წელს ეკონომიკა მინიმუმ 4%-ით გაიზრდება

წელს ეკონომიკა მინიმუმ 4%-ით გაიზრდება

ქართველი ანალიტიკოსები წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. უცხოელები, უფრო ფრთხილობენ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დადებით შეფასებას აძლევენ. რეგიონშიც ჩვენი ქვეყანა ყველაზე წარმატებულად გამოიყურება.

„ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ მიმდინარე პროგნოზით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ლარის კურსის გამყარება, ინფლაციის მაჩვენებლის შემდგომი შემცირება და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება. სავარაუდოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩეს მიზნობრივ მაჩვენებელს (5%) და მიუახლოვდეს ნულს.

„2016 წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ზრდას ელოდება (ბიუჯეტი ამ მაჩვენებლითაა დაგეგმილი), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 3.4%-ია, ჩვენი გაანგარიშებით კი 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებში იქნება“, - აცხადებენ ეკონომიკური კვლევის ცენტრში.

ქართველი ანალიტიკოსების პათოსს ჯერჯერობით არ იზიარებენ უცხოელი ექსპერტები. მაგალითად, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,4% იქნება, ნაცვლად იანვარში ნავარაუდევი 2,9%-სა.

„გლობალური ეკონომიკა მყიფეა, ზრდა - სუსტი, თუმცა მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში არ არის. ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა აიჰან კოუზმა.

რა შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკისთვის ის უცვლელია. ისევე როგორც იანვარში, ბანკი ახლაც 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2017 წელს - 4,5%-იანს, 2018 წელს კი - 5%-იანს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო, კვარტლის მონაცემებით - 2,8%. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია ამ მონაცემებით და შენიშნავს, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და ვითარების სტაბილიზაციას უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მშპ-ს ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა, სადაც აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სუვერენული დაფინანსების მქონე პროექტების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით და კერძო სექტორის აქტივობის მხრივაც. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში არის ის, რომ აღინიშნება ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა ლარის კურსის დასტაბილურებასა და გამყარებასთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 5 თვეში, საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა და ასევე პოზიტიურია ხარჯვის წილი, რაც აქამდე პრობლემური იყო.

პრემიერის დამოკიდებულებას აბსოლუტურად იზიარებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება, რადგან ტრადიციულად, ზაფხულის თვეებში ზრდა უფრო მეტია, ვიდრე წლის დასაწყისში. მოგეხსენებათ, ჩვენთან დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის ტურისტული სეზონი, შესაბამისად, გააქტიურდება ადგილობრივი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის წარმოებაც. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება როგორც დასაქმებაზე, ასევე ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე და მთლიანად ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

„გალთ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არჩილ გაჩეჩილაძეს ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სავსებით რეალურად ეჩვენება. აღსანიშნავის ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს.

„ეკონომიკურად ძალიან კარგი ტენდენციები შეინიშნება. რეგიონალურ ჭრილში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესად ვართ. სხვაგან არ არის ამხელა ზრდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში უკეთესი სისტემები არსებობს. რაც შეეხება პერსპექტივას, ჯამში, ველოდებით თითქმის 4%-ის ფარგლებში ზრდას ან ცოტა უფრო მეტსაც. როგორც „გალთ ენდ თაგარტმა“ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ზუსტად იმ ტენდენციით მიდის პროცესი, რისი მოლოდინიც გვქონდა. რეგიონში არის სტაბილიზაცია, საქართველო განსაკუთრებით კარგად სარგებლობს ამ მომენტით“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.