პრემიერის პასუხი ნაციონალებს - ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქა დასრულდა

პრემიერის პასუხი ნაციონალებს - ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქა დასრულდა

კორცხელის 53-ე უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების პროცესში დაიკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სპორტსმენები. უმცირესობის წევრები ამტკიცებენ, რომ სპეციალურად მომზადებული ჯგუფი სამეგრელოში „ქართული ოცნებისა“ და პარტიის გენერალური მდივნის კახი კალაძის ორგანიზებით ჩაიყვანეს.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მოუწოდებს საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეს და ის პირები დასაჯოს, ვინც კორცხელის ინციდენტის დროს ადგილობრივებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად გაუსწორდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას ბრალს სდებს გამოძიების გაჭიანურებაში და პასუხისმგებლობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრს აკისრებს.

„პრემიერის შეფასება დაგვიანებულია და ასეთი მიდგომიდან გამომდინარე ხდება ძალადობის წახალისება. ეს არის გზავნილი, რომ კიდევ ძალადობა მოხდეს. მსგავსი ფაქტების თავიდან არიდებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

თუმცა, ასე არ თვლის გიორგი კვირიკაშვილი, რომლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითებები ადამიანების დაკავებაზე საქართველოში აღარ იქნება, მოლოდინებიც ნუ იქნება და აქვე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე. ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მკაცრი რეაგირება, რაც კი შეგვეძლო, გაგვეკეთებინა. გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება - დააკავეთ, დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა - ასეთი დავალებები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასასჯელი დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამართალდამცველებისგან კორცხელის ინციდენტზე რეაგირებას და საქმის დროულ გამოძიებას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. იან კელის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის შემდეგ, აუცილებელია, მხარეებს შორის დიალოგი, რათა ქცევის წესები და ნორმები ჩამოყალიბდეს.

„რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის პოლიტიკური ძალადობა, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, მიუღებელია, განსაკუთრებით - საარჩევნო წელს. ასეთი ინციდენტები სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს. ჩვენ გვაქვს საუბარი და ურთიერთობა მთავრობასთან. წავახალისეთ და მოვუწოდეთ, რომ ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს. აუცილებელია, დიალოგი მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის სწორედ ახლა, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ქცევის წესები და ნორმები“, - აცხადებს იან კელი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ დამნაშავის დაკავებას და დასჯას არეგულირებს კანონი და არა მთავრობის მეთაური. თუმცა, როგორც აბაშიძე აცხადებს, ამ ქვეყანაში კანონი არ მოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

„შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს. ვიღაცის მიმართ კანონი შეიძლება მთელი სიმკაცრით იყოს გამოყენებული და ვიღაცის მიმართ არა, ეს არის მთავარი პრობლემა. ქართული რეალობაა, როდესაც შეიძელბა 5 აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი უსამართლოდ ჩასვა ციხეში.

პრემიერ-მინისტრი როგორც ერთ-ერთი მთავარი პერსონა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე, თუმცა არ ვთლი, რომ პრემიერმა უნდა მიუთითოს გამოძიებას ვინ უნდა მისცენ პასუხისგებაში და ვინ არა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, მომავალში რომ გამორიცხოს ასეთი დაპირისპირება, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

„აქ საკითხი დგას ძალიან მარტივად - ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, ამ ხელისუფლების მსხვერპლი იყვნენ, ისევე როგორც თურმე, მურუსიძე ყოფილა ხელისუფლების მსხვერპლი. ეს ბიჭები თავიანთი სურვილით ტურისტების რანგში რომ არ ჩასულან სამეგრელოში, ეს ფაქტია. მათ პოლიტიკურად მიიღეს დავალება, რომ წასულიყვნენ სამეგრელოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მითითება მისცეს, რომ ეჩხუბათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი. ამ შემთხვევაში კანონის გამკაცრება ერთი საკითხია და მეორეა პოლიტიკური ნება, რამდენად მზად არის პოლირიკური ძალა, რომ მომავალში გამორიცხოს ასეთი დაპირისპირებები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი აგო ამ სახის ძალადობისთვის, იგივე მოელის ამ ხელისუფელბასაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

დროული გამოძიების და დამნაშავეების დასჯის იმედი აქვთ პოლიტოლოგებს, რომელთა განცხადებით, „ნულოვანი ტოლერანტობა“, „ყველანი ციხეში“ - ქვეყნის პირველი პირის მხრიდან მსგავსი შინაარსის მოწოდებები ისეთივე წარსულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, ყველა მონაწილე პირი კანონის შესაბამისად იქნას დასჯილი. მისი თქმით, არსებობს საზოგადოებრივი აზრი და ზოგადი პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ყოველთვის მოქმედებს საგამოძიებო და სასამართლო პროცესზე და ეს კლიმატი უკომპრომისო უნდა იყოს დანაშაულის მიმართ.

„დავუშვათ, რომ პრემიერს მოეწოდებინა საგამოძიებო უწყებისთვის დაეკავებინათ ეს ადამიანები, თქვენ წარმოგიდგენიათ რა საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა ამას? ეს იქნებოდა დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ სასამართლო და ძალოვანი უწყება არ არის დამოუკიდებელი. აქ სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რამდენად მოითხოვს ხელისუფლება თავის გავლენის ფარგლებში საგამოძიებო უწყებისგან საქმის ბოლომდე მიყვანას, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ეს უკვე არადეკლარირებული პოლიტიკის მხარეა.

„მიმაჩნია, რომ დეკალირებული უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია, რომ აუცილებლად გამოვლინდებიან დამნაშავეები და დაისჯებიან, რაც პოლიტიკურად არის აუცილებელი, იმდენად, რამდენადაც კორცხელის ინციდენტის მიჩქმალვაზე პასუხისმგებლობა სახელისუფლებო პარტიას დაეკისრება, რაც საკმაოდ ცუდად იმოქმედებს მის რეიტინგზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

„პრემიერს არანაირი უფლება არ აქვს დაპატიმრების ორდერი გასცეს, ან ძალოვან უწყებას დაავალოს ვინ დაიჭიროს“, -აცხადეს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს საქმის ობიექტური გამოძიება და დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირის დაკავება.

„ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი საქმე, მით უმეტეს, რომ არსებობს დოკუმენტალური მასალა. ვინც მონაწილეობდა ამ დანაშულში ადეკვატურად უნდა იქნეს დასჯილი და ეს აუცილებელია. მესმის, რომ ხელისუფლება რთულ ვითარებაშია, რადგან მათი ნებართვის გარეშე ეს ხალხი კორცხელის საარჩევნო უბანზე ვერ მოხვდებოდა. ვინც მიიღო გადაწყვეტილება ამ ხალხის სამეგრელოში გაგზავნასთან დაკავშირებით, უნდა ჩამოაშორონ სახელისუფლებო ბერკეტებს.

თუ გვინდა, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ასეთი გადაწყვეტილელები არ იქნას შემდგომში მიღებული. წინააღმდეგ შემთვევაში ოქტომბერში 3 ათას კორცხელს მივიღებთ. თუ ამისკენ მიდის ხელისუფლება, ეს უკვე სხვა საკითხია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.