ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ მაისის თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899 ლარი მიიღეს. ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები 120 ლარი „კონსერვატიულმა პარტიამ“. პარტიების შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც მაისის თვეში 266 407 ლარი მიიღო, მესამე ადგილს კი - 113 064 ლარით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იკავებს.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს, ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ მაისის თვეში „გირჩმა“ - 81 295 ლარი მიიღო; „ნაციონალური მოძრაობა“ - 54 049 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ - 28 000; „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ - 26 732 ლარი; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლო“ - 11 000 ლარი; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისთვის“ - 2 360 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ - 2 065 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ - 1 060 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ - 1 000 ლარი და „კონსერვატიული პარტია“ -120 ლარი.
შემოწირულობის მხრივ მეორე ადგილზე გასული პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები თავად პაატა ბურჭულაძე და მისი შვილები არიან. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მაისში პაატა ბურჭულაძემ საკუთარ პარტიას 60 000 ლარი შესწირა. 60 000-60 000 ლარი „სახელმწოფო ხალხისთვის“ ანგარიშზე გადარიცხული აქვთ ბურჭულაძის შვილებს - შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეებს. გარდა ამისა, პარტიას მაისში 60 000 შესწირა „ტოიოტა ცენტრის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმაც.
რაც შეება მესამე ადგილზე გასულ „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველებს, for.ge-სთან საუბრისას ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტიას არ ჰყავს მსხვილი ბიზნესს შემომწირველი. მისი თქმით, შემომწირველები ძირითადად ამ პარტიის წევრები, ან უბრალოდ მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, პარტიის შემომწირველია ფრიდონ ინჯია რომელიც პარტიის წევრია, ასევე ბიზმესმენი ვახო ბეთიაშვილი.
პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის და მით უმეტეს საარჩევნო პერიოდისთვის საჭიროა სახსრები, ეს არახალია, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია ვინ არიან პარტიის შემომწრველები.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სახსრების მობილიზაცია არ ნიშნავს დიდ წარმატებას პოლიტიკაში. პოლიტიკა უფრო ცბიერი რამეა და წარმატების გარანტიას მაშინც კი არ იძლევა, როდესაც პარტიის ანგარიშშზე მობილიზებულია დიდი ფინანსები.
„პოლიტიკას, პოლიტიკური კონკურენტები სჭირება იმისთვის, რომ შედეგი მოიტანოს. რაც შეეხება ბურჭულაძეს, რომელიც მეორე ადგილზეა დაფინანსების მხრივ, ოჯახის წევრები რომც არ ყოფილიყვნენ, ბევრ ისეთ ადამიანთან აქვს კონტაქტი, რომ შეუძლია დიდი თანხის მობილიზაცია და ამასვე ადასტურეს ფონდი „იავნანა“.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ ჩემთვის ჯერჯერობით, გაუგებარია ასეთი რეიტინგი დაფინანსების საკითხებში. ალბათ, დროთა განმავლობაში გაირკვევა ამის მიზეზი და სავარაუდოა, რომ ეს გახდება მედიისა და პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი. ასე რომ, ამ პარტიას მოუწევს ფრჩხილების გახსნა. პოლიტიკური პარტიები გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე და სავსებით ლოგიკურია, რომ მათი დაფინანსების წყაროები იყოს გამჭვირვალე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილისთვის გაკვირვებას არ იწვევს „ქართული ოცნების“ უხვშემოსავლიანობა, პარტიისა, რომელსაც მისივე თქმით, მოუწევს კიდევ ერთი, ამჟამად უკვე სატელიტური პარტიის დაფინანსება, რომელსაც თამაზ მეჭიაური თავკაცობს. რაც შეება ბურჭულაძეს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პარტიის შემომწირველთა ვინაობა გამჭვირვალეა.
„რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ჩემის აზრით, აქ რაოდენობრივად უფრო მეტია შემომწირველი, ვიდრე პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების შემთხვევაში. დიახ, სწორდ ადამიანების რაოდენობა არის ბავრად უფრო მრავალი, ვიდრე სუბიექტებისა, რომლებიც ფინანსური წყაროებით ამარაგებენ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს. გაივლის ორიოდე თვე და უფრო დამჯარებელი ვარაუდი გვექნება იმისა, ვინ საიდან და რის საფუძველზე იქნება პირნათელი თავისი ამომრჩევლის წინაშე.
თუკი დროის ცვლის პროპორციულად იმატებს „პატრიოტთა ალიანსის“ შემოსავალიც, მაშინ, ალბათ, კიდევ რაიმე სხვა წყარო იქნება მოსაძებნი, გარდა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლებისა. თუ არჩევნებამდე არ მოესწრო ვიზალიბერალიზაციის საკითხის პოზიტიურად გადაჭრა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამის პარტიების შემოსავალიც გაიზრდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.