სასტუმროების სიძვირით საქართველო რეგიონის ლიდერია

სასტუმროების სიძვირით საქართველო რეგიონის ლიდერია

საქართველოში მოქმედი სასტუმროების ფასი ისევ განხილვის საგანია. ცნობილია, რომ სამეზობლოში ყველაზე ძვირი მომსახურება თბილისსა და ბათუმშია.

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში სასტუმროები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ბაქოში.

უწყების ცნობით, მათ შეადარეს Booking.com-ზე არსებული ფასები და აღმოჩნდა, რომ 2-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები ბაქოში თბილისთან შედარებით 35%-ით ნაკლებია, 4-ვარსკვლავიანის - 44%-ით და 5 ვარსკვლავიანის - 59%-ით.

კერძოდ, საშუალო ფასი ორსაწოლიან სტანდარტულ ნომერში, 2-ვარსკვლავიან სასტუმროში ბაქოში 70-90 დოლარია, თბილისში - 95-245 დოლარი; 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 2-საწოლიანი ნომერის ფასია ბაქოში 64-401 დოლარია, თბილისში - 218-728 დოლარი, 5-ვარსკვლავიანში ბაქოში 191-926 დოლარი, თბილისში კი 752-1253 დოლარი.

საქართველოში მოქმედი სასტუმროების სიძვირეზე მუდმივად საუბრობენ. რა ღირს დასვენება ჩვენთან და რამდენად ხელმისაწვდომია თბილისი საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტისთვის? ამ კითხვებს პასუხი სააგენტო „ნუმბეოს“ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი „მოგზაურობის ღირებულების ინდექსმა“ გასცა.

კვლევის მონაცემებით, ერთი დღის გატარება თბილისში საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურს 67 დოლარი უჯდება, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონეს - 178 დოლარი.

„ნუმბეოს“ კვლევის მიხედვით, თბილისში მაღალია სასტუმროების ფასიც: სასტუმროების ფასის ინდექსით თბილისი საშუალოზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისში ფასები ჩვენი რეგიონის ქალაქებს შორის ყველაზე მაღალია: ერევანში საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურს ერთი დღის გატარება 34,32 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონეს კი - 96,30 დოლარი, ბაქოში - 30,83 დოლარი და 98,80 დოლარი, ხოლო სტამბულში, შესაბამისად, 37,73 და 107,95 დოლარი.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოს დედაქალაქი ახლა, ფაქტობრივად, ტურიზმის ცენტრია და ჩამოსული ვიზიტორთა ლომის წილი სწორედ ტურისტებზე მოდის. დროთა განმავლობაში კი მაღალი ფასი, სავარაუდოდ, თავის როლს ითამაშებს ტურისტების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.

„დღევანდელი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ მიწოდება არის უფრო ნაკლები ვიდრე მოთხოვნა, მათ შორის, მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. ამ ტენდენციებს აქვს ხასიათი, რომ შეიცვალოს. როგორც კი მოთხოვნა იკლებს და შეთავაზება გაიზრდება, სავარაუდოდ მოხდება ფასების კორექცია. 1-2 წელიწადში გაორმაგდება უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების რიცხვი თბილისში, რაც თავისთავად იმოქმედებს ბაზრის მოთხოვნის კორექციაზე. ამ დროს გასათვალისწინებელი იქნება თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ინდუსტრია, რომ შეინარჩუნოს მაღალი მოთხოვნა“, - აცხადებს სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით რექვიაშვილი.

სასტუმროების ბიზნეში არსებულ პრობლემებზე საუბრობს სასტუმრო „ორთაჭალა პალასის“ მმართველი ლერი მუჯირიშვილი:

„ჩვენთან თურქეთიდან დამსვენებლები ხშირად ჩამოდიან, რამდენიმე მათგანი თვითონ საქმიანობს ამ ბიზნესში. იქ სასტუმროები მართლაც იაფია, არა მარტო სტამბულში, არამედ ანტალიაში და სხვა დიდ კურორტებზე. ქალაქის მერია ძალიან ეხმარება სასტუმროებს და ბევრ რამეს უფასოდ უკეთებს. ჩვენ კი, ყველაფერს დამოუკიდებლად ვაგვარებთ. თანაც ორმაგ ფასს ვიხდით კომუნალურ გადასახადებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1 კუბ/მ წყალში 4,50 ლარს ვიხდით. თვეში 2000 ლარს რომ წყალსა და ელექტროენერგიაში გადაიხდი, რა უნდა ქნა?

სასტუმროს შენახვა თბილისში მართლაც ძვირი ჯდება: შენობაც დაქირავებული მაქვს, გადასახადებს ვიხდი, მომსახურე პერსონალს ანაზღაურება ხომ უნდა? ხან საშხაპე ფუჭდება, ხან - ონკანია გამოსაცვლელი - ათასი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვაქვს. ჩვენი კოლეგები მეზობელ ქვეყნებში იმით გვჯობნიან, რომ პირობები უკეთესი აქვთ და გადასახადები - ნაკლები. ამიტომაც შეუძლიათ ტურისტებს, ჩვენთან შედარებით, დაბალი ფასები შესთავაზონ“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ლერი მუჯირიშვილმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს სასტუმრო „დ პლაზას“ ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ოსიტაშვილიც. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, მათ სასტუმროში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.

„ძალიან ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა, კონკურენცია გაიზარდა და ალბათ, ამის ბრალია, რომ კლიენტურა შეგვიმცირდა. რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ თურქეთს ვერ შევედრებით, რადგან ამ ქვეყნის შემოსავლების თითქმის 50 პროცენტი ტურიზმზე მოდის, ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა იქ ჩვენგან განსხვავებულია: ყველანაირად უწყობენ ხელს ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროები ამ ქვეყანაში გრძელვადიანი, უპროცენტო სესხებით სარგებლობენ, როდესაც სასტუმრო ახალი გახსნილია, პროცენტს საერთოდ არ ახდევინებენ და სერიოზულ შეღავათს უწევენ... ბუნებრივია, ამ პირობებში ტურიზმიც ვითარდება და ამ სფეროს შემოსავალიც ძალიან მაღალია“, - აღნიშნავს ნინო ოსიტაშვილი.