ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად არც ერთი პოლიტიკური ძალა მზად არ არის. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის ლიდერია და მომავალ პარლამენტს, რომელიც იქნება არჩეული, ეცოდინება, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ივანიშვილს.
როგორ განვითრდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ ყველა რეგიონში ჩავა და ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მობრუნდეს ხელისუფლებაში. თუმცა იმასაც ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში ერთვება, როგორც მოქალაქე და არანაირი სხვა სტატუსი, გარდა ხალხის ნდობისა არ გააჩნია. ერთია რას ამბობს დეკლარირებულად ივანიშვილი, მაგრამ რამდენად მიიღებს საზოგადოება ამ გზავნილს, რომ საარჩევნო პროცესში ერთვება როგორც რიგითი მოქალაქე?
ვახტანგ ძაბირაძე: იურიდიული სტატუსით მართლაც რიგითი მოქალაქეა. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ მილიარდერია, რაც მის იურიდიულ სტატუსს ვერ ცვლის. როდესაც ამბობს, რომ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, იურიდიული და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორს ამბობს.
მაგრამ რამდენად ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
– დღეს ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, თუ რა იქნება მისი წილი იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელშიც აპირებს მონაწილეობას. არ უარყოფს, რომ მისი შექმნილი პარტიის სიის შედგენაში ღებულობს მონაწილეობას და არ უარყოფს იმასაც, რომ ყველა რესურსს მოიხმარს იმ ჯგუფის გასამარჯვებლად, რომელსაც ლობირებს. ფაქტობრივად, ივანიშვილი ამ პარტიის ლიდერია და ეს რეალობაა. მომავალ პარლამენტს, რომელიც იქნება არჩეული, ეცოდინება, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ივანიშვილს. ეს იცის მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არ მგონია ვინმე სხვაგვარად ფიქრობდეს.
მაგრამ ამბობს, რომ მონაწილეობას არ ღებულობს ხელისუფლების მართვაში...
– გასაგებია, რომ ყოველდღე ტელეფონით არ რეკავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა, მაგრამ მახსენდება ერთი ფაქტი, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც კულტურის მინისტრი გადადგა, თქვა, რომ მე და ირაკლიმ ბევრი ვიფიქრეთო, ანუ კადრების შერჩევაში ის ღებულობს მონაწილეობას. ასე რომ, მომავალი პარლამენტის უმრავლესობა გაითვალისწინებს ივანიშვილის შეხედულებებს, როგორც მთავრობის ფორმირების საკითხში, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს.
და ეს უკვე ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას?
– კი ბატონო, გინდათ ამას არაფორმალური მმართველობა დაარქვით და რაც გინდათ ის დაარქვით. ის კაცი ამბობს, რომ მეკითხებიან და ჩემს აზრს ვლაპარაკობო. მართვის არანაირი ბერკეტი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მაქვს გავლენაო. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის, მედიის და ყველა მოქალაქის ვალია რასაც ივანიშვილი ამბობს, მიიტანოს ამომრჩევლამდე. თუ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ე.ი. იღებს ამ რეალობას. სხვაგვარად როგორ გინდათ? მან თავის ინტერვიუში ერთი საინტერესო რამ თქვა - მითხარით როგორ გავთავისუფლდე არაფორმალური ძალაუფლებისგანო, თვლის, რომ ხალხში აქვს მხარდაჭერა.
რეალურად შეძლებს არაფორმალური მმართველობიდან განთავისუფლებას? მით უმეტეს, რომ ერთვება არჩევნებში, მთავრობის წევრები აზრს ეკითხებიან, ყოვედღიური ურთიერთობა აქვს ეკონომიკის მინისტრთან...
– ამისგან გაათავისუფლებს არჩევნები. არჩევნების შედეგი იქნება დადასტურება იმისა, თუ რა გავლენა აქვს ივანიშვილს. სხვა გამოსავალი არ არის და ვერც იქნება. ამიტომ ოპოზიციამ ეს უნდა მიიტანოს ამომრჩევლამდე. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე ისევ გაგრძელდება. ოპოზიციამ უდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ივანიშვილი დღესაც იგივეს აკეთებს და თუ დაარწმუნებს ოპოზიცია, რომ არ აირჩიოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ივანიშვილს დაუჯერებს, მაშინ დამთავრდება, თუ ვერ დაარწმუნებს, გაგრძელდება ისე როგორც არის.
8 ივნისს საქართველოში ოფიციალურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენ ვხედვათ, რომ ძალიან დაძაბულია პოლიტიკური პორცესები, დაპირისპირება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა და ეს დაადასტურა შუალედურმა არჩევნებმა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძაბული შეიძლება იყოს ეს წინასაარჩევნო პროცესი?
- წინასაარჩევნო პროცესი იქნება ისეთი, როგორსაც ხელისუფლება შესთავაზებს ოპოზიციას და საზოგადოებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიცია განსაზღვრავს ქვეყანაში პოლიტიკურ თუ ნებისმიერ სხვა მხრივ სტაბილურობას, რადგან ამის ბერკეტები გააჩნია ხელისუფლებას. თუ გაგრძელდება დაპირისპირება და ხელისუფლება იმავე სტილში აპირებს არჩევნების ჩატარებას, როგორც ეს კორცხელში მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, 3500–ვე საარჩევნო უბანში იქნება დაპირისპირება.
ის, რაც სამეგრელოში მოხდა, ეს იყო სიბრიყვე. ის ადამიანები, რომლებმაც ამ კუნთმაგარი ბიჭების სამეგრელოში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს, საერთოდ უნდა ჩამოაშორონ პოლიტიკური მართვის სადავეებს. არ შეიძლება ასეთი ხალხის ხელში იყოს ძალაუფლება, რადგან მათ არამარტო საარჩევნო ნორმები დაარღვიეს, არამედ ელემენტარულად პოლიტიკური ანალიზის უნარი არ აქვთ. შეიძლება სხვა დარგში ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში - ეს რეალობაა.
საარჩევნო კამპანია იწყება, მაგრამ არ ვიცით რა გუნდით აპირებს მმართველი კოალიცია შესვლას პარლამენტში, რამდენად იწვევს ეს დაბნეულობას საზოგადოებაში? მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც დაჭაობებულია პოლიტიკური გარემო, კანონმდებლოთ გათვალისწინებული 30-დღიან ვადა საკმარისია ქართველი ამომრჩევლისთვის, რომ მან გააკეთოს სწორი არჩევანი?
- სამწუხაროდ, სიების რეგისტრაციის საკითხი კანონმდებლობით არის დარეგულირებული. გარკვეულწილად შეიძლება დადებითიცაა იმ კუთხით, რომ როგორც კი დაიწყება საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური ძალები ვალდებულნი იქნებიან ჩაერთონ ამ საარჩევნო კამპანიაში და ამ გზით მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, რომ 30 დღეზე ადრე სიას არ გამოაქვეყნებენ, მაგრამ ამასთანავე ფაქტია ისიც, რომ ამომრჩეველი არ ეძებს ვინ არის და ვინ არა საარჩევნო სიაში. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ეს ტრადიციად არ არის. ამიტომ მოგვიწევს ელიტების მიხედვით განვსაზღვროთ ვინ იქნება სიაში.
რადიკალურ ცვლილებებს ელოდებით როგორც სააარჩევნო სიაში, ასევე პროგრამულ ნაწილში?
– დიდად არ ველოდები. დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს რა ტიპის ადამიანები შეიძლება დაემატოს „ქართული ოცნებას“, თუნდაც ახალი სახეებით შეიძლება ამის განსაზღვრა, რომლებიც ახალ პოლიტიკურ საბჭოში შეიყვანეს. პირველი ათეული გამოაქვეყნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რა იქნება. ასევე დაახლობით ცნობილია როგორი იქნება ბურჯანაძის, რესპუბლიკელებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია. რაც შეეხება პროგრამებს, რეალურად დიდად არ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული, რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები.
სამწუხაროდ, პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად არც ერთი პოლიტიკური ძალა მზად არ არის. ხელისუფლების პოლიტიკური ნაწილში იქნება ისევ საგარეო ორიენტაცია და თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, რომელიც არსებული მექანიზმებით ვერ განვითარდება, გინდა ივანიშვილი იყოს და გინდა ცხრა ივანიშვილი. აღარაფერს ვლაპარაკობ სხვა დანარჩენ პარტიებზე.
პოლიტიკური პარტიების სიმრავლის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, მაგრამ ამ ვითარებაში გარკვეული ინტრიგა შემოიტანა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლამ. შეძლებს პოლიტიკური სურათის შეცვლას ბურჭულაძე?
- ძალიან მეეჭვება, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ დრამატულად შეცვალოს ქართული პოლიტიკური სცენა. არ ვიცი, არც არავისგან გამიგია, გარდა თავად ამ პარტიისგან, რომ ისინი რაღაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. კარგი იქნება თუ პარლამენტში მოხვდებიან და მინდა, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. უფრო დიდის მიღწევის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან ჯერჯერობით, როგორც პარტიული, ისევე იდეოლოგიური თვალსაზრისითაც, ჩამოყალიბებული არ არის.
თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ბურჭულაძე აქამდე არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში და ცუდი პოლიტიკური წარსული არ აქვს, რა განასხვავებს ბურჭულაძეს და მის გუნდს გნებავთ რესპუბლიკელებისგან, ან „თავისუფალი დემოკრატებისგან“ არ ვიცი. ამიტომ, სანამ ეს არ გამოიკვეთება და არ ჩამოყალიბდება, მანამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ძალას შანსი გაუჩნდება, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს, ამის შანსი ძალიან დაბალია.