შეიბერტყა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ონლაინ სესხების რეგულირების მიმართულებით ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებას ცდილობს. ჯერჯერობით არც კონკრეტული ვადა სახელდება და არც შეზღუდვის რაიმე მექნიზმი.
„ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯებიც გადადგმული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. არის სხვადსხვა მოდელი - არის ქვეყნები, სადაც ეროვნული ბანკი აკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, არის ქვეყნები, სადაც მთავრობაა მარეგულირებელი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია რომ საუკეთესო პრაქტიკა შევიმუშავოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ონლაინ სესხებს, კაბალური პირობების გამო, ბევრი მოწინააღმდეგე საქართველოშიც ჰყავს. ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი ამ სფეროს რეგულაციაზეც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მუშავდება ახალი პროექტი, რაც ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების დარეგულირებას ეროვნულ ბანკს დაავალდებულებს.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ბიზნესიც აქტიურად მოუწოდებს მთავრობას ონლაინსესხები სფეროს რეგულირებისაკენ. კომპანია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ონლაინ-სესხების კომპანიებს პირველ რიგში, უძრავი ქონების დაყადაღება უნდა აეკრძალოთ, ასევე უნდა მოხდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაც. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ონლაინ-სესხებმა დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი შექმნა, რისი მიზეზიც კანონში არსებული ხარვეზებია.
„დღეს კანონში არის ცარიელი გრაფები, კომპანიებს საშუალება აქვთ საქმის დასრულებამდე სრულად დააყადაღოს მსესხებლის უძრავი ქონება, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ. ჩვენს კომპანიაში, იპოთეკური სესხის განაცხადების 60% ონლაინ სესხების გამოა აღებული. 100-ლარიანი სესხი ძალიან მალე 1000 ლარი ხდება, სასამართლო დავა კი, შესაძლოა, 2 წელი გაგრძელდეს. სანამ სასამართლო განიხილავს ამ დავას, საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ყადაღდება მსესხებლის ქონება, როგორც უძრავი ასევე მოძრავიც“, – ამბობს ნიკოლაიშვილი. მისივე თქმით, კარგი იქნება თუკი საქართველო სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს და ონლაინ სესხები კომპანიებს საცხოვრებელი სახლების დაყადაღებას აუკრძალავს.
„თუ სურთ უძრავ ქონებაზე წვდომაც, მივიდნენ ნოტარიუსთან, გააფორმონ ხელშეკრულება და შემდეგ გაფორმდეს სესხი. ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეძლებს ონლაინ-სესხის კომპანია იმას, რასაც ბედავს საქართველოში – აყადაღებს მოსახლეობის ქონებებს და სახლებს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.