გვექნება თუ არა ახალი ტურისტული რეკორდი

გვექნება თუ არა ახალი ტურისტული რეკორდი

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე 10 დღეა გაიხსნა. მართალია საზღვაო კურორტებზე დამსვენებლები ჯერ არ ჩანან, მაგრამ ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების სიჭარბეა. რაც დროს გადის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ხდება.

განსაკუთრებით აქტიურობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო, ვეღარ ახერხებენ ეგვიპტის, თურქეთისა თუ სხვა უფრო ძვირად ღირებული ტურისტული ქვეყნების მონახულებას.

მაისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, თითქმის 205 ათასი შეადგინა, ზრდა კი 24.3 პროცენტია. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, რომელიც ტურისტებისა და საქართველოში ტრანზიტული თუ სხვა ტიპის ხანმოკლე ვიზიტებით მოგზაურთა ერთობლიობას შეადგენს, ის 2016 წლის პირველ 5 თვეში 2 მილიონ 100 ათასს გადასცდა, ზრდის მაჩვენებელი კი 15 პროცენტზე ოდნავ მეტია.

ამ მონაცემებით თავს იწონებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე: „ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ შევქმენით მთელ მთავრობასთან ერთად საქართველოში ტურიზმის რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, უკვე 1 წელიწადზე მეტია გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიურად იზრდება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში და ეს აისახება იმ დამატებით შემოსავლებში, რომელიც ქვეყანაში შემოდის და იმ დამატებით სამუშაო ადგილებში, რომელსაც ტურიზმი ქმნის“, - აცხადებს ჩოგოვაძე.

კიდევ უფრო მეტ წარმატებაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა.

„ტურისტების, ანუ მათი, ვინც 24 საათი და მეტი რჩება საქართველოში 24.3%-იანი ზრდაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან. ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, რომ დადებითი ტენდენციაა.

ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მლრდ დოლარი შეადგინა და ზრდა 8.3% იყო. ეს 149 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანლოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე მატულობს ტურიზმის წილი მთლიან შიგა პროდუქტში და 16.2%-ით გაიზარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიზიტორების მზარდ ტენდენციას დადებითად აფასებენ ექსპერტებიც. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ირინა გურული რადიო „თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ტურიზმის ზრდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უცხოური სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით - განსაკუთრებით, სავალუტო რყევის ფონზე:

„ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს. ცხადია, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო ლარის გამყარებისა იმ პროცესში, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში დაფიქსირდა“, - აღნიშნა გურულმა.

ეკონომისტ ლევან კალანდაძის შეფასებითაც, ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის მატება ამ კუთხით ზრდას უწყობს ხელს და უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ შემდგომ წლებში ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მაღალი ზრდა გვექნება.

ტურიზმის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.7 პროცენტს შეადგენდა, 2015 წლის მონაცემების მიხედვით. მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭოს 2016 წლის ანგარიშის თანახმად, მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუციის მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილზეა, ხოლო, მთლიანი წილის მიხედვით, 25-ეზე მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის.