გამჭვირვალე კვლევის მიხედვით, უმუშევართა არმიას 5% მოაკლდა

გამჭვირვალე კვლევის მიხედვით, უმუშევართა არმიას 5% მოაკლდა

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 2016 წლის 15-28 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანი გამოიკითხა. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დარგად სოფლის მეურნეობას მიიჩნევს. გამოკითხულთა დაახლოებით 75% კი ადასტურებს, რომ მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარამდეა.

კვლევამ კიდევ ერთი ტენდენცია აჩვენა - 2016 წელს, შარშანდელთან შედარებით, 5 პროცენტით ნაკლები ადამიანი თვლის თავს უმუშევრად, თუმცა დასაქმებული ადამიანების მაჩვენებელი ისევ კატასტროფულად მცირეა. გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ უმუშევარია, შარშან კი ასეთი კატეგორია 70%-ს აღწევდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხულთა თვითაღქმაზე - არიან თუ არა ისინი დასაქმებულნი და ამ მონაცემებით უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრა არ შეიძლება.

გამოკითხულთა 52% სამსახურს ეძებს. მათგან კი, ვინც თავს დასაქმებულად თვლის, 35% მიიჩნევს, რომ არის დაქირავებული მუშაკი ადგილობრივ კერძო ორგანიზაციაში, კომპანიაში ან საწარმოში, 19 პროცენტი არის დასაქმებული ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში და მუშაობს საჯარო მოხელედ, 18% უძღვება საკუთარ ბიზნესს, 12% მიიჩნევს დაქირავებულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში, მაგრამ არ არის საჯარო მოხელე.

სხვათა შორის, შემცირებული უმუშევრობის ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, საქართველოში დღეს არის უმუშევრობა რეკორდულად დაბალი, ანუ 12 პროცენტია.

„ეს არ არის ცოტა, ჯერ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ“, - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია და საქართველო სწორ გზაზე დგას.

სხვათა შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, გამოკითხულთა უმეტესობა 51% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ხალხის 17%-ს ყველაზე მეტად სწორედ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება სურს. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობა პირველ ადგილზე დგას, შემდეგ არის წარმოება, მრეწველობა, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, საჯარო სექტორი, საბანკო სფერო, ტრანსპორტი, ტვირთის გადაზიდვა. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ მაქსიმალურად უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე წარმოება (ქარხნები და ფაბრიკები) ტურიზმი, საბანკო სფერო, საჯარო სექტორი და ა.შ.

„აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორს წამყვანი როლი არ უკავია და ზოგადად, ამ სფეროს წინსვლა ტექნოლოგიებზე და არა ადამიანებზეა დამოკიდებული. სწორედ საზოგადოების ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, მთავრობა საარჩევნოდ მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და სახელმწიფო ფინანსებს სოფლის მეურნეობის სექტორში არაეფექტურად ხარჯავს, ეს კი ეკონომიკის წინსვლას და შესაბამისად თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დონის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რადგან ჩვენი მოსაზრებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რაც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების დონეს“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა დაახლოებით 75% აცხადებს, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარამდე აღწევს. ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ მისი შემოსავალი შეადგენს 400-დან 800 ლარს ან 260-დან 400 ლარამდე. გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი გამოკითხვის პერიოდსა და გასულ თვეში 1200-დან 1600 ლარამდე იყო, 2% კი ამბობს, რომ 1600-დან 2500 ლარამდე. 2500 ლარზე მეტი შემოსავალზე მხოლოდ 1% საუბრობს. გამოკითხულთა 9% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 150 ლარამდეა, 3% კი ამტკიცებს, რომ ოჯახის შემოსავალი 0 ლარს უდრის.

„აქედან ნათელია, რომ მოსახლეობის ნახევარი, რომლებიც ქვეყანაში დასაქმებულად ითვლებიან, რეალურად ძალიან მცირე პროდუქტს ქმნიან, შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანური რესურსების არაეფექტური გამოყენება ხდება. ვიდრე სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა წილი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უმუშევრობა კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დარჩება“, - აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსები.