გონებაგანათებულთა ტივტივი

გონებაგანათებულთა ტივტივი

მართალია, ერთ დროს ისე იყვნენ, პრეზიდენტს რომ თვალში ჩავარდნოდა, ხელს არ ამოისვამდა და პირიქით, მაგრამ, აწ კი მათი გზები გაიყარა. ქ-ნი ვერულაშვილი თუმცაღა პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველს ამუნათებდა – თუ „ქართულ ოცნებას“ მისცემთ ხმას, 105 წლის ქალი რაა, ისიც კი ვერ გადაურჩება ნამუსის ახდას რუსი ჯარისკაცის ხელიდანო, მაგრამ, შემდეგ, როგორც ჩანს, გონება გაუნათდა (ვითომ ეს ის შემთხვევაა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო?!).

ჰოდა, რაკი გაუნათდა (იმისდა მიუხედავად, რა შემთხვევაა), იგიც დამოუკიდებელ დეპუტატთა (ანუ, აწ უკვე გონებაგანათებულთა) რიგებს შეუერთდა – აი, მათ, „ნაცმოძრაობის“ სიით რომ მოხვდნენ მერვე მოწვევის პარლამენტში და შემდეგ უგანეს.

ხოლო, ვინაიდან გონებაგანათებულნი (მთლად სამასნი თუ არა) ექვსნი არიან, ფრაქციის შექმნასაც ფიქრობენ. კერძოდ, ქ-ნი ვერულაშვილი შენიშნავს (მომყავს ციტატა):  „ლოგიკურია საუბარი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ, რადგან, ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი გაჩნდა. სავარაუდოდ, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილი არაფერია.“

მოარული ხმებით (რაც უკვე შესაძლოა, რეალობად იქცეს იმ წამს, როდესაც თქვენ ამას კითხულობთ), ფრაქციის თავმჯდომარეობა შეიძლება, სწორედაც რომ, ქ-ნ ვერულაშვილს ერგოს, რაც ამ უკანასკნელის პოლიტბიოგრაფიისა და ზემოთქმულის (თვალში ჩავარდნას ვგულისხმობ) გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდილ ჭეშმარიტებას: მთავარია, ერთხელ შეცურო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკის ზღვა მაქვს მხედველობაში) და სულ იტივტივებ.