ალბათ, სიმბოლურია, რომ წინასაარჩევნო პროცესის გახსნას წინ უძღვოდა ისეთი საინტერესო მოვლენა, როგორიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრა გახლდათ. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავლის შემდეგ მედიასთან დისტანცირებული იყო, თუმცა სავარაუდოდ, რაკი ის მმართველი ძალის არაფორმალურ ლიდერად აღიქმება, ასეთ შეხვედრებს წინასაარჩევნო პერიოდში სულ უფრო ხშირადაც უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ ის არც მალავს მმართველი პარტიისადმი საკუთარ მხარდაჭერას...
რა მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საზოგადოებამ და სავარაუდოდ, რამდენად მწვავე და დაძაბულ საარჩევნო პროცესებს შეიძლება ველოდეთ, ამ თემაზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
ივანიშვილის გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი ბოლო სატელევიზიო გამოსვლა იყო გაწონასწორებული, პასუხისმგებლობით სავსე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი პრაქტიკულად დაწყებულია, შეიძლება თუ არა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მივიჩნიოთ?
- ივანიშვილი გადადგომის შემდეგ მუდმივად ცდილობს საზოგადოებასთან ურთიერთობას, მუდმივად ჩართულია საზოგადოებრივ პროცესებში - ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობის ფორმად უნდა მივიჩნიოთ. მეორე მხრივ, თუ საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა აზრი, რომ მისი პრესკონფერენციები არის წინასაარჩევნო კამპანია, ასეც რომ მოვნათლოთ, სავსებით ნორმალურია, რადგან ყველგან პოლიტიკური პიარის წარმოებისას საზოგადოებასთან ურთიერთობა განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში.
თუმცა ამ მოსაზრებას ბოლომდე არ ვიზიარებ, ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში და იგივე, ჟურნალისთებთან ურთიერთობაში. გავიხსენოთ, თუნდაც მისი პროექტი 20/30 - მისი იდეა საზოგადოებასთან ურთიერთობა იყო, სხვა მედიასაშუალებებსაც ხშირად აძლევდა ინტერვიუებს, საკმაოსდ მწვავე კითხვებსაც ხშირად უსვამდნენ, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა და ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილი გათიშული იყო საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან.
ბუნებრივია, რომ აქტიურობის ტემპი მეტი იქნება წინასაარჩევნო პერიოდში, მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს წარმოადგენს საზოგადოებრივ ლიდერს. ბიძინა ივანიშვილი არის ყოფილი მმართველი და ის, როგორც ყოფილი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი და მმართველი პოლიტიკური გუნდის შემქმნელი, ასევე საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი ფიგურა, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივ ლიდერად და მუდმივად ცდილობს საკუთარი მოსაზრებების გასაჯაროებას.
ის საკმაოდ ბუნებრივად გამოხატავს საკუთარ პოზიციებს - თქვა კიდეც, რომ სანამ ის ხედავს, რომ მისი მოსაზრებები აინტერესებს საზოგადოებას, მანამდე დარჩება საზოგადოებრივ ასპარეზზე და როცა დაინახავს, რომ ინტერესი გაქრა, აღარ შეგაწუხებთ საკუთარი თავითო.
შეიძლება ეს გავიგოთ გზავნილად, რომ საზოგადოების ნება იქნება უზენაესი და საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაქსიმალურად დემოკრატიულად?
- ერთი მხრივ ის, როგორც მოქალაქე, საზოგადოების წევრი, გამოხატავს საკუთარ პოზიციას, მაგრამ მეორე მხრივ ცდილობს, მუდმივად იყოს მედიაციის რეჟიმში. დაახლოებით იმ ფუნქციას კისრულობს საზოგადოებრივი ლიდერის სახით, რასაც ამჟამინდელი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს - გვევლინებოდეს ზეპარტიულ სუბიექტად, მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი პოზიცია პარტიებთან მიმართებაშიც გააჩნია.
ივანიშვილი არ ცდილობს, სხვის ნაცვლად ილაპარაკოს, ის გამოთქვამს საკუთარ აზრს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც სრულ თავისუფლებას უტოვებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
ამიტომაც იქმნება წინაპირობა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ნაკლები დაძაბულობით ჩატარდეს და არჩევნებმაც მშვიდ გარემოში ჩაიაროს, მაგრამ ბუნებრივია, მხოლოდ წინაპირობები და ივანიშვილის პათოსი არ იქნება ამისთვის საკმარისი.
კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დიდი ხანია, აქტუალობას არ კარგავს ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო პოზიცია გამოხატა - მან განაცხადა, რომ ის გახდება ფინანსური გარანტი, რომ არჩევნებამდე „რუთავი2“-ის მენეჯმენტი არ შეიცვალოს - ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენებათ?
- ამ თემას აქვს ორი ნაწილი, მე, ალბათ, ერთ-ერთი გამოკვეთილი პირი ვარ, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობ, რომ „რუსთავი 2“-ში რაიმე ხელოვნური ცვლილება ხელისუფლების ინტერესში არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს, რადგან „რუსთავი2“-ის მუშაობა შეიძლება ხელისუფლების „სასარგებლოდ“ უფრო იყოს გამოყენებული.
ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს „რუსთავი 2“- ის საინფორმაციო პროპაგანდა, ის შეიძლება იყოს ყურებადი, მაგრამ საზოგადოების ნდობა მისადმი არის მინიმუმამდე დასული და მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების აქტივისტებამდე დაყვანილი. ამიტომაც, ხელისუფლებისთვის მისი არსებობა უფრო მნიშვნელოვანია.
ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ მისი არსებობა ამ ხელისუფლებას გამარჯვებაში უფრო დაეხმარებაო, რადგან ცნობილია „რუსთავი 2“ რას ამბობს და - რატომ. მეორე მხრივ, ადამიანი ცდილობს გარანტორადაც კი დაუდგეს მის მტერს და დაეხმაროს, სიტუაციის გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში შეუნარჩუნოს დღევანდელი სახე.
სიმართლე გითხრათ, ამაში ივანიშვილს ბოლომდე არ დავეთანხმებოდი, ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის და სპეციალისტის, რომ „რუსთავი 2“ ცალსახად არ ეკუთვნის იმ მფლობელებს, რომელიც მას დღეს ჰყავს - ეს პოზიცია აქვს საქართველოში ყველას და ტელეკომპანია უნდა დაუბრუნდეს უფრო მეტად სამართლიან მფლობელებს.
მაგრამ რაკიღა ეს საკითხი ხელოვნურად გამწვავების დონეზეა, ამიტომაც ივანიშვილი როგორც ჩანს, ცდილობს, რომ თუნდაც ამჟამინდელ მენეჯმენტს დაუდგეს გვერდით, ოღონდ მეტი სიმშვიდე იყოს და არ გამოიწვიონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
ჩვენ ვიცით, რომ „რუსთავი 2“ მაქსიმალურად ცდილობს ანტისახელმწიფოევბრივ, დესტრუქციულ პროცესებს შეუწყოს ხელი. ამიტომაც იკავებს ივანიშვილი მათ მხარეს. თუმცა მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესი აქამდეც უნდა დასრულებულიყო იმითი, რომ მინიუმუმ, უკანონო მფლობელებისგან გაეთავისუფლებინათ. როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე ბევრად ძვირფასია.
საქართველოში უმეტესობამ კარგად იცის, რაც ხდება ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში, მაგრამ ამას სხვაგვარად აღიქვამს დასავლეთი, ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა ღიად განაცხადა, რომ ყველა პარტიას აქვს მედიასაშუალების ფლობის უფლება...
- სწორი პოზიციაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „რუთავი 2“ არის წართმეული ტელევიზია. სრულიად ვეთანხმები დასავლელ პარტნიორებს, რომ სრულად უნდა იყოს შენარჩუნებული პლურალისტური გარემო. მაგრამ „რუსთავი 2“ ისევე უკანონოდ არის ხელში ჩაგდებული ამჟამინდელი მფლობელებისა და მენეჯმენტისაგან, როგორც თავის დროზე იყო ტელეკომპანია „იმედი“- ამაზეა ლაპარაკი, თორემ ამ შეხედულებებს ყველა ვიზიარებთ.
დასავლეთი არ ამბობს რომ „რუსთავი 2“ თავის დროზე წართმეული ტელეკომპანიაა - ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ...
- დასავლეთი ყოველთვის ცდილობს ფრთხილი პოზიცია შეარჩიოს, ის არც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ცდილობს, მოვლენების სახელის დარქმევისგან თავი შეიკავოს. ის პირველ რიგში, რისკ-ფაქტორებზე საუბრობს და მათ განცხადებებს ზოგადი სარეკომენდაციო ხასიათი აქვს-ხოლმე.
დასავლეთი ცალსახად არ იჭერს ხალვაშის და დვალის მხარეს და ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ საკმარისად ინფორმირებულები არ არიან. არ არის სათანადოდ ნამუშევარი იმ მიმართულებით, რომ მათ აჩვენონ, რა არის მთავარი პრობლემა - არა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაა, არამედ ის, რომ უკანონოდ ხელში ჩაგდებული ტელეკომპანიაა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით.
ამერიკის ელჩი მაინც შორს არ არის და შეიძლებოდა მისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება...
- არ მუშაობენ საკმარისად, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ ყველა, ვინც ამ თემაზე უნდა მუშაობდეს საკმარისად მოწადინებულია. ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობენ სუბიექტები, რომელთა ინტერესი არ იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებთან. ამერიკის ელჩის აქ ყოფნაც საკმარისი არ არის, თანაც ამერიკის ელჩი - ამერიკის ელჩია და დასავლეთი - დასავლეთი.
დღეს ოფიციალურად გაიხსნა საარჩევნო პროცესი, მაჟორიტარები უკვე იწყებენ რეგიონებში გასვლას, ამომრჩეველთან მუშაობას. თუ არის შესაძლებელი პროგნოზირება, დაახლოებით რა ტიპის ექსცესებთან შეიძლება გვქონდეს საქმე თუ შედარებით მშვიდი პროცესი იქნება?
- პროვოკაციებს და გამწვავებებს დრო და დრო უნდა ველოდოთ. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - იმ რეგიონებში, სადაც საზოგადოების განწყობა არის გადანაწილებული ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრზე, შედარებით სიმშვიდე იქნება.
იმ რეგიონებში, სადაც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებობს შედარებით სოლიდური დადებითი პოზიცია, და არის სამეგრელოში რამდენიმე ასეთი რეგიონი, იქაც სიმშვიდე იქნება. სადაც „ქართული ოცნების“ მიმართაა ასეთი განწყობა, იქაც სიმშვიდეა მოსალოდნელი.
პრობლემა გაჩნდება იქ, სადაც ორი აქტორი იქნება მნიშვნელოვანი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვების მიმართ უფრო ნაკლები დადებითი დამოკიდებულება დაფიქსირდება. ანუ სადაც ამ ორ ძალას შორის ბალანსი იქნება შედარებით თანაბარი. კორცხელის ინციდენტშიც გადამწყვეტი იყო მხოლოდ 10-12 ხმა. ანუ, სადაც ძირითადი მოთამაშეები იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, იქ უნდა ელოდეს სახელმწიფო დაძაბულობას.
სახელმწიფოსთვის არც ისე ძნელია, რომ ასეთი რისკები შეაფასოს წინასწარ და შესაბამისად, უზრუნველყოს სიმშვიდე, ამ პროცესების იმდენად გამჭვირვალედ ჩვენება, რომ კარგად ჩანდეს, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. ეს პროცესები პროგნოზირებადია, შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ უფრო მეტად ისტერიული გახდება „რუსთავი 2“ -ისა და სხვა სატელიტი მედიასაშუალებების, ასევე, არასამთავრობოების ტონი, მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, წინასწარ პროგნოზირებადია.
მთლიანობაში კვლავ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რჩებიან ძირითად დაპირისპირებულ სუბიექტებად თუ სხვა პარტიებმაც დააგროვეს ისეთი წონა, რომ ანგარიშგასაწევ ძალად მოგვევლინონ?
- სხვა პარტიებს გარკვეული პერსპექტივები აქვთ და საკმაოდ საინტერესოდაც შეუძლიათ იმუშავონ, ოღონდ დაპირისპირების კერები იქნება იქ, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული შესაძლებლობები. არა იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტები არ არიან საინტერესო, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემი აზრით, არის პარტია, რომელიც ნდობით სულაც არ დგას მეორე ადგილზე და სულაც არ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მაგრამ სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს ყველაზე დიდ ფინანსურ და მატერიალურ რესურსს. მასში შედის მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო კონტაქტები და ა.შ. ამიტომ არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ნომერ პირველი მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ მის მიმართ საზოგადოების დადებითი რეიტინგი ხელისუფლების შემდეგ მოდის.
მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობის თვალსაზრისით ბევრად უფრო უსწრებენ სხვა პარტიები. არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალებს ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი ჰქონდეთ, ან მაქსიმუმ, 10-12 კაცით გავიდნენ პარლამენტში, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი რჩებიან საშიშ ძალად და სწორედ ამიტომ არიან ანგარიშგასაწევები. მათი განსაკუთრებულობა არა მხარდამჭერების რაოდენობაში ვლინდება, არამედ იმაში, რამდენად შეუძლიათ სიტუაციის დაძაბვა, რამდენად დიდი ფინანსურ-მატერიალური საშუალებები გააჩნიათ.