საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ ეჭვი უჩნდება მმართველ კოალიციაში გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფების არსებობის შესახებ, არ იზიარებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირკალი კობახიძე და გიორგი მარგველაშვილს ახსენებს, რომ სწორედ ამ გუნდის დახმარებით გახდა იგი საქართველოს პრეზიდენტი.
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ ვის აერთიანებს ჩვენი გუნდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი და არ არის კორექტული. „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არანაირი ძველბიჭური დაჯგუფება. მარგველაშვილმა ზუსტად იცის, თუ რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“ და რა გუნდი ხელმძღვანელობს მას, ამ გუნდის დახმარებით გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი.
როგორ ფიქრობთ, ვინ არის პრეზიდენტის განცხადების ადრესატი?
– ეს კითხვა ჩვენც უნდა დავსვათ. დახ, ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ჯგუფზე. აქ არანაირი დაჯგუფებები არ არსებობს, როგორზეც ამ განცხადებაში არის საუბარი და მით უმეტეს არ არსებობს არანაირი „ძველბიჭური დაჯგუფება“.
პრეზიდენტმა ეს განცხადება კორცხელის ინციდენტის შეფასებისას გააკეთა...
– რაც შეეხება თვითონ კორცხელის ინციდენტს, მთელმა ჩვენმა გუნდმა, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც კორცხელში მოხდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ ოქტომბრის არჩევნებში არ მოხდეს. აქედან გამომდინარე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქმე გვქონდა ჩვენ რაღაც დაგეგმილ ფაქტთან.
პრეზიდენტის განცხადებაში არ ჩანს კონკრეტიკა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ამ დაჯგუფებას კახი კალაძე ხელმძღვანელობს...
– რაც შეეხება კახი კალაძეს, ამ საკითხზე მე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ გუნდის დახმარებით გახდა გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი და ზუსტად იცის მან კახა კალაძე რა გუნდს წარმოადგენს. საუბარია პრეზიდენტის ინტერპრეტაციაზე, შესაბამისად, სხვა პასუხს ჩვენ ვერ გავცემთ. ყველამ ზუსტად იცის თუ რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“, რა გუნდი ხელმძღვანელობს „ქართულ ოცნებას“ და ვინ არის კახა კალაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კახა კალაძეზე საუბარი რბილად, რომ ვთქვათ თავხედობაა.