„პრეზიდენტი უმრავლესობის მისამართით გაკეთებული ასეთი შეფასებით საერთაშორისო საზოგადოებას შეუქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს, ძალადობა და ე.წ. „ძველბიჭობა“ ქვეყნის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი ალბათ, მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტს „დაარტყამს“ „ქართულ ოცნებას“, ამით საკუთარ რეიტინგს აიწევს.
for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.
რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება, რომ უმრავლესობაში არიან „მოძველბიჭო ტიპები“, რომელსაც არ თვლის მოკავშირედ?
მანანა კობახიძე: არ ვიცი რას გულისხმობს ბატონი პრეზიდენტი „ძველ ბიჭობაში“. ეს თავად უნდა დააკონკრეტოს. კორცხელის ინციდენტს თუ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, დანაშაული მოხდა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პირი, ვინც ძალადობდა. ამისთვის არის შესაბამისი უწყება და პროკურატურა. იცით, რომ ამ ადამიანებს ბრალი წაეყენათ, მაგრამ რა შუაშია აქ ხელისუფლებაში „ძველბიჭური“ მიდრეკილებები ჩემთვის გაუგებარია.
პრეზიდენტი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გადმოტანილი ეს ზონდერული პოლიტიკა. ძალიან მკაცრია თავის შეფასებაში პრეზიდენტი...
- არანაირი ზონდერული პოლიტიკა არ არსებობს. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია. ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს ამ ინციდენტში მონაწილეებს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თუ „ნაციონალური მოძრაობის“. ეს არის ერთი ფაქტი და არავითარი ძალისმიერი პოლიტიკა, მით უმეტეს „ძველბიჭური“ არ არსებობს და ამ ტერმინებში ცოტა ფრთხილი უნდა იყოს პრეზიდენტი. ის, რომ ხელისუფლებაში არიან „ძველი ბიჭები“, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მაშინ უნდა თქვას, რას გულისხმობს და ვის ადანაშაულებს ამ ე.წ. „ძველბიჭობაში“.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც პრეზიდენტი გიყენებთ. ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემის შეცვლაში „ქართულ ოცნებას“ ვერ ხედავს მოკავშირედ...
- როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეს პოლიტიკა აქვს არჩეული, რომ რაც უფრო მეტს დაარტყამს „ქართულ ოცნებას“, ამით აიწევს საკუთარ რეიტინგს. ყოველ შემთხვევაში, ის არ არის მხოლოდ არასამთავრობოების, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციის პრეზიდენტი. მთელი ქვეყნის პრეზიდენტია და როდესაც მოქმედ ხელისუფლებაზე ასეთ განცხადებას აკეთებს, ამას სერიოზული არგუმენტები სჭირდება. რას ნიშნავს მოკავშირე?! პირიქით შემიძლია ვთქვა, რომ მისი მხრიდან არ ხორციელდება არანაირი წინასწარი კონსულტაციები პარლამენტთან, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა
კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანები მისცეს პასუხისგებაში...
- ძალიან კარგად თქვა პრემიერმა და ვეთანხმები მას, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც ხელისუფლების პირველი პირი გამოდიოდა და გასცემდა ბრძანებებს თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ეტყობა, ბატონ პრეზიდენტს ალბათ, კარგად ახსოვს სააკაშვილის სტილი, როდესაც ის პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა, თუ ვინ დაეჭირათ და ვინ არა. ისიც გვახსოვს, რომ პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებსაც უშვებდნენ ციხიდან. დამთავრდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტი წყვეტდა ვინ უნდა დაეპატიმრებინა და ვინ გამოეშვა.
როდესაც პრეზიდენტი გიპირისპირდებათ, ეს რამდენად წამგებიანია „ქართული ოცნებისთვის“?
- არამარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ პრეზიდენტის ასეთი შეფასება დამაზიანებელია ქვეყნისთვის. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს, ძალადობა და ე.წ. „ძველბიჭობა“ ქვეყნის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა. ეს ასე არ არის და ძალიან ფრთხილი უნდა იყოს პრეზიდენტი თავის შეფასებებში. როგორც ჩანს, ეს მისი სტილია. მოსვლის პირველივე დღიდან თქვა, რომ ოპონირების რეჟიმში უნდა იყოს, ანუ ოპოზიციაში უნდა იყოს. რეალურად ოპონირების რეჟიმშია და არ მიკვირს მისი ასეთი განცხადებები.
პრეზიდენტის განცხადებები არ გიკვირთ, მაგრამ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე რას იტყვით?
- სამწუხაროდ, უკვე აღარც გუბაზ სანიკიძის განცხადებები მიკვირს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ კიდევ მრავალი ასეთი განცხადება გაკეთდება.
ერთი მხრივ, ის აკრიტიკებს უმრავლესობას, მაგრამ აქებს ივანიშვილს და ამბობს, რომ გარემოცვის მსხვერპლია. სანიკიძე, ახვლედიანი, რესპუბლიკელები, პრეზიდენტი, რა ხდება, რატომ გიპირისპირდებათ საკუთარი გუნდის წევრები?
- როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკოსები უერთდებიან ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილს. როდესაც 4 წელი ხელისუფლებაში ხარ და პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლების საწინააღმდეგო კრიტიკული პოზიცია არ დაგიფიქსირებია და არც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიგიღია, მაშინ თავიდან ბოლომდე იზიარებ ყველა პასუხისმგებლობას. ახლა, უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე უმრავლესობაში უვიცები, უნიჭოები, არაკომპეტენტურები ყოფილან. ეს ის ტერმინებია, რასაც ნაცმოძრაობა იყენებს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ რაღაც ნიშის დაკავება ხდება, რაც ჩემთვის სამწუხაროა.
თუმცა კორექტულობას ინარჩუნებს ივანიშვილთან დაკავშირებით...
- ნახეთ გუბაზის განცხადებიდან რა გამოდის: წერილი თურმე ბიძინამ კი არ დაწერა, ვიღაც უვიცებმა დაუწერეს. მას მოეწონა ამ უვიცების და უნიჭოების დაწერილი წერილი, ხელიც მოაწერა და თან თავისად გაასაღა?! - ეს არ არის ივანიშვილის შეურაცხყოფა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ადამიანს, იქნებ ბატონმა გუბაზმა სხვა რამ იგულისხმა?!
იქნებ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ საკადრო პოლიტიკაში აქვს შეცდომა?
- ეს არის ოპონენტების აზრი. შეიძლება საკადრო საკითხში რაღაც პრობლემა იყოს, იდეალური არავინაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი მწვავე განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
5 დღეში იწყება საარჩევნო კამპანია და რამდენად მზად ხართ იმ კრიტიკისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ წინაშე დადგება?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ ჩვენ საზოგადოებას ავუხსნათ, სად იყო საზოგადოება 2012 წლამდე და რა გაკეთდა ამ 4 წელიწადში. რა დანაპირები შეასრულა ხელისუფლებამ და კიდევ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები აბსოლუტურად რეალისტური იქნება, რომელიც სწორედ უპასუხებს მოსახლეობის პრობლემებს. საზოგადოებას ექნება შეფასების უნარი, ვის აქვს იმის რეალური პოტენციალი, რომ ამ ქვეყანას და ხალხს ხელისუფლებაში ყოფნით რეალურად სიკეთე მოუტანოს - იმ პარტიებს, რომლებიც დიდი ხანია გაკოტრებულია, თუ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.
მაგრამ ამ ოპოზიციაზე საუბრობს სწორედ ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში, ის არ საუბრობს მესამე პოლიტიკურ ძალაზე...
- საუბრობს იმიტომ, რომ პარლამენტში წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ. ოპონირების რეჟიმი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც როგორც პარლამენტში, ასევე ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში წარმოდგენილია როგორც ოპოზიციური ძალა. ქართველი ხალხის ასარჩევია ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, იმიტომ, რომ მიმაჩნია ეს ძალა იდგა ძალადობაზე და კრიმინალზე, ადამიანების ღირსების აყრაზე.
სახიფათო კონკურენტს არ ხედავთ პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური პარტიის სახით?
- სხვადასხვა მიზეზების გამო, პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად ვერ აღვიქვამ სახიფათო კონკურენტად. მიმაჩნია, რომ ეს პარტია გარკვეული მიზნებით „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიად არის ჩამოყალიბებული.
და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ ძალიან დიდი აგრესია და უარყოფითი მუხტია მათ მიმართ საზოგადოებაში და შესაბამისად, შანსებიც უფრო და უფრო ნაკლები აქვთ. ამიტომ, რაღაცით ეს ძალა უნდა ჩანაცვლდეს. მგონია, რომ ეს გეგმა არსებობს, რომლის თანამონაწილე შესაძლებელია, იყოს ბატონი პაატა. შეიძლება ყრილობაზე ბევრი ადამიანი მივიდა თავისი იდეალებით, მიზნებით, შემართებით, მაგრამ რეალურად რა გარიგებაა პაატა ბურჭულაძესა და სააკაშვილს შორის, ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება ყრილობაზე მისულმა ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის.
თქვენ იცით?
- არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყველას თავის აზრი აქვს და ყველას არჩევანს პატივს ვცემ. ხალხს თავიანთი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეუძლია აირჩიოს თავისი პოლიტიკური ლიდერიც და პარტიაც. ეს არის დემოკრატია, რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული ხედვები უნდა იყოს. განსხვავებული პოლიტიკური პარტიების პაექრობაც საარჩევნო პროცესია. ეჭვი მაქვს, რომ ბურჭულაძის პარტია სატელიტი პარტიის როლს შეასრულებს „ნაციონალური მოძრაობისთივს“.
ჩემი აზრით, ნაციონალებს არ აქვთ შანსი დარჩნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად. ამიტომ, შესაძლოა, სჭირდებოდათ ასეთი კარგად „შეფუთული“ ადამიანის მხრიდან პარტიის შექმნა, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მომხიბვლელი იქნებოდა, მაგრამ რა შეთანხმბები დგას მის უკან? ის, რომ კრიტიკა არ ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, ბადებს საფუძვლიან ეჭვებს.
ბურჭულაძე მთელ რესურსს ახმარს „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მიმართ თავდასხმებს. არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჰქონდა. ეს ადამიანი სააკაშვილის რეჟიმის დროს ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ არის რაღაც კავშირები სააკაშვილსა და ბურჭულაძეს შორის. სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჭირდება რაღაც ახალი ძალით პარლამენტში შემოსვლა.