არარეალური საშუალო ხელაფასი და არარსებული მინიმალური

არარეალური საშუალო ხელაფასი და არარსებული მინიმალური

მთავრობის წევრები დიდი სიამაყით აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საშუალო ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2012 წელს ეს მაჩვენებლი 700 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო ახლა 1000 ლარის დიაპაზონშია. რამდენად რეალურია საშუალო ხელფასის ცნება და მართლაც მოიმატა თუ არა ბიზნესის სხვადასხვა დარგებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურებამ და შესაბამისად, ცხოვრების დონემ?

სპეციალისტები მუდმივად მიუთითებენ, რომ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდა, ძირითადად, სახელმწიფო მოხეელებისა და კერძო სექტორში დასაქმებული დიდი თანამდებობის პირთა მაღალ ანაზღაურების დამსახურებაა. ჩვეულებრივ დაქირავებულებს კი ხელფასი მატება, როგორც წესი, არ ეხება. ის კი არა, საქართველოში ათასობით მოსამსახურე თვეში 100 ლარზე ნაკლებსაც კი იღებს.

სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 541,3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1506,9 მლნ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 %-ით მეტი ).

2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 922,4 ლარს გაუტოლდა (შარშანდელ შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 70,7 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა - 687,1 ლარი (წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 46 ლარით). საწარმოთა მოცულობის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია: მსხვილი ბიზნესი – 1092,2 ლარი, საშუალო ბიზნესი – 724,8 ლარი, მცირე ბიზნესი – 513,1 ლარი.

ქვეყანაში წლების განმავლობაში პრობლემაა მინიმალური ხელფასის ცნება, არადა ნორმალურ სახელმწიფოებში ეს ზღვარი მკაცრად არის განსაზღვრული და მასზე დაბალ ანაზღაურებას დაქირავებულს ვერავინ შესთავაზებს. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასაც, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მინიმალური ხელფასის გასაზრდელად.

„ჩვენ სპეციალური კვლევა ჩავატარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს საქართველოში აქვს საარსებო მინიმუმზე, ანუ 163 ლარზე ნაკლები ხელფასი, ხოლო 100 ლარზე ნაკლები - 25 ათასს. თვითდასაქმებულთა ხელფასებზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ბევრ მათგანს აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება. სამაგიეროდ, სახელმწიფო სექტორში აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასები და ეს ყველამ იცის“, - ამბობს გოჩა ალექსანდრია.

როგორც სააგენტო „ბიპიენს“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ავთო სილაგაძემ განუცხადა, საშუალო ნომინალური ხელფასის რაოდენობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორია ამ ფულის მსყიდველობითუნარიანობა.

„ჩვენ ქვეყანაში არ არის განსაზღვრული, ადამიანს რომ დაიქირავებ, რამდენი უნდა გადაუხადო. არსებობს ქვეყნები, სადაც 1 საათში ანაზღაურება არის 7 დოლარი, ზოგან - 10 დოლარია, ან უფრო ნაკლები... იქ ხელფასის რაოდენობას კანონი განსაზღვრავს, ამიტომ დამსაქმებელს არა აქვს უფლება დაქირავებულს ამაზე ნაკლები გადაუხადოს. მოწინავე ქვეყნებში არ შეიძლება ანაზღაურება მინიმალურ ხელფასზე ნაკლები იყოს. განსხვავებას ნომინალურ და რეალურ ხელფასს შორის საქართველოში სწორედ ამ მინიმუმის არარსებობა იწვევს. ამიტომ, ერთს შეიძლება ჰქონდეს 1000 ლარი, ხოლო მეორეს - 200, რის მიხედვითაც დგინდება სწორედ საშუალო ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი. ამიტომ, საშუალო ნომინალური ხელფასი ვერასოდეს ასახავს ყველას ხელფასს, რადგან ეს არის საშუალო მაჩვენებელი მაღალსა და დაბალს შუა“, - ამბობს ავთო სილაგაძე.