სვებედგაზიარებულები

სვებედგაზიარებულები

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ შევიტყვეთ, რომ თსუ-ის ყოფილმა რექტორმა გია ხუბუამ თსუ-ის პროფესორის თანამდებობა ვერ დაიკავა.

ამ უკანასკნელს, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჰქონდათ შეტანილი განაცხადი. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ ისინი დაიწუნა. სხვათა შორის, ბ-ნი ხუბუას ბედი გაიზიარეს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ; ყოფილმა გენპროკურორმა გია მეფარიშვილმა, ასევე, სემეკის იურისტმა კახი ყურაშვილმა და კიდევ რამდენიმე სხვამ.

ამ ზემოჩამოთვლილთათვის სამწუხარო ფაქტის მიუხედავადაც, მართალია, ბ-ნ ხუბუას თსუ-ის კედლები დაატოვებინეს, მაგრამ, მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო („შესავალი სამართალმცოდნეობაში“) დაიტოვეს (თანაც, განა, მხოლოდ თსუ-ში, ყველგან, სადაც კი იურიდიული ან მასთან მიმსგავსებული ფაკულტეტია. აქვე გეტყვით, რომ ეს სახელმძღვანელო პირველკურსელთათვისაა განკუთვნილი). მოარული ხმებით, ამ საგანში სხვა სახელმძღვანელო არ არსებობს (ბუნებრივია, ქართულ ენაზე), თუმცა, თუ ერთხელ მაინც გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ მას ქართულისა არაფერი სცხია (სამართალმცოდნეობასთან კავშირზე პირადად მე ვერაფერს მოგახსენებთ). დამაჯერებლობისთვის მომყავს ციტატა სახელმძღვანელოდან: „უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დასრულდეს (სამართლებრივი უსაფრთხოება), ვიდრე ის, რომ მას ჰქონდეს სამართლიანი და მიზანშეწონილი დასასრული. მართლწესრიგის ყოფიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სამართლიანობა და მიზანშეწონილება… უმართლობა არის არა სამართლის ნეგაცია (უარყოფა), არამედ სამართლის პირობა, ადამიანის ქცევა მხოლოდ იმიტომ შეიძლება, იყოს უმართლო, რომ პოზიტიური მართლწესრიგის თანახმად, უმართლობა არის იძულებითი აქტის განხორციელების პირობა (თქვენ თუ ამის შინაარსი გაიგეთ, არც მე გამომაპაროთ!)“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, იქნებ, ჯობდა, პირიქით მოქცეულიყვნენ: ბ-ნი ხუბუა დაეტოვებინათ და სახელმძღვანელო შეეცვალათ?! მეორე მხრივ, არაოფიციალური სტატისტიკით, პირველკურსელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ საგანს ვერ აბარებს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დამატებითი გამოცდა უმაღლესი სასწავლებლისთვის დამატებითი შემოსავალია, არც ისაა გამორიცხული, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოსაც ფულის საჭრელი დაზგის ფუნქცია ჰქონდეს.