გერმანია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგ გამოდის და ამის მიზეზად „ქართველ კრიმინალებს“ ასახელებს, ქართული მხარე კი, ევროპელებს იმ რეალური მიზეზების დასახელებას სთხოვს, რის გამოც ქვეყნისთვის ვიზალიბერალიციის მინიჭების მიცემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში ის სავარაუდო მიზეზი დაუსახელეს, რის გამოც, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას გაურბიან.
წყაროს ცნობით, ვინაიდან, საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხი ერთად განიხილება, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, უვიზო მიმოსვლას საქართველო მიიღებს, ხოლო უკრაინა - არა, მას ხელისუფლების შენარჩუნება და უკრაინაში პოლიტიკური პროცესების მართვა გაუჭირდება.
პეტრე პოროშენკოს გარდა, ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაუკავშირდა, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას.
გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას უკრაინის ფაქტორი ახდენს, თუ მოსკოვის მოთხოვნები, ამის თქმა რთულია, თუმცა, ქართულ მხარეს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტები უკვე დაგეგმილი აქვს. კერძოდ, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გერმანიას ეწვევიან. საპარლამენტო დელეგაციის შემდეგ, გერმანიას ესტუმრებიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი. აღნიშნული პირების შეხვედრების მთავარი თემა გერმანელების დარწმუნება იქნება იმაში, რომ საქართველომ, რომელმაც ყველა ნაკისრი ვალდებულება და დავალება შეასრულა, ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, კრიმინალის ნაწილში კი, ქვეყანა რეადმისიას შეასრულებს და ევროპელ სამართალდამცავებთან იმუშავებს.
ბუნდესტაგის დეპუტატის, არმინ შუსტერის განცხადებას, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს, ქართველი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და კრიმინალთან დაკავშირებით დათქმა არ ყოფილა. დეპუტატის თქმით, გერმანიას გარკვეული წუხილი აქვს, მაგრამ მათი არგუმენტი არადამაჯერებელია.
„საფრანგეთი და გერმანია ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ პარტიორებად რჩებიან, თუმცა, დღის წესრიგში არსებული საკითხი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო სხვა ქვეყნების პრობლემაა. მათ ყველაზე ნაკლები პრეტენზია საქართველოს მიმართ აქვთ. კრიმინალს ეთნოსი და მოქალაქეობა არ აქვს, ის ყველგან არის. ამას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩადიან და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კრიმინალს გაუმკლავდეს. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში ხანგძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდა და ყველას შეხვდა. საქართველომ რეადმისია გააფართოვა და მზად ვართ, ევროპულ ქვეყნებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ეს ხალხი ჩვენი ქვეყნიდან არ იმართება“, - აცხადებს სესიაშვილი.
კანონმდებელის მტკიცებით, მანამდე არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდებოდა, საქართველოს უვიზო მიმოსვლას არ მისცემდნენ.
„მოუმზადებლები ვიყავით და ერთ დღეში, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ეს სხვა რაღაცას უკავშირდებოდეს. გერმანიაში სამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და გერმანული დემოკრატიის კულტურა ცნობილი ძალიან კარგად არის. მათი პრინციპია, რომ არ შეიძლება, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული პირწონადი იყოს სხვა ადამიანების უფლებების შეზღუდვასთან“, - ამბობს დეპუტატი.
სესიაშვილი ყურადღებას უკრაინის ფაქტორზე ამახვილებს და ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინას თავისი ვალდებულებები შესრულებული არ აქვს. დეპუტატის შეფასებით, მიზეზია არა საქართველო, არამედ ის ქვეყნები, რომელთაც გარკვეული საკითხების გამო გერმანიასთან პრობლემები აქვთ.
„ეს ყველამ იცის. გერმანიას ურთიერთობა თურქეთთანაც დაეძაბა და ახალს არაფერს არ ვამბობ. გერმანიის ბუნდეგსტაგმა სომხების გენოციდი აღიარა და ამას თურქეთის რეაქცია მოჰყვა. თუკი ევროპელებს ვინმესთან პრობლემა არ აქვთ, ეს საქართველოა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პაკეტში განხილვა ხდება. ჩვენ რომ მართლები ვართ, ეს უკვე კარგია, მაგრამ ეს მოცემულობა ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ საფრანგეთი-გერმანია საქართველოს კლავენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს არსებულ გაურკვევლობას მოვაგვარებთ და საქართველოსთან მიმართებაში არსებული პრეტენზიები მოიხსნება. იმედია, მინიმუმ ის გაირკვევა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზეზი რა არის. კრიმინალზე საუბარი არგუმენტი არ არის. ვეუბნებით, დაიჭირეთ და რეადმისიით გადმოვიყვანთ. რეალურ მიზეზებზე თავად ისაუბრონ“, - დასძენს სესიაშვილი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიც ფიქრობს, რომ მთავარ დაბრკოლებას ქმნის არა კრიმინალი, არამედ პოლიტკონიუნქტურა.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, მწვავე დებატები უშუალოდ საქართველოს თემასთან დაკავშირებული არ არის.
მისი განცხადებით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და თბილისთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა არცერთი თემა არ არის.
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური კონიუნქტურა არის მიზეზი იმ მსჯელობისა, რაც მიმდინარეობს. ევროპულ სისტემაში ქართული კრიმინალი ერთ პროცენტზე დაბალია“, - აცხადებს ვოლსკი, გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყება კი იუწყება, რომ გასულ წელს, გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, საიდანაც უმრავლესობა სწორედ ქართულმა მაფიამ ჩაიდინა.
გერმანია შეიცვლის თუ არა პოზიიციას, ეს ცნობილი სავარაუდოდ, 10 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდება, თუმცა, ქართული მხარე გერმანელების დარწმუნებისთვის შეხვედრებს აქტიურად გამართავს. მათ შორის, საქათრთველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდება. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, კარინ შტრენცთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართავს.