ინვესტორებს არჩევნები არ აშფოთებთ

ინვესტორებს არჩევნები არ აშფოთებთ

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედვად იმისა, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, როგორც ჩანს, უცხოელი ინვესტორებისთვის ეს სულაც რა არის დაბრკოლება. ისინი ქვეყანაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელიან.

სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 36%-ით, მეორე ადგილზეა - თურქეთი 15%-ით, ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო - 12%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო დარგი 58 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ აშშ დოლარით.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, შესაბამისად, მოლოდინიც პოზიტიურია.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში, ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად, წელს გვექნება ძალიან კარგი მონაცემები. ამ ყველაფრის დამადასტურებელი, რა თქმა უნდა, პირველი კვარტალის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია“, - განმარტავს ქუმსიშვილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ საგარეო ინვესტიციების ამსახველი ახალი მონაცემები მნივნელოვანია, რაც სამომავალოდ ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს. მისი ინფორმაციით, 2016 წლის 1-ელ კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში 44%-ით გაიზარდა, რაც პრემიერის შეფასებით, განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით როგორც სახელმწიფო სექტორში (ავტომაგისტრალები, შიდა გზები, ჰიდროელექტროსადგურები), ასევე კერძო სექტორში (მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებლების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით).

„ბოლო თვეებში უკვე აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი აქსელერაცია, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და უკეთეს მოლოდინს უკავშირდება“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულშიც ვერ მოხვდა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 376 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში არიან აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კუთხით 2015 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთი მეშვიდე პოზიციაზე იყო და აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში წინასწარი მონაცემებით, 49 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 9 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა რუსეთიდან 2015 წლის მესამე კვარტალში, მეორეში კი - 6 მილიონის.

მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რუსული თემით აპელირებს და ხელისუფლებას ჩრდილოელი მეზობლისადმი ლოაილურობაში ადანაშაულებს. ენერგეტიკის თემაზე გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ნაცმოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს პრემიერს სწორედ ამ კითხვით მიმართა.

გიორგი კვირიკაშივლი კი ამბობს, რომ „წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს“. რაც შეეხება „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საკითხს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარეობდა ტექნიკური სახის მოლაპარაკება, 40%-ით გაზრდილი ენერგეტიკული მოთხოვნის შესავსებად, რომელიც „სოკართან“ გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე შეთანხმებით დასრულდა. დღესდღეობით ეს „ბრითიშ პეტროლიუმის“ მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ენერგეტიკული ინვესტიციები ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს და ისეთი პროექტების სტრუქტურირებას, როგორიც არის მაგალითად 1-მილიარდიანი პროექტი „ნენსკრა“, გარკვეული დრო სჭირდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ამჟამად განხორციელების პროცესშია, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებას და ცალკეულ მნიშვნელოვან პროცედურებს წელიწად-ნახევარზე მეტი დასჭირდა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „ტატა კონსორციუმის“ შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა მასთან მოლაპარაკებებსაც, ვინაიდან პროექტი, რომელსაც ის ახორციელებს, 2012 წელს მიტოვებული იყო და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ინვესტორის უკან დასაბრუნებლად.

ექსპერტები პირველი კვარტალის საინვესტიციო მონაგარს მნიშვნელოვანს უწოდებენ.

მიხეილ დუნდუა განმარტავს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის საიმედო ქვეყანაა, შესაბამისად, მიმდინარეობს ვალებიდან ინვესტიციებისკენ სვლა.

„მნიშვნელოვანი წილი მოდის სესხის კაპიტალიზაციაზე, რაც არის გზა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკისკენ, როცა სასესხო მოცემულობა გარდაიქმნება საინვესტიციო დაინტერესებად და მოცემულობად. სწორედ ესაა განვითარების მახასიათებელი. ინვესტორები რწმუნდებიან, რომ საქართველო საიმედო ქვეყანაა და სესხის ნაცვლად, უკვე მის კაპიტალიზაციას, ინვესტირებას, ფიქსირებას ახდენენ ეკონომიკაში.

ასე რომ, მიმდინარეობს ვალებიდან ინვესტიციისკენ სვლა, ხდება სესხის კაპიტალიზაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების გაორმაგება. ეს დადებითი ტენდენციაა“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.