„სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“

„სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“

კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, გამოძიებამ 6 პირს ხულიგნობის მუხლით ბრალი წარუდგინა. ბრალდებულებიდან 5 გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას ედავება, ხოლო მეექვსე ბრალდებულს გამოძიება ხულიგნობას ედევება, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის, ან სხვა სახის იარაღის გამოყენებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულებიდან ჯერჯერობით, არც ერთი პირი დაკავებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ექვსივე ბრალდებული ის პირები არიან, რომლებიც შსს-ში 24 მაისს გამოკითხვაზე საკუთარი სურვილით გამოცხადდნენ. თავად ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებული სპორტსმენების კობა ტყეშელაშვილისა და ვლადიმერ გეგეშიძის ადვოკატი, ზურაბ ბელთაძე აცხადებს, დაცვის მხარე ამ დრომდე ელოდება როდის შევა სასამართლოში შუამდგომლობა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. მისივე თქმით, ბრალდებულები ცემის ფაქტს აღიარებენ, თუმცა წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

„ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ექვსი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ხულიგნობას. სავარაუდოდ, დღეს მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენას მნიშვნელოვანს უწოდებს აშშ-ის ელჩი. როგორც იან კელიმ აღნიშნა, ისინი მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს თავიდანვე მოუწოდებდნენ გამოძიების ბოლომდე მიყვანისკენ.

„მთავარია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამდენადაც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი. ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალის წარდგენა მოხდა. ეს არის მთავარი“, - აღნიშნა იან კელიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი დამკვეთის დასჯას მოითხოვენ, რადგან თვლიან, რომ ბრალდებულები დაკვეთას ასრულებდნენ. ოთარ კახიძის განცხადებით, გამოძიება სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ დამკვეთი არ გამოვლინდება და დაისჯება.

„ეს არის ჯგუფი, რომელიც ვიცე-პრემიერ კალაძის ხელმძღვანელობით სწორედ ამგვარი საქმეებისთვის ემზადება. ამიტომ გამოძიება ვერასდროს იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ ვიცე-პრემიერ კალაძეს და არ გაირკვევა ვისი დაკვეთით მოქმედებენ ისინი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძიეს წარსულა ახსენებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არაერთხელ გაუსწორდნენ მოქალაქეებს, თუმცა არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

„არ მახსოვს არასდროს, იმ პერიოდში, როდესაც იყო უამრავი ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე, იყო უსასტიკესი ანგარიშსწორებები, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანონით და სამართლის სიზუსტით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და სასამართლომ და გამოძიებამ იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის და კანონიერების პრინციპით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მაშ ასე, გამოძიებამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პასუხისგებაში მისცა. ამის მიუხედავად პრეზიდენტი ეჭვობს, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული „მოძველბიჭო დაჯგუფება“.

„სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი. ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობისგან“ როგორც „ზონდერული“ პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ „ნაციონალების“ მიერ შექმნილი რაღაცა ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა ეს რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ძალიან ნათლად ქართულმა საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აღშფოთება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათ გარშემო მოძველბიჭო ტიპებს არ იცნობენ და პრეზიდენტს სთხოვენ, რომ მეტი სიცხადისთვის დაასახელოს კონკეტული ადამიანები. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მას მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ უნახავს.

„სამი წელი და 8 თვეა მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს. რაც შეეხება კორცხალის ინციდენტს და მიმდინარე გამოძიებას, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექსპეტრი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ზუსტი ტერმინია გამოყენებული პრეზიდენტის მიერ და თუ ვინმეს ეს ტერმინი არ მოსწონს, მაშინ მისივე თქმით, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ცემა-ტყეპაში არა თუ ძველბიჭები, არამედ მეცნიერებათა აკადემიის წევრები იყვნენ ჩართული.

„ტერმინების მიმართ დისკუსიების დაწყებას ჯობია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ასეთი ძველბიჭების მოკრებისა და მათი არაკანონიერი ქმედებებისთვის გამწესება, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რასაც დღეს უკვე ჰქვია - საფრთხე, ევროპაში უვიზო გადაადგილებისა ჩვენი სრულიად უდანაშაულო საზოგადოების“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.