აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 11 774 ტერაქტი განხორციელდა, რაც 2014 წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი შეტევა 55% ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში ხორციელდება. თუმცა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა და 28 328 შეადგენს, მათ შორის 7 000-ზე მეტი „ბოევიკია“.
დეპარტამენტის ანგარიშში რომელშიც მსოფლიოს ტერორისტული საფრთხეებია შეფასებული, ცალკე თავი საქართველოს ეძღვნება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„2015 წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო, ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებების სერია განხორციელდა. გარდა ამისა, საქართველომ საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საქმეში რიგი ნაბიჯი გადადგა.
გასულ წელს საქართველოში მცხოვრებმა ექსტრემისტებმა გაახშირეს სოციალური მედიის გამოყენება საკუთარი იდეების გასავრცელებლად. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში, სირიაში მებრძოლმა ქართველებმა მოუწოდეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განახორციელონ თავდასხმები „ურწმუნოებზე“ საქართველოში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, აჭარასა და პანკისის ხეობიდან სირია-ერაყის ტერიტორიაზე, ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად 50-დან 100 მოქალაქემდე გაემგზავრა. აქვე აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა გააძლიერა და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, სერიოზული სამართლებრივი ბაზა შექმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ისინი წამყვან როლს ასრულებენ და, როგორც წესი, კარგად გაწვრთნილი და ეკიპირებული არიან.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ფინანსირებასთან აქტიურად იბრძვის, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე და ამ ფონზე ქვეყანა სერიოზულ შესაძლებლობებს ავლენს.
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი შეფასება, იმდენად, რამდენადაც ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული. ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე, სირიასა და ერაყში და ამ ფონზე საქართველო ავლენს თავის ძალიან სერიოზულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, ამ შეფასებას ჩვენ გადავყავართ ურთიერთობის ახალ ფაზაზე.
„ეს გახლავთ ის, რომ ამ შემთხვევაში ვართ არა მხოლოდ ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი ტერიტორია დაიცვას ტერორიზმისგან, არამედ ჩვენ მონაწილობას ვიღებთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, ამიტომ მომავალში ამ მხრივ უკვე შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობის სერიოზულად განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ანგარიში ერთგვარი მოტივაციური ფონია, რომ საქართველო სწორ გაზაზე დგას ამ მიმართულებით, თუმცა, გასაკეთებელია კიდევ უფრო მეტი, რაც ქვეყანას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
„ამ მიმართულებით არის გაჟღერებული ეს გზავნილი, რადგან ამ მიმართულებით დიდი პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ საფრთხე რეალურად იქნას დაბლოკილი და განეიტრალებული. საფრთხე ჯერ არ ჩანს, უხილავია, თითქოს, ჯერჯერობით არ გვეხება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
სოცილურ ქსელში დაიდო ქართულენოვანი ჯიჰადისტური საიტი, რომელიც აშკარად მიმართული იყო ახალი თანამებრძოლების რეკულიტირებისათვის. რამდენიმე ხანში ეს ვებ-გვერდი გაუქმნდა, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ მათი ყურადღების ეპიცენტრში, რაც საყურადღებოა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, ჯერჯერობით წყნარ მდგომარეობაში არიან და ის კიბერპრევენცია, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, კარგია, მაგრამ რამდენად იქნება მომავალში სერიოზული პრევენციის საფუძველი, ეს რთული სათქმელია.
„სამწუხაროდ, საქართველოში გახშირდა რადიაქტიური ნივთიერებების ტრანზიტის ფაქტი, რაც ასევე ძალიან საყურადღებოა. ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მთავარი სატრანზიტო საკომუნიკაციო ქსელი საქართველო იყო. ის რაოდენობა რაც იყო დაფიქისრებული, საკმარისია იმისათვის, რომ დაიშმა რადიაქტიული იარაღი აწარმოოს, რომელიც გლობალურ დონეზე მომაკვდინებელ ეფექტს შექმნის, რაც საკამოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადაოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, გარკვეულწილად დიპლომატიური გზავნილია.
„გარკვეული დიპლომატიური სვლა არის. ვხედავთ, რომ გარკვეული სერიოზული შეფერხებებია ნატოს მიმართულებით, უკვე ლაპარაკი აღარ არის ვიზალიბერალიზაციაზე. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, თვით შეერთებული შტატებიც, ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დაცულები ვართ, მიუღებელია. დღეს 21-ე საუკუნეა და მგონი დარწმუნდით, რომ ტერორიზმს მანძილი არ აფერხებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.