ძველ და ახალ „აიფონებს“ შორის საგამოძიებო სამსახური ჩადგა

ძველ და ახალ „აიფონებს“ შორის საგამოძიებო სამსახური ჩადგა

იხდიდა თუ არა მომხმარებელი ნახმარ „აიფონებში“ ახლის ფასს? დაგროვილი ეჭვი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფინანსთა საინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „აიფონ პლუსში“ და შპს „ეფლსიტში“ შევიდა. მათი ინფორმაცით, მაღაზიების ქსელში უკვე გამოყენებული მობილური ტელეფონები იყიდებოდა და არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა.

სხვადასხვა მედიასაშულებებით ამ თემაზე წლების განმავლობაში არაერთხელ იყო საუბარი. მომხამრებლები მომსახურებითა და ტელეფონების ხარისხით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. თავის მხრივ, სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლები ყოველთვის უარყოფდნენ ბრალდებას.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „აიფონის“ ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლოატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ, როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილ ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „აიფონის“ ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით“, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

„აიფონის“ ადმინისტრაცია მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გაყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კომპანია მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და მათ ფილიალებში საგამოძიებო სამსახურის შესვლას „კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილ ქმედებას“ უკავშირებს.

„2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, კომპანია „აიპლუსის“ ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური. როგორც საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად ტელეფონები იმ მიზნით, რომ დადგინდეს, ახალია თუ არა. წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი, სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება, რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც კომპანიას 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს. თუმცა საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.

ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიის. ეს არის ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის, როგორიც ბიზნესია.

ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედება, კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმცა მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე. საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება „აიპლუსზე“ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან. უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს“, - აცხადებენ „აიპლუსის“ ადმინისტრაციაში.