მაისში ქართლ-კახეთს სტიქიამ გადაუარა. სეტყვამ მრავალი სოფლის მოსავალი გაანადგურა. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება. ყოველ წელს განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად მუდმივი საფრთხისა, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვას არ ჩქარობენ.
აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში უკვე 2 წელია მოქმედებს, მაგრამ მისით გლეხების მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს. როგორც აღმოჩნდა, პროგრამაში ფერმერების 6.3 პროცენტია ჩართული. „საქსტატის“ მონაცემებით კი, დღეს ქვეყანაში სოფლად არის 461 740 შინამეურნეობა, აქედან კი 29 000 ბენეფიციარია პროგრამაში.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე განმარტავს, რომ 2015 წელს 29 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, წელს კი პროგრამა 20 აპრილიდან გაგრძელდა და მასში უკვე 2 000 ფერმერია ჩართული. გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ანაზღაურებულმა ზარალმა 14 მილიონი ლარი შეადგინა.
მაღრაძის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა, თუმცა ამ მიმართულების კუთხით დაბალი კულტურის პრობლემა მაინც დგას.
„როდესაც ერთ მეზობელს დაზღვეული ჰქონდა და ზარალი აუნაზღაურდა, ახლა მეორეც აზღვევს. ასეთი ტენდენცია შეინიშნება. უბრალოდ, ფერმერების ინფორმირებულობის დონე 2014 წლის სექტემბრამდე არსებულ დონესთან შედარებით მნიშვნელოვნადაა ამაღლებული. ბენეფიციარები ცდილობენ პროექტის დეტალები გაიგონ, ხელშეკრულებები წაიკითხონ. ჩვენც ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათი ცნობიერება ავამაღლოთ. ვფიქრობთ, რომ ცნობადობა და დაზღვევის კულტურა იზრდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ მაღრაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროც პირდაპირ აცხადებს, რომ დახმარების ხელს გაუწვდი მათ, ვინც აგროდაზღვევის პროგრამაშია ჩართული. მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში მიაქცევენ ყურადღებას.
„ჩვენ დავეხმარებით იმ ხალხს ვისაც უკვე აგროდაზღვევა აქვს, თუმცა ვერ დავეხმარებით მათ ვისაც ეს დაზღვევა არ აქვს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა. ეს ნიშნავს, რომ სამომავლოდ გლეხებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ დაზღვევის მიმართ.
სხვათა შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარს გაძნელებია სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციის მიღება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა ორმხრივია და დაფიქსირებულა როგორც ბენეფიციარის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.
„პირველი გახლავთ ის, რომ კონტრაქტის პირობები არ არის ხოლმე შესწავლილი ბენეფიციარების მიერ. ისინი ხშირ შემთხვევაში ისე აწერენ ხელს, რომ არ ეცნობიან ხელშეკრულების პირობებს და ყოფილა ისეთი შემთხვევაც, სადაც სადაზღვეობის მხრიდან ყოფილა კონკრეტული შეფერხებები, თუმცა, ამ დროს ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვუკარნახებთ კერძო სექტორს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი რასაც ჩვენი ვალდებულება ჰქვია და ვიყოთ შუამდგომლები კერძო სექტორსა და ბენეფიციარებს შორის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა (ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი) ჩართული. პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.
2016 წელს პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფერმერს შეუძლია 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40%-ის ნაცვლად, 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას, თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
წელს აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, 10 მილიონ ლარს შეადგენს.