(იბეჭდება შემოკლებით)
ევროპის პირველი ჩემპიონატი (იმ დროს "ევროპის თასი" ერქვა) 1960 წელს ჩატარდა და დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული ფორმატიც ჰქონდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა და საფრანგეთში ჩატარებული ტურნირი საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფით დამთავრდა!
გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა: გივი ჩოხელმა, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა (ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა).
1964 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა კვლავ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ესპანეთთან წააგო - სამწუხაროდ, ამჯერად ქართველ ფეხბურთელებს ფინალურ ეტაპზე არ უასპარეზიათ.
სამაგიეროდ, 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი გაემგზავრა: ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია, თუმცა არც ნახევარფინალში (იტალიასთან) და არც მესამე ადგილისათვის მატჩში (ინგლისთან) ამ ოთხეულს თამაში არ მოუწია.
განსხვავებული სიტუაცია იყო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ბელგიამ რომ უმასპინძლა: ნახევარფინალში უნგრელების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, ხოლო გივი ნოდია მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.
ძოძუაშვილმა და ხურცილავამ ფინალური მატჩიც შეუცვლელად ჩაატარეს, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მართლაც უძლიერეს ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ფრანც ბეკენბაუერთან, გერდ მიულერთან, პაულ ბრაიტნერთან, ული ჰიონესთან, გიუნტერ ნეტცერთან და იუპ ჰაინკესთან ერთად რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავაც მოხვდნენ! და კიდევ: მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ!
აი, ამის შემდეგ კი დღემდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს უთამაშია: თენგიზ სულაქველიძეს (1988 წელს), კახა ცხადაძეს, ახრიკ ცვეიბას (1992 წელს) და ომარ თეთრაძეს (1996 წელს).