„ქართველი ბანდიტები გერმანიაში უკვე არიან, ბანდიტობენ და ვიზა გვექნება თუ არა, რა გონიათ, არ ჩავალთ და არ მოვიპარავთ?“

„ქართველი ბანდიტები გერმანიაში უკვე არიან, ბანდიტობენ და ვიზა გვექნება თუ არა, რა გონიათ, არ ჩავალთ და არ მოვიპარავთ?“

10 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. წინააღმდეგობას საფრანგეთი და გერმანია წევენ, თუმცა, მათი პოზიციების შეცვლის მიზნით, ქართული დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია და ქართული მხარის მონაწილეობით ევროპის დედაქალაქებში შეხვედრები იმართება.

თუ რა შანსები აქვს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით, ამ თემაზე for.ge პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გერმანიისა და საფრანგეთის ძალოვანი უწყებები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა არ უნდა მიიღოს, რადგან ევროპაშიქართველი კრიმინალებიდანაშაულს ჩადიან. მათი მხრიდან, ეს არგუმენტია?

- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრი პოზიციას აფიქსირებს, რომ თურმე, ქართველი ბანდიტები არსებობენ და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ამიტომ არ უნდა მისცენ. ქართველი ბანდიტები უკვე იქ არიან და ბანდიტობენ, ხოლო ვიზას სტუდენტებს და პატიოსან ადამიანებს არ აძლევენ, რაც არალოგიკურია. ვიზა გვექნება თუ არა, რა გონიათ, არ ჩავალთ და არ მოვიპარავთ? - ვინც მომპარავია და ამის გამკეთებელია, ის ევროპაში უკვე ჩასულია, იპარავს და ამის გაკეთებას კიდევ აპირებს. იმის თქმა, რომ ქართველები დამნაშავეები არიან, კონსტიტუციური და სამართლიანი არ არის, რადგან დამნაშავეს ეთნოსი არ აქვს. ქართველები თუ ბანდიტობენ, სხვებთან ერთად ბანდიტობენ. პირდაპირ გეტყვით, რომ რასაც გერმანიაში მოლდოველები, იტალიელები და გერმანელები აკეთებენ, იმასთან შედარებით, ჩვენი საცოდავი, ქართველი ბანდიტები პირველი კლასის მოსწავლეები არიან. ამიტომ, ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია.

არც ქართველ და არც სხვა ეროვნების დამნაშავეს არ ვამართლებ, მაგრამ გერმანიის მიერ მოყვანილი არგუმენტი რეალური არ არის. ვიზალიბერალიაცია 30-მდე ქვეყანას აქვს და თუ გინდათ, მოგიყვებით, რომელ ქვეყანაში რა ხდება და დემოკრატია რა დონეზეა. ერთ-ერთ ქვეყანაში მონობა რამდენიმე დღის წინ აკრძალეს. ამ ქვეყანას არ ვასახელებ, რადგან ცუდი ქვეყანაა და საქართველოს ცუდად მოექცა. ვიმუშავებთ, რომ ევროპელი კოლეგები ვაიძულოთ. თუკი 10 ივნისს წინააღმდეგობა გავტეხეთ, ეს ხელისუფლების დამსახურება იქნება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია იტყვის, აი, უნიათოები არიან და ეს მთავრობის ბრალიაო. მთავრობის ბევრი შეცდომა მახსოვს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის.

ოპოზიცია კორცხელის ინციდენტს იშველიებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ამ დაპირისპირებამ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა მოახდინოს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე შიდა პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს?

- როგორც კი, ევროპელები კორცხელს ახსენებენ, მათ ვეტყვით, რომ ეს ფაქტი აღვკვეთეთ და დამნაშავეები დავსაჯეთ-თქო. ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი ნამდვილად ჭიანურდება, მაგრამ აქ კორცხელის ინციდენტი არაფერ შუაში არ არის. შუაში არიან გერმანიისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები და ჰოლანდიის მოსახლეობა, რომელმაც რეფერენდუმზე, უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი უთხრა. ანუ, ერთმანეთთან კავშირშია დასავლეთ ქვეყნების დამოკიდებულება უცხოელებისათვის ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეზღუდონ, როცა რაღაც განსაკუთრებული მოხდება და დაირღვევა. ისინი აცხადებენ, ჯერ კანონი მიგვაღებინეთ და ვიზალიბერალიზაცია შემდეგ მიგვანიჭებინეთო. ეს პროცესი კორცხელთან არანაირ კავშირში არ არის.

საფრანგეთში შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში შეხვედრები მქონდა და გერმანელებთან შეხვედრები მიმდინარეობს, რომ იქნებ, ბოლო მომენტში ვითარება შევცვალოთ. 10 ივნისს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება და შიდა ქართული ამბები არავის არ უხსენებია, თუმცა, არ ვამბობ, რომ კორცხელში რაც მოხდა, კარგია. პირიქით, ვიცით, რაც მოხდა. კორცხელის მსგავსი ეპიზოდები ვიზალიბერალიზაციას საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან მაშინ, ამერიკას ევროპაში უვიზოდ სიარულის უფლება უნდა ჩამოართვან. რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში კორცხელის მოვლენები მონაგონი იყო. კორცხელის ინციდენტის დროს, ერთმა მხარემ მეორე მხარე ჟეჟა, ხოლო ამერიკაში ტრამპის მომხრე და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი სიკვდილამდე მიიყვანეს. ეს ყოველდღე გაგრძელდება. ამერიკას, ამხელა ქვეყანას იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ ეს აღკვეთოს.

თქვენ ყურადღებას ამახვილებთ, რომ საქართველომ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა და ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია ეკუთვნის. პროცესის შეფერხების მიზეზადქართველი კრიმინალებისახელდებიან, თუმცა, რეალურად, საქართველოს ინტერესები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტკონიუნქტურას ხომ არ ეწირება? იგივე, თუნდაც, რუსეთის ინტრესებს?

- გერმანელები არ ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მივცეთო. ისინი აცხადებენ, რომ ჯერ კანონი უნდა ავამოქმედოთ, რომელიც დარღევას შეეხებაო. საუბარი არ არის იმაზე, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა საერთოდ არ მისცენ. ჩანს, რომ მათ შინაგანად ვიზების მონიჭება საერთოდ არ უნდათ, მაგრამ უკაცრავად, დეკემბერში, ევროკომისიამ რომ თქვა, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულაო, თქვენ გგონიათ, იმ კომისიაში ფრანგები და გერმანელები არ იყვნენ? თავადაც მშვენივრად იციან, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მოგვანიჭონ. ჩვენ პირობები შევასრულეთ. საუბარი იმაზე რომ იყოს, ქვეყანამ რომელიმე პირობა არ შეასრულა და პრობლემა აქვს, მაშინ ხარვეზის გამოსწორება უნდა დაგვავალონ. ასეთი საუბარი არ არის. მხოლოდ უსაგნო ლაპარაკია, რომ თურმე, ქართველები არიან დამნაშავეები. ყველა ქართველი დამნაშავეა? გერმანიამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომლის მსგავსი არასოდეს არავის არ ჩაუდენია, მაგრამ გამოსწორდნენ, მოინანიეს და მდგომარეობა შეცვალეს. რა თქმა უნდა, აქედან დასკვნა არ კეთდება, რომ გერმანელი ხალხი კრიმინალია. ქართველები რა შუაში ვართ? - დიახ, ქართველი დამნაშავე არსებობს, ისევე როგორც რუსი და ჩინელი. იმის გამო, რომ ერთმა-ორმა დამნაშავემ გერმანიაში ბინა გაქურდა, ქართველმა სტუდენტმა გერმანიაში ვერ უნდა ისწავლოს? - ეს ლოგიკურად სწორი არ არის.

საფრანგეთი და გერმანია სწორედ ის ქვეყნები არიან, რომლებიც საქართველოს პრობლემებს ნატოშიც უქმნიან. ეს ქვეყნები საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილნი რატომ არიან?

- ნატოსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა ისეთია, რომ მათ საქართველოს გამო რუსეთთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნან, მაგრამ ამას ასე პირდაპირ ვერ ამბობენ. ვიზალიბერალიზაცია ეს ის შემთხვევაა არ არის. რუსეთი გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. თუმცა, არც ნატოს შემთხვევაში. მაშინ, მონტენეგროს როგორ მისცეს, ეს რუსეთს ხომ ეწყინა? - რუსეთის მიხედვით არავინ არ იცხოვრებს. ვიზის შემთხვევაში, ევროპა ვართ, აზია თუ სამხრეთ ამერიკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უვიზო მიმოსვლა როგორც ამერიკას, ასევე აზიას და აფრიკას აქვთ. რაც შეეხება ნატოს და ევროკავშირს, მათ შეგრძნება აქვთ, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა არ ვართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რუკაზე დაიხედე, რისი ევროპა ხარო. სააკაშვილი ოდნავ მაინც განათლებული კაცი რომ ყოფილიყო, ეტყოდა, სკოლის სახელმძღვანელოში - მეოთხე კლასის მასალაში ჩაიხედე, იქ არგონავტების ამბავი გიწერია და მიხვდები, ვინ ევროპაა და ვინ არაო. გეოგრაფიულად საქართველო აზიის ნაწილია, მაგრამ მას კავკასიონზე გადასასვლელები აქვს და ტერიტორიები ევროპაშიც აქვს. ფორმალურად იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. სომხეთს ამის თქმა არ შეუძლია, რადგან ის კავკასიონზე ვერ გადადის. მათ ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ეს რეგიონი ევროპას არ უნდა მიუერთდეს.

რატომ?

- იმიტომ, რომ რეგიონში პრობლემებია.

ანუ, ევროპას ზედმეტი თავის ტკივილი არ სურს?

- დიახ, ეს ზედმეტი თავის ტკივილია და იმ რეგიონში რატომ შევიდნენ, რომელიც მისი გავლენის სფერო არ არის? - ეს ევროპის აზრია, მაგრამ ნატო მხოლოდ ევროპული ორგანიზაცია არ არის, იქ ამერიკაა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატოს წევრი იყოს. ამიტომ, 2008 წელს, ნატოში ნათქვამია, რომ ერთ დღეს, საქართველო ნატოს წევრი გახდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიყავი და ბელგიელმა გამომსვლელმა თქვა, რომ შეცდომა დავუშვით, საქართველოს ნატოს წევრობას არ უნდა შევპირებულიყავითო. მის საპასუხოდ ვთქვი, რომ როგორც ჩანს, რუსეთის პროპაგანდა ევროპის დედაქალაქებში გადასარევად მუშაობს-თქო, რაც ძალიან არ მოეწონათ, მაგრამ მომხსენებელმა, რომელიც ლიტველი იყო, მხარი დამიჭირა. ვიცით, რომ სკეპტიკოსები არიან, მაგრამ დრო დადგება, როცა ნატოს წევრები გავხდებით და ვიზალიბერალიზაციას რომ მივიღებთ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს, არ ფიქრობთ, რომ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებში ნიჰილიზმი გაიზრდება?

- რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ქმნის და ევროპელებს სწორედ ამას ვუხსნით. ეს როგორც გერმანულ, ასევე ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას ესმის, მაგრამ ამას შინაგან საქმეთა მინისტრს ვერ ვუხსნით, რომელსაც არ უნდა, დამატებითი პრობლემა შეიქმნას. ეს პროცესი უარის თქმის მცდელობა არ არის, ადგილი აქვს პროცესების გაჯანჯლებას. ევროპასთან ლაპარაკი მარტივი არ არის. ასოცირების ხელშეკრულება ახლა ამოქმედდება, რადგან აქამდე პროცედურები მიდიოდა. ევროპა ასეთია, იქ 28 ქვეყანაა და ყველა უნდა დაითანხმო. დათანხმებული 26 გვყავს და ორი ქვეყანა დაგვრჩა. სამუშაოა და მათ რაღაცეები უნდა დავუმტკიცოთ.

ორმაგი სტანდარტი არ არის, როცა გერმანია და საფრანგეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან, ხოლო საზღვრებს არაბულ ქვეყნებს უხსნიან, რომელთა შორის, სამწუხაროდ, ბევრი ტერორისტია. მედიით ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ბელგიის სახელით სპორტულ თამაშებში ერთ-ერთი ტერორისტის ძმა მიიღებს მონაწილეობას...

- მათ საკუთარ მოქალაქეებთან სხვა დამოკიდებულება აქვთ, ხოლო სხვა ქვეყნებთან - სხვა. კარგია, რომ ის ადამიანი თამაშებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან მას არაფერი დაუშავებია და ძმობა დანაშაული არ არის. თუკი ჩემი ძმა - დავითი რამეს გაწყენინებთ, ჩემთან არ მოხვიდეთ, არაფერ შუაში არ ვარ. ჩვენ შეგვიძლია, გავბრაზდეთ და ევროპას ვაგინოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იმას არ გააკეთებენ, სადაც ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა. სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ჩავიდა და მათ სთხოვა, საქართველო სპარსეთისგან დაეცვა, მაგრამ მაშინ, ევროპას მოლაპარაკებები სწორედ სპარსეთთან ჰქონდა, რომ ერთად თურქეთის ექსპანსიას დაპირისპირებოდნენ. ამ დროს, ქართველი მიდის და ეუბნება, დაგვეხმარეო. დიდი კაცი იყო, მაგრამ ისეთ რამეს ითხოვდა, რომელიც ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ ევროპელებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ ინტერესებს არ ვეწინააღმდეგებით. ხელის ჩაქნევა და ნაშრომის წყალში ჩაყრა მარტივია, მაგრამ ამას არ ვიზამთ. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსების რაოდენობა გაიზრდება, სხვა გზა არ გვაქვს. ვინაიდან, გვითხრეს, ორი თვით ვიზალიბერალიზაციის მინიჭება უნდა გადაგივადოთო, გზა შევცვალოთ?

ორი თვის შემდეგ რა შეიცვლება, თუკი რეალური მიზეზი კრიმინალია? ევროპაში ქართველი კრიმინალები ორი თვის შემდეგ აღარ იქნებიან?

- არაფერი. უბრალოდ, კანონს მიიღებენ, რის შემდეგაც გვეცოდინება, რომ წესები არ უნდა დავარღვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსს შეგვიჩერებენ. სამუშაოა და მიგვიღებენ. ევროკავშირისთვისაც სამუშაო გვაქვს. 100-150 ლარიანი პენსიით ევროპაში არ გველოდებიან. ვიღაცამ თქვა, ევროკავშირი ღარიბი ქვეყნებისთვის არისო და ეს არ დაიჯეროთ. სანამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არ გაქვს, თავი რატომ აიტკიოს და გარჩინოს? ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ასეთი ამბები ვერ შეგვაფერხებს და ვერ გაგვაჩერებს.