საქართველოში დასაქმების ზრდასთან ერთად მომატებულია საშუალო ხელფასის ოდენობაც. ოფიციალური სტატისტიკა ხშირად რეალობას არ ესადაგება. ამჯერადაც უფრო მეტად გაუმჯობესებულია ეკონომიკური პარამეტრები, ვიდრე უშუალოდ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი.
2016 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა 5.9%-ით და აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ 3 თვეში ბიზნესმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა.
სწორედ ამ მაჩვენებლებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი-მინისტირ გიორგი კვირიკაშვილი და აღნიშნა, რომ ამგვარი სტატისტიკური მონაცემების ხილვა სასიხარულოა. მისი თქმით, სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის სექტორშია, რაც მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.
„გარდა ამისა, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სამშენებლო სექტორში. პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით, როგორც სახელმწიფო სექტორში (ავტომაგისტრალების, შიდა გზების, ჰიდროელექტროსადგურების), ასევე კერძო სექტორში (მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელი შენობების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების) მიმდინარე მშენებლობა-რეკონსტრუქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით, რაც 2016 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა. 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობაც.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 70,7 ლარით გაიზარდა. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასმა 922,4 ლარს მიაღწია. მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო ხელფასები.
თუ მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასი 1092,2 ლარია, საშუალო ბიზნესში 724,8 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში – 513,1 ლარი.
სხვათა შორის, ეს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელია, თუმცა სპეციალისტებს ეჭვის ეპარებათ, რომ აღნიშნული მატება ქვედა რგოლებში ანაზღაურების ზრდით იყოს განპირობებული.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენ ადამიანს გაეზარდა ხელფასი, რადგანაც საშუალო სტატისტიკური ზრდა, შესაძლოა, გამოეწვია ტოპმენეჯერების ხელფასების მატებას.
„მნიშვნელოვანია არა საშუალო ხელფასი, არამედ მედიანა. საშუალო ხელფასი შეიძლება ტოპმენეჯერების ხელფასების ზრდის ხარჯზე გაიზარდოს. ამიტომ ასე ცალსახად ეს რიცხვი არაფერს გვეუბნება. ეს შეიძლება იყოს არა ეკონომიკური ბუმის ბრალი, არამედ ინფლაციის გამო დამქირავებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - აცხადებს „კომერსანტთან“ გიგლა მიქაუტაძე.
კითხვაზე, სმენია, თუ არა რომელიმე კომპანიაში ინფლაციის გამო ხელფასების გაზრდის შესახებ, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს. „ჩვენ 700 ათასი დასაქმებულიდან 500 ათასი გვყავს ადამიანი, რომელსაც დაახლოებით 500 ლარი აქვს ხელფასი. აქ თუ არის ზრდა, სწორედ ამის შეფასება იქნებოდა საინტერესო“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.