ფოთში საპროტესტო აქცია იგეგმება და ზოგადად ამ საპორტო ქალაქში დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. საქმე ისაა, რომ გადამზიდავი კომპანიებში დასაქმებულები ფოთის პორტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პორტის ადმინისტრაციის გადაწვეტილებით, შესაძლოა, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.
პირველი ივლისიდან ფოთის პორტი შესულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან. საუბარია დაახლოებით 15-მდე ტერმინალზე და ამდენივე გადამზიდავ კომპანიაზე. 4000-მდე ადამიანი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ გამაფრთხილებლი საპროტესტო აქცია შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა, ფოთი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვას.
ფოთის ლოგისტიკური კომპანიები პორტის მფლობელ “ეიფიემ თერმინალსის” მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ. როგორც გადამზიდავი კომპანია “ისთ გეიტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ამბობს, ივლისიდან “ეიფიემ თერმინალსი” აპირებს პორტში შემოსული ტვირთების აბსოლუტური მონოპოლიზება მოახდინოს და მხოლოდ მისი გავლით მოხდეს ტვირთების შემოტანა.
“უნდათ, რომ პირველი ივლისიდან გააჩერონ ყველა სხვა დანარჩენი ტემინალი. 3 წლის წინაც იყო ამის მცდელობა, მაგრამ შეჩერდა და ახლა ისევ განახლდა ეს საკითხი. ახალი დირექტორი დანიშნეს და დაიწყეს რადიკალური ღონისძიებები. უკიდურესად დაიძაბა ფოთში სიტუაცია. არა და არ ეშველა ამ საკითხს. სასამართლოები მოგებულია, ანტიმონოპოლიური მოგებულია. უზენაესამდე ავედით, იქაც მოვიგეთ და მეტი რა უნდა გავაკეთოთ?” - აცხადებს ირაკლი იაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება, რის გამოც მოსახლეობა, შესაძლოა, ქუჩაში გამოვიდეს.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც დაადგინა, რომ პორტში კონკურენციის შესახებ კანონი “ინლენდ კონტეინერ ტერმინალსის” სასარგებლოდ ირღვეოდა, მდგომარეობა ფოთში არ შეცვლილა.
კონკურენციის სააგენტომ გასული წლის მარტში გამოსცა ბრძანება სწორედ “ისთ გეით ჯგუფის” განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შემოსავლების სამსახური არღვევდა კონკურენციის კანონს კომპანიასთან მიმართებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახური უპირატესობის ანიჭებდა და ხელს უწყობდა მონოპოლიური მდგომარეობის შექმნაში შპს “ინლენდ კონტეინერ ტერმინალსს”.
“ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის” სამეთვაყურეო საბჭოს წევრის დავით დავითიძის ინფორმაციით, კორპორაცია ფოთის პორტმა უკვე განაცხადა, რომ მარტო მსუბუქი მანქანებით დატვირთული კი არა, ყველა კონტეინერი მათ ტერმინალში უნდა შევიდეს.
“26 მაისს ჯერ დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცეს და საღამოს ყველა ტერმინალს, ყველა გადამზიდავს გაუგზავნეს მეილი, რომ ფოთის პორტი მისი სახმელეთო ტერმინალების ინტეგრირებას აპირებს, ამიტომ 1-ლი ივლისიდან დაწესდება კომბინირებული ტარიფი, რომელიც ორივე მომსახურების ჯამს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ კონტეინერებს მხოლოდ პორტი მიიღებს და მათი გაყვანაც პორტის ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი, ანუ “ინლენდ კონტეინერ ტერმინალიდან”, რომელიც 100%-თ ფოთის პორტის მიერ დაფუძნებული ტერმინალია.
მოკლედ, ვირეშმაკობენ და გასდით, რადგან ფინანსთა სამინისტრო თავისუფალი კონკურენციის პირობებს სათანადოდ ვერ იცავს. ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ, ღია წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას და კონკურენციის სააგენტოს და მოვითხოვეთ შესწავლილ იქნას კორპორაცია “ფოთის პორტის” ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ სამართლებრივი გზით მოგვარდეს პრობლემა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ვერ, თუ არ აგვარებს”, - აცხადებს ტერმინალ “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის” სამეთვაყურეო საბჭოს წევრს დავით დავითიძე.