„ვშიშობ, არჩევნების შედეგად ისეთი პოლიტიკური კონიუქტურა არ მივიღოთ, რომელიც არავის ინტერესში არ ჯდება“

„ვშიშობ, არჩევნების შედეგად ისეთი პოლიტიკური კონიუქტურა არ მივიღოთ, რომელიც არავის ინტერესში არ ჯდება“

წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად გახსნილია. პოლიტიკური პარტიები ოთხთვიანი მარათონის მძიმე გზას შეუდგნენ, გარემო ჯერჯერობით ბევრად მშვიდია, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარკვეული ტიპის საფრთხეები მაინც არსებობს და მათი დაშვება უპირველესად, დღევანდელმა მთავრობამ უნდა აღკვეთოს. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბოლო ტენდენციით, ახლადშექმნილი პარტიები თითქოს პრეტენზიას ბარიერის გადალახვაზე კი არა, მეორე ადგილზე აცხადებენ - მეჭიაურის პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ მეორე ადგილს დაიკავებს. პირველ ადგილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რატომაა მეორე ადგილი ასესანუკვარი“?

- არ ვიცი, როგორ ითვლიან, ვინ რომელ ადგილზე გავა, რადგან ჩვენს ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევის რეალურად დამოუკიდებელი კომპანიები არ არსებობს. როგორც ჩანს, ეს არის პარტიების სუბიექტური აღქმა, ანუ - ვინ როგორ აფასებს რეალობას. ამიტომ, ვინ რომელ ადგილზე გავა, ამის განსაზღვრა დღეის მდგომარეობით, საკმაოდ პირობითია.

მე ვიცი სამი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ პირველ ადგილს დაიკავებს - ესენი არიან „ქართული ოცნება“, „ლეობორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“; მეოთხე პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც აცხადებს, რომ გაიმარჯვებს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, თუ ოპტიმისტური პოლიტიკური განცხადებები არ აკეთეს, იციან, რომ ანგარიშში არ ჩააგდებენ - ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური პიარია და ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევაფასოთ, ვინ მართალს ამბობს და ვინ იტყუება.

პიარი გასაგებია, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური პარტიები უფრო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოსაპოვებლად, ვიდრე დღევანდელ მმართველ ძალას, რომელსაც ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი რესურსი აქვს...

- ახლა ისეთი სიტუაციაა, როდესაც ყველა ყველას წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა რეალურად, სერიოზული ადამიანური და ფინანსური რესურსი აქვს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტის ძალებს და მათ შორის მიდის ჭიდილი.

გარდა ამისა, ხორციელდება მანევრები ისეთი პოლიტიკური ძალების წამოსაწევად, რომლებიც ჯერ არ ვიცით გამოვლენ თუ არა არენაზე, არ დავასახელებ ამ პარტიებს, თუმცა ცხადია, ვინც იგულისხმება. თუმცა ვშიშობ, საბოლოოდ ისეთი პოლიტიკური სპექტრი არ შეიქმნას, რომ არჩევნების ჩატარებამ საერთოდ, აზრი დაკარგოს, ისეთი შედეგი არ მივიღოთ რომელიც არავის აძლევს ხელს, არც დასავლეთს, არც აშშ-ს და არც რუსეთს და რომელიც საქართველოს მომავლისთვისაც არ იქნება სასურველი.

რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ასეთი საფრთხე და რა კონფიგურაციაზეა საუბარი?

- ძალიან რთული ვითარებაა. შეიძლება, ცხელი ზაფხული არ იყოს საუკეთესო დრო პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის და სტატუს-კვოს მომხრე ძალებს ეს ხელს აძლევდეს. ამის სათავე უნდა ვეძებოთ იმაში, რომ დასავლეთმა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია, მოგვწონს ეს თუ არა, თავის დროზე აქცენტი გააკეთა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელმაც დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ ვნახეთ, როგორც დაასულა - დასავლეთი იძულებული გახდა, პოლიტიკაში ახალი ძალის მოსვლას შეგუებოდა, რადგან ფაქტობრივად, 2007 წლიდან ქვეყანა აჯანყების რეჟიმში იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დასავლეთი გაცილებით კრიტიკულია ერდოღანის მიმართ, ვიდრე თავის დროზე სააკაშვილის მიმართ იყო.

საფრთხეებს ეს როგორ უკავშირდება?

- ჩვენს შემთხვევაში საფრთხე ის არის, რომ წლების განმავლობაში რეაქცია არ ჰქონდათ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ბიზნესების ხელყოფაზე და ა.შ. შემდეგ, როდესაც ახალი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, შემოგვთავაზეს კოაბიტაცია, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ მმართველი ძალის უპირობო ლიდერობა ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დადგა.

ვშიშობ, არჩევნების შედეგად ისეთი პოლიტიკური კონიუნქტურა არ მივიღოთ, რომელიც არავის ინტერესში არ ჯდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ მომხრეები კი არ ემატება, არამედ აკლდება.

რესპუბლიკელები რომ გავიდნენ კოალიციიდან, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან მათთვის გასვლა უკეთესი იყო, ვიდრე დარჩენა, მაგრამ ახლა მეჭიაური რომ მიდის „სალაშქროდ“, და ძალებს იკრებს პარტიოტული ველიდან, ეს ამომრჩეველი 2012 წელს ივანიშვილს აძლევდა ხმას. ის ამომრჩეველი რომელიც მეჭიაურისკენ წავა, ცოტა არ გახლავთ.

„ოცნებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად რამდენიმე დაჯგუფების გამოყოფისა, მაინც ინარჩუნებს ერთიან ელექტორატს.

ჩემთვის ყველაზე განსაცვიფრებელი მაინც „პარტიოტთა ალიანსის“ დუმილია - ერთ მშვენიერ დღეს ირმა ინაშვილი ბაჩუკი ქარდავასა და პაატა დავითაიასთან ერთად გამოჩნდა, საარჩევნო გარემოს ცვლილება აერთიანებდათ თითქოს, თუმცა თქვა, რომ შესაძლოა, ერთად წასულიყვნენ არჩევნებზე. ჩემთვის ეს მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ რატომღაც მას შემდეგ ეს იდეა აღარ გაჟღერებულა და თითქოს ამ პოლიტოილკური ძალის აქტიურობა რაღაც მოულოდნელმა, მაგიურმა ძალამ გააჩერა. არადა მათაც გარკვეული შანსი ნამდვილად ჰქონდათ.

ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი „ლეიბორისტული პარტია“ და ვფიქრობ, გარკვეული ძალის მობილიზებას ამ არჩევნებზე მოახერხებს. არის სხვა ძალებიც, რომლებიც ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი, მაგალითად, ვაშაძე, „გირჩი“, „ეროვნული ფორუმიც“ ცდილობს თავისი ყოფილი ელექტორატის დაბრუნებას. მაგრამ არის სხვა პოლიტიკური ძალებიც, რომელთა გამოჩენამაც შესაძლოა, სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. ლევან ვასაძე კი ჩემი აზრით, არის „თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია“...

თუ ლევან ვასაძე მიიღებს მეჭიაურის შეთავაზებას, გამოდის, რომ მეჭიაურისოცნებისორბიტაზე ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება? რამდენად სერიოზულ რესურსს შესძენს ვასაძე მეჭიაურის პარტიას ივანიშვილთან ბრძოლაში?

- თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის შექმნა და ლევან ვასაძის შემოსვლა ჩვენს მიერ გაკეთებული პროგნოზების ჩარჩოებში ჯდება. ამით თავის დროზე, საზოგადოებაც გავაფრთხილეთ ანალიტიკოსებმა, ჩვენი მოკავშირეებიც და ოკუპანტიც.

ამ ყველაფერზე ღიად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არ მგონია, ვასაძის გამოჩენამ ისეთი ტექტონიკური ძვრები შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ქართულ არჩევნებს აზრს დაუკარგავს. გაცილებით სხვა ძალებია საშიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარედან იმართება.

რომელი ძალები?

- ამაზე არ დავკონკრეტდები, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა შეძლებს მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფას და ისე ჩაატარებს არჩევნებს, რომ პარლამენტი, რომელსაც მივიღებთ, საქართველოს დასავლური განვითარების პერსპექტივას არ დაუკარგავს.

ამ ძალებში არ ვგულისხმობ არც ერთ იმ ლიდერს, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზეა, თუ, მაგალითად, გაიმარჯვებს ნათელაშვილი, ბურჯანაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი), ვიცით, ისინი როგორი მმართველებიც იქნებიან, მათ მოულოდნელობის ეფექტის შემოტანა არ შეუძლიათ.

ვგულისხნმობ ისეთ ძალებს, რომლებიც თითქოს არც არიან არენაზე, თითქოს - არიან, მაგრამ საგარეო ფაქტორების გარკვეული სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, ისე წარიმართოს საქმე, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარება შეუძლებელიც კი გახდეს.

ვისაც საკითხი საფუძვლიანად აინტერესებს, დაახლოებით 6-8 წლის წინანდელი სირიის მდგომარეობას გადახედოს. დღეს საქართველოში იმდენი საგარეო და საშინაო ინტერესია გადახლართული, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა დაფიქრდეს - ხომ არ არის საფრთხე, რაიმე მსგავსი სცენარი აქაც განვითარდეს... ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ძალებში ასეთ სიფრთხილეს ვერ ვხედავ...

ანუ შიშობთ, რომ უცხოური ფული არ შემოვიდეს, რომელიც ნამდვილად არ იქნება არც დასავლეთის და არც რუსეთის? რჩება ისლამისტების ფული?

- ვერ დაგიდასტურებთ და მეტს ამის შესახებ არაფერს ვიტყვი... რაც მთავარია, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ქართულმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ხმების ობიექტური დათვლა და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა დავამკვიდროთ ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები.