„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. გერმანულ მოდელს პოლიტიკური კრახისთვის გაწირავს, თუ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება, ეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე - 24 ივნისამდე გახდება ცნობილი.
უმცირესობა კორცხელის ინციდენტის დამკვეთებისა და შემსრულებლების დასჯის მოთხოვნით პოლიტიკურ ბოიკოტს კვლავ აგრძელებს, პარლამენტში სასწორზე კი, მათივე მხარდაჭერილი ე.წ. გერმანული მოდელი დევს, რომელიც მანდატების ახლებურ გადანაწილებას გულისხმობს.
იმის გამო, რომ ნაციონალები სხდომებზე არ ცხადდებიან, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი სამი კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა. მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ე.წ. გერმანული მოდელი პლენარულ სხდომაზე თუ როდის გავა, ეს ოფიციალურად არ კონკრეტდება, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, დეპუტატები ცვლილებების თაობაზე მსჯელობას თვის ბოლომდე - 24 ივნისამდე გეგმავენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ისინი ოპოზიციური ერთობის და ე.წ. გერმანული მოდელის წინააღმდეგ არ წავლენ, თუმცა, მათ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობისკენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „გირჩი“ მოუწოდებენ.
როგორც for.ge-ს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, მას ყოფილი თანაგუნდელების ბოიკოტის მიზეზი ესმის, თუმცა, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ასეთ პროცესს არ უნდა ეთიშებოდეს.მისი თქმით, თუკი მათ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გააზრებული აქვთ, ისინი ცვლილებებს სესიაზე მხარს დაუჭერენ.
„მათი გადაწყვეტილების უკან სხვა მიზეზის ძებნას არ დავიწყებ, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პროცესიდან მათმა გამოთიშვამ ის განაპირობა, რომ საკითხის გატანისთვის ერთი ხმა დაგვაკლდა. თუ მსგავსი მიდგომა იქნება, პლენარულ სხდომაზე ვერაფერს ვერ დაგპირდებით. არ ვიცი, მათ ე.წ. გერმანული მოდელი რამდენად აწყობთ“, - ამბობს კუბლაშვილი.
კუბლაშვილის მსგავსად, ნაციონალებს ფრაქცია - „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია მავნე ჩვევებს არ იშლის. ჩიქოვანის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომებში მონაწილეობას არ იღებს, ამ კანონპროექტის მიღების შანსი არ არსებობს.
„ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, რადგან პოლიტიკური ბოიკოტის შემთხვევაში, ე.წ. გერმანული მოდელის გატანა შეუძლებელია. სასწორზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები დევს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათი პოლიტიკური ბოიკოტის ერთ-ერთი მოტოვი ამ საკითხებზე საერთო პოზიციების არქონაა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მავნე ჩვევებს არ იშლის და ფიქრობს, რომ ის სისტემა გამოადგება, რომელიც წლების მანძილზე კარგად გამოიყენა“, - აცხადებს ჩიქოვანი.
ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია ნაციონალებს თავს არ ესხმის, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ ისინი საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პოზიცია გამოხატეს, რომ მას მხარს უჭერენ.
კანონმდებელი იმედოვნებს, რომ მათი ბოიკოტი სესიაზე კენჭისყრაზე არ აისახება, რაც საკომიტეტო მოსმენაზე აისახა.
„პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უკან პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის ჩანს, თუმცა, მათი განცხადებებიდან არ ჩანს, რომ სისტემის შეცვლა არ უნდათ. ეს საკმაოდ პრაგმატული ძალაა და ალბათ, იმას დააფასებენ, რომ ეს ცვლილება ქვეყანაში მრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს კორძაია.
რაც შეეხება ნაციონალების განწყობას, მიხეილ მაჭავარიანი for.ge-ს არწმუნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ხალხისთვის კარგი იქნება.
მისი განცხადებით, მისი გუნდი მოძალადეების დასჯას ითხოვს და ოპოზიცია უნდა აცნობიერებდეს, რომ თუკი კორცხელის დარბევა სათანადოდ შეფასებული და დასჯილი არ იქნება, მაშინ, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე იგივე განმეორდება.
„მაგათ საქმესაც ვაკეთებთ, რომ მოძალადეების დასჯას ვითხოვთ. არ მგონია, „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები ვერ ხვდებოდნენ, რა პრობლემების წინაშე დავდგებით, თუკი ისეთი არჩევნები ჩატარდება, როგორის გამართვასაც „ოცნება“ აპირებს. მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, მოძალადეები დაისაჯონ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
მაჭავარიანის ცნობით, მისმა პარტიამ თქვა, რომ თუ ოპოზიციური ერთობა იქნებოდა, ისინი ამას ხელს არ შეუშლიდნენ.
„პირიქით, არსებულ მახინჯ მოდელს ყველაფერი სჯობს. იმაზე არ ვსაუბრობთ, თავის დროზე, ამ მახინჯს მოდელს მხარი ვინ დაუჭირა, ძველ რაღაცეებს არ ვჩიჩქნით და ამიტომ, ყველამ თავის ბოსტანს მოუაროს. „ნაციონალური მოძრაობა“ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ხალხისთვის კარგი იქნება. იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ოპოზიციურ ერთობას ზიანს არ მიაყენებს. ჩვენმა კოლეგებმა ჩვენი პროტესტი უნდა გამოიყენონ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და არა - მოჭიდავეები. ისე მოხდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ბრძოლა წააგო და მას თავისი ადგილი მიუჩინეს. კახი კალაძემ ეს ბრძოლა მოიგო, რადგან ის ამ იდეის სულის ჩამდგმელი და ყველაფერი იყო“, - დასძენს მაჭავარიანი.
ე.წ. გერმანული მოდელის მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. პარლამენტში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში, ცვლილებების მიღების შანსი არსებობს, თუმცა, საკუთარი ხმების მობილიზაცია მოუწევთ, როგორც ნაციონალებს, ასევე „თავისუფალ დემოკრატებს“, „გირჩს“, რესპუბლიკელებს და „ეროვნულ ფორუმს“, ასევე საჭიროა დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა, მათ შორის, გიორგი ვაშაძის, კობა დავითაშვილისა და მურმან დუმბაძის.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად. ცვლილებების თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.