გაზსაცავის მაშენებელი დღე-დღეზე გაირკვევა

გაზსაცავის მაშენებელი დღე-დღეზე გაირკვევა

სამგორის გაზსაცავის ირგვლივ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველში მიწისქვეშა საცავის მშენებლობა, შესაძლოა, ამ წლის სექტემბერში დაიწყოს. მეზობელი ქვეყნის სააგენტო ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მშენებელი კომპანიის შესარჩევი ტენდერის შედეგები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

გაზსაცავში, 230-დან 250-მდე მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღისათვის მთლიანი წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს. მთავარი მიმწოდებელი იქნება აზერბაიჯაბის სახელმწიფო სანავთობო კომპანია, რომელიც გაზსაცავის მშენებლობის ტენდერშიც მონაწილეობს. პროექტის მიმართ ინტერესი გამოთქვა ჩინურმა კორპორაცია „ჰუალინგმაც“.

საქართველოში გაზსაცავის აშენება სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე იგეგმება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში, ბუნებრივი აირის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, რომ გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მაისში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით კორპორაცია არ ახმაურებს თუ ვის ანდობენ საცავის აშენებას.

აზერბაიჯანელებმა არაერთხელ დააფიაქსირეს სურვილი, რომ სურთ მონაწილეობა მიიღონ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაში. „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორი მაირ მამედოვი მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია არაა და კომპანია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს ელოდება.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ამ პროექტში ჩავერთოთ, - იქნება ეს მინორიტარული თუ მაჟორიტარული მფლობელობა. ბოლო სიტყვა მთავრობაზეა“, - განაცხადა მამედოვმა.

ქართველი სპეციალისტები მიუთითებენ, რომ სტრატეგიული ობიექტის საკონტროლო პაკეტი უპირობოდ სახელწიფოს ხელში უნდა დარჩეს. ენერგეტიკოსის, გია არაბიძის აზრით, სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ თანხის ნაწილი მაინც მოიძიოს ან კრედიტი აიღოს. მთავარია, საკონტროლო პაკეტი მის მფლობელობაში დარჩეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და სახელმწიფომ უნდა მართოს. სხვა ვარიანტებს არ ვიცნობ და ამაზე არც მიფიქრია“, - ამბობს არაბიძე.

პრინციპში ასეთ პოზიციას იზიარებენ მთავრობაშიც, თუმცა სხვაგვარ ვარიანტსაც არ გამოირცხავენ.

„შეიძლება საკონტროლო პაკეტი არავის ჰქონდეს და ნეიტრალური მენეჯმენტი შეიქმნას, დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს სახით და ყველა იყოს მინორიტარი აქციონერი. რა თქმა უნდა, აქციონერთა შეთანხმება ამას დაარეგულირებს. სამართლებრივ ფორმატზე საუბრები ჯერ კიდევ მიდის“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და აღნიშნაბს, რომ საქართველო პროექტში „სოკარის“ ჩართვით დაინტერესებულია, თუმცა ახალი სამართლებრივი რეალობა გარკვეულწილად შეზღუდვას აწესებს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს. იგი ამბობს, რომ პროექტში მინიმუმ 50-60 მილიონი დოლარი აქციონერებმა უნდა ჩადონ, დანარჩენი კი, სესხი იქნება.