„გუჯაბიძე და ნაზღაიძე მაღალი კვალიფიკაციითა და განაჩენთა დასაბუთებულობით გამოირჩეოდნენ“

„გუჯაბიძე და ნაზღაიძე მაღალი კვალიფიკაციითა და განაჩენთა დასაბუთებულობით გამოირჩეოდნენ“

„ჩემს მიმართ არასადროს ყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემი 11 წლიანი მუშაობის პერიოდში დევნაზე საუბარი კი არა, ერთი საჩივარიც კი არ შესულა. ასევე სადისციპლინო დევნა - მსგავსი რამ არც არასდროს ხორციელდებოდა და არც ხორციელდება. ეს ყველაფერი რაც ითქვა, ითქვა ერთი მიზნით - სასამართლოს დისკრედიტაციისთვის“, - ამ განცხადებით დაიწყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუჯაბიძემ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, რომელმაც საქმე არ აიცილა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ მოსამართლე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი, რაც არ არსებობს.

მოსამართლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები არ იყო მორალურად ადვილი გადასატანი, მიმდინარე საქმის გადაწყვეტილებაზე მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები გავლენას არ იქონიებს და ამ თემაზე საუბარს მეტად აღარ აპირებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი ადასტურებს, რომ მოსამართლეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი 2 წლის წინ იყო შესული, თუმცა საბჭომ მას არავითარი სახდელი არ დააკისრა. ლევან მურუსიძე ასევე განმარტავს, თუ რატომ შეუწყდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს მხრიდან ბინის ქირის გადახდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს საკითხი კონფიდენციალური არ არის, ამაზე მან თავად განაცხადა უარი, ანუ მიმართა საბჭოს განცხადებით და უარი თქვა ქირაზე. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს ვერც საბჭო და ვერც მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

გვარამიას მიერ გახმაურებულ ბრალდებაზე ინფრომაციას არ ფლობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

„პრაქტიკაში ზოგადად, არსებობს, აუცილებელიც არის და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ მოსამართლეს, რომელიც რეგიონიდან არის, ან ასრულებს მოსამართლის მოვალეობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. რაღაც ტიპის დარღვევა არის და ნამდვილად არ არის სასურველი, რომ მოსამართლე ოჯახის წევრს უხდიდეს ქირას“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ განაცხადა, მან სახელმწიფო ქონება გაფლანგა და ეს საქმე პროკურატურას წარმოებაში აქვს. გვრამიას ბრალდება არ დაადასტურა მთავარმა პროკურორმა, რომლის განცხადებით, მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

ირაკლი შოთაძის განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც გვარამიამ გაავრცელა ცალსახად ტყუილია.

„არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შემოსულა. შესაბამისად, არანაირი გამოძიება და მით უმეტეს, არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ეს არის ცალსახა ტყუილი.

ყოველთვის არის შესაძლებელი წინასწარ, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არავის გადაუმოწმებია. აშკარაა, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ, აშკარად მიზანმიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

იურისტების განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის ქმედებაში სისიხლის სამართლის დანაშაული და თაღლითობა, როგორც ეს გაცხადებული იყო ნიკვა გვარამიას განცხადებაში, არ იკვეთება, რადგან სამართლებრივად ამ ხელშეკრულების დადებას არავითარი კანონის მიღმა ფარგლები არ აქვს, რაც იურისტ ირმა ჭკადუას განცხადებით, არც დისციპლინური დევნის საფუძველია და მით უმეტეს მოსამართლის აცილების.

„და სად არის დანაშაული? შემიძლია ჩემს შვილის მივაქირავო სახლი, რადგან ის არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი. რა მნიშვნელობა აქვს ვის მივაქიარავებ და ამაში კანონდარღვევა რა არის? „რუსთავი 2“-ს საკმაოდ კარგად გამოსდის და ახერხებს იმ ადამიანების პროვოცირებას, რომლებიც მათ ინტერესებს არ გაატარებენ. საერთაშორისო იმიჯს უკარგავენ ქვეყანას იმით, რომ ასეთი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს სასამართლოზე, რაც ნამდვილად არ არის კარგის მომტანი“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით პრეტენზიები არ არსებობს. სასამართლოში რჩება პრობლემები, მაგრამ ასეთი მიზანმიმართული შეტევა, რასაც მიზანმიმართულად ახორციელებს გვარმია, საფრთხეს უქმნის სასამართლოს.

„ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა გვარამიამ, რომ ასეთი მიდგომა ლახავს საერთაშორისო დონეზე სასამართლოს იმიჯს. სამწუხაროდ, ამის ტექნოლოგები არიან „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები, რომლებიც ამას აკეთებენ და ეს მათ ძალიან კარგად იციან. სამწუხაროა, რომ ამ ანკესზე ვეგებით და ამ სისულელეებზე შემდეგ დისკუსიებს ვმართავთ. ეს არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს სასამართლოს წინააღმდეგ და ეს ისევ მოსამართლეების ბრალია.

კეთილი უნდა ენებათ, გამოსულიყვნენ და ემხილათ ყველა ის ადამიანი, რომლებიც მათ აიძულებდა ყოფილიყვნენ ისეთი მონები, როგორებიც იყვნენ 9 წლის განმავლობაში. მაშინ ვერავინ გაბედავდა ამ ტიპის ზეგვალენის განხორციელებას. ის, რომ დღეს სასამართლო კორპუსი გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ოდესმე, ეს ცალსახაა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. სასამართლო კორპუსში რჩება პრობლემები და ამაში დამნაშავე თვითონ მოსამართლეები არიან. რაც შეეხება ამ მოსამართლეებს, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც, მაშინ, როდესაც მოსამართლეები დატერორებულები იყვნენ, გუჯაბიძე და ნაზღაიძე საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციით და განაჩენთა დასაბუთებულობით გამოირჩეოდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.