საქართველოს უშიშროების სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკის ფაქტორი. მის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს და წარმოადგენს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
დღეისათვის, დასავლეთთან კონფრონტაციული ურთიერთობების და ეკონომიკური პრობლემების გამწვავების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის განხორციელების მოტივაცია რუსეთის მხრიდან შემცირებულია. სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება რუსეთის მხრიდან დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოსკოვი ვერ უზრუნველყოფს პრიორიტეტული ამოცანების შესრულებას - რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკის შერბილებას. ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხის სწრაფი ზრდა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რუსეთი კავკასიაში საკუთარი გავლენის დაკარგვის საშიშროებას დაინახავს.
გარდა ამისა, რუსეთს ამ ეტაპზე არ გააჩნია სტრატეგიული საჭიროება, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პირდაპირი ანექსია მოახდინოს. მსგავსი ქმედებებით მოსკოვი საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ ელემენტების ეფექტიანობას შეასუსტებს და რუსეთის საწინააღმდეგო განწყობების გამძაფრებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, მოსკოვის მოტივაციას ამცირებს ის გარემოება, რომ აღნიშნული ნაბიჯი დასავლეთის ყურადღების კონცენტრაციას გამოიწვევს და მინიმუმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გადაავადებს. პრო-რუსული პროპაგანდის და რუსული „რბილი ძალის“ ელემენტების გააქტიურებით, საკუთარი სამხედრო ძალის მუდმივი დემონსტრირებით, მოსკოვი ცდილობს ქართულ საზოგადოებაში დაამკვიდროს შეხედულება, რომ მისი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ქვეყნის უშიშროება და ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი (რაც ,ამ ეტაპზე, რეალობას შეესაბამება) . მოსკოვი ეცდება აჩვენოს, რომ უარესი შედეგი - ღია სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება, მხოლოდ რუსეთის პირობებზე დათანხმებით და ქვეყნის სუვერენიტეტზე ნებაყოფლობითი უარის თქმითაა შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული, რომ ჩამოყალიბდეს გარკვეული ტაქტიკურ-ოპერატიული გარემოებების ერთობლიობა (რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების გართულება დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის და საქართველოზე სრული გავლენის მოპოვების პერსპექტივის დაკარგვა), რომელთა გათვალისწინებითაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ანექსია მოახდინოს და აღნიშნულის დაჩქარებულ რეჟიმში განსახორციელებლად წლების განმავლობაში შექმნილი პირობები გამოიყენოს [2].
ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, რუსეთის ხელშეწყობით მოქმედი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები დეზინფორმაციული კამპანიით და ყალბი არგუმენტებით ცდილობენ ქართული საზოგადოება რუსეთთან თანამშრომლობის უპირატესობაში დაარწმუნონ. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთავაზებით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებით და კონფლიქტური რეგიონების პრობლემის გადაწყვეტაში დასავლეთის უუნარობის ჩვენებით, რუსეთი ცდილობს პროდასავლური კურსისადმი სკეპტიკური განწყობების გაძლიერებას და მასზე უარის თქმა კეთილდღეობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევის უალტერნატივო გზად წარმოაჩინოს. ამავდროულად, ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებული დიდი მოლოდინების ფონზე, საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ნატოს წევრ სახელმწოფოებს შორის პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა და საქართველოსთვის ახალი ფორმალური ბარიერების დაწესება პრობლემურს ხდის ალიანსში გაწევრიანების საკითხის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მყარი მხარდაჭერის შენარჩუნებას, რაც მოსკოვის წისქვილზე ასხავს წყალს.
მოსკოვი „რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობს ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დასავლური ღირებულებები ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს უქმნის საფრთხეს. პროპაგანდა რუსეთის ტრადიციული ფასეულობების დაცვის გარანტის როლში წარმოჩენას ცდილობს. იზრდება რუსეთის მხრიდან საქართველოს სამანევრო სივრცის შეზღუდვის საფრთხე და კავკასიაში გარე თუ შიდა აქტორების მიერ მოსკოვის დაბალანსების შესაძლებლობა კლებულობს. გლობალური მასშტაბით საკუთარი გავლენის გასაზრდელად, რუსეთი კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს მის უშუალო საზღვრებთან პოზიციების სწრაფ გამყარებას. მოსკოვი ცდილობს დასავლეთს უკვე შემდგარი რეალობის სახით შესთავაზოს პოსტ-საბჭოთთა სივრცეში საკუთარი დომინანტური პოზიციები და ამერიკის შეერთებულ შტატებს, უპირატესი შესაძლებლობების მიუხედავად, პროცესებზე რეაგირების შანსი არ დაუტოვოს. სულ უფრო მცირდება დასავლეთისა და თურქეთის პოტენციალი კავკასიაში რუსეთის დამაბალანსებელი ფუნქცია შეასრულონ. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, მოსკოვს აღარ აქვს მოტივაცია კავკასიაში ანკარის ლიმიტირებულ პოზიციებს შეეგუოს. გარდა ამისა, ირანის დეიზოლაციის და კავკასიაში მისი გააქტიურების პირობებშიც კი, თეირანს არ ექნება რეგიონში რუსეთის დაბალანსების პოტენციალი. რუსეთი კავკასიაში სასურველი რეგიონული წესრიგის ფორმირებისთვის ცდილობს აზერბაიჯანს მის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა აიძულოს, რითაც საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შემცირების საფრთხე იზრდება.
ქვეყნის უშიშროებისთვის მზარდ გამოწვევად რჩება აგრესიის ჰიბრიდული ფორმები. მოსკოვი აგრძელებს კავკასიის რეგიონში საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, ოკუპირებული რეგიონების და სომხეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული კომპონენტების (საჰაერო თავდაცვის სისტემა) ერთიანი რუსულ მართვისა და კონტროლის ქვეშ მოქცევას. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების საწარმოებლად აუცილებელ ყველა ძირითად მიახლოების მარშრუტს და ამავდროულად რეგიონში ჰიბრიდული ტიპის ოპერაციების ჩასატარებლად საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კონფლიქტის ესკალაციამდე და მის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის გამალებული მილიტარიზაცია რეგიონულ სამხედრო ბალანსს საქართველოსთვის უარყოფითად ცვლის. ბაქო და ერევანი ერთმანეთის საბრძოლო შესაძლებლობების დაბალანსების მიზნით საკუთარი ცალკეული სამხედრო კომპონენტების შესაძლებლობების გაუმჯობესებას აგრძელებენ. აღნიშნული პროცესი საქართველოს რეგიონული სახელმწიფოების სამხედრო კუთხით დაბალანსების შესაძლებლობას უკარგავს, რამაც შეიძლება მომავალში ცუდად იჩინოს თავი.
რუსეთის საერთაშორისო ფაქტორი
საქართველოს უშიშროების გარემოს მთავარი განმსაზღვრელი საერთაშორისო სისტემაში რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების მზარდი ტენდენციაა, რასაც განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის თეატრებზე აქვს. სწორედ ამ მიმართულებებზე დაპირისპირების შედეგები განსაზღვრავს, თუ რამდენად ექნება დასავლეთს საქართველოზე წვდომა და მოტივაცია მის დასაცავად.
რუსეთი საერთთაშორისო სისტემის გარდაქმნისთვის ნიადაგს ამზადებს და კონკრეტულ რეგიონებში ამერიკის შეერთებული სტატების გავლენის შეზღუდვას ცდილობს. მოსკოვის მხრიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კრემლი საკუთარი გავლენის ზონად მოაზრებული პოსტ-საბჭოთა სივრცის მიღმა შეძლებს ამერიკის შეკავებას რაც საქართველოს უშიშროების გარემოს უკიდურესად გააუარესებს.
რუსეთის მიზანია დასავლეთს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის იმგვარ გადასინჯვაზე დათანხმება აიძულოს, რომელიც მოსკოვს საკუთარი ნაკლოვანებებისა და სისუსტის მიუხედავად გლობალური დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალებას მისცემს. ამ მიზნიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებში ამერიკის უპირატესობის დასაძლევად, რუსეთი ძალის გამოყენებით, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პოზიციებს ქმნის და ამერიკას ერთგვარი დილემის წინაშე აყენებს - ან შეეგუოს აღნიშნულ მონაკვეთებზე რუსეთის გავლენას, ან პასუხისმგებლობა აიღოს ვითარების ფართომასშტაბიან ესკალაციაზე.
რუსეთის ასეთი სტრატეგია ტაქტიკურ დონეზე დღეს გარკვეულ შედეგებს იძლევა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვის პოზიციებზე უარყოფითად აისახება. დღეს, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, ცივი ომის შემდეგ პირველად, იზრდება ამერიკის, როგორც ევროპაში უშიშროების გარანტის მნიშვნელობა და პარტნიორების მის ირგვლივ კონსოლიდაცია ხდება. კრემლის აგრესიული ქმედებები ცალკეულ ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი ორმხრივი თანამშრომლობის მოტივაციას უმცირებს, რაც მოსკოვს პოსტ-საბჭოთა სივრცის მიღმა სამანევრო არეალს კიდევ უფრო უზღუდავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამანევრო სივრცეს ტრადიციულად სწორედ ვაშინგტონისა და მის პარტნიორებს შორის არსებული უთანხმოებების გამოყენებით იქმნიდა.
პარტნიორების ნაკლებობის კომპენსირებას მოსკოვი მეტ ესკალაციაზე წასვლის მზაობის დაფიქსირებით ცდილობს. იმედოვნებს, რომ აგრესიული რიტორიკით, ძალის მუდმივი დემონსტრირებით დასავლურ ბანაკს თავდაცვით პოზიციაში ჩააყენებს და აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში უკვე არსებული პოზიციების დაცვაზე კონცენტრაციას აიძულებს. აღნიშნულის შედეგად, რუსეთისთვის სამოქმედო სივრცის გამონთავისუფლება მოხდება, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის მიმართულებებზე. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო აქტიურობაზე აპელირებით რუსეთი დავის ობიექტად უკვე უშუალოდ ალიანსის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ხდის. მოსკოვი ნატოს შემდგომი გაფართოების დღის წესრიგიდან მოხსნას ცდილობს და ევროპულ სახელმწიფოებს, ამერიკის ფაქტორის მიუხედავად, მათი უსაფრთხოების სისუსტეებზე მიუთითებს. ამ მიზნით რუსეთი ინტენსიურ სამხედრო სწავლებებს აწარმოებს, სტრატეგიულ მიმართულებებზე საკუთარ სამხედრო პოტენციალს ზრდის და აფიქსირებს, რომ ვითარების ესკალაციის შემთხვევაში მას უპირატესობა ექნება.
ევროპაში საკუთარი გავლენის ზრდის მიზნით რუსეთი კვლავინდებურად ცდილობს ევროკავშირის ფრაგმენტაციას და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთიანი პოზიციის ფორმირების ხელის შეშლას. ევროპის მიმართულებით საკუთარი ძალისხმევის გაძლიერებას კრემლი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გააქტიურების საპასუხო ნაბიჯად წარმოაჩენს. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ მის მიზანს, მიუხედავად ნატოს ფაქტორისა, კონფლიქტის შემთხვევაში საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება წარმოადგენს. ამგვარი ქმედებით რუსეთი ევროპულ ქვეყნებში მისდამი შემრიგებლური განწყობების გაძლიერებას ცდილობს.
კრემლი განსაკუთრებული სიმწვავით რეაგირებს დასავლეთის აქტივობებზე იმ რეგიონებში, რომლებსაც მისი ტრადიციული გავლენის სფეროებად განიხილავს. რუსეთი საკუთარი ძლიერი სამხედრო პოზიციების გამოყენებით მეტნაკლებად წარმატებით ახერხებს მის უშუალო საზღვრებთან დასავლეთის სტრატეგიული წვდომის შეზღუდვას, რათა აღნიშულ სივრცეში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციების განმტკიცება შეძლოს. უკრაინის კრიზისის, თურქეთთან დაპირისპირებისა და ზოგადად ევროპის თეატრზე გამწვავებული ვითარების ფონზე, რუსეთი დასავლეთ მიმართულებაზე საკუთარი სამხედრო უპირატესობის გაზრდას ცდილობს. ამ მხრივ, შავ ზღვაზე გაბატონებული პოზიციების მოპოვება და შენარჩუნება რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
კრემლი ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაზე, ასევე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის გარკვეული ბერკეტების მოპოვებას ცდილობს, რასაც ნატოს საპირწონედ გამოიყენებს. შავი ზღვის რეგიონში მოსკოვის სტრატეგია ნატოს შეზღუდვას, ზღვისპირა ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებაში მისთვის ხელის შეშლას, სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების და საერთაშორისო რეგიონალური პროექტების ჩაშლას ითვალისწინებს.
რუსეთი ცდილობს ევროპულ სახელმწიფოებში ევროკავშირისა და ნატოს დისკრედიტაციას, ამერიკის როლის შერყევას. იგივე მოტივით მოსკოვი ევროპის დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ორმხრივ ფორმატში გადატანას ცდილობს. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში შესუსტდეს რუსეთის, როგორც ძირითადი საფრთხის აღქმა, რაც მას მანევრის სივრცეს მისცემს. ევროპაში მიგრანტების კრიზისისა და რადიკალური ისლამის საფრთხის გააქტიურებით მისთვის ხელსაყრელი ვითარება იქმნება. რუსეთის მიერ სირიაზე ყურადღების გადატანა და უკრაინის კრიზისის გაყინვა სწორედ მოსკოვთან მიმართებაში დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების პოზიციების შერბილების უზრუნველყოფასაც ისახავდა მიზნად. ამავრდოულად, სირიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის გავლენის შესუსტებასაც იმედოვნებს, რასაც მისი გლობალური ამბიციებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს .
ამ ფონზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე აშშ-ს მეთაურობით ნატოს წვრთნების ინტენსიობამ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის საფრთხის გამძაფრებულად აღქმა ამერიკას საშუალებას აძლევს გავლენა იქონიოს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე. აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები საკუთარი უშიშროების რეალურ გარანტად ამერიკას განიხილავენ და არა რუსეთისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო აქტიურობამ ამერიკის ირგვლივ მისი რეგიონული პარტნიორების, თურქეთის და სუნიტური არაბული ქვეყნების კონსოლიდაციის გაზრდასაც შეუწყო ხელი. სირიაში რუსეთის კამპანიამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია და ანკარა იძულებული გახადა ცალსახად ვაშინგტონის მხარეს გადასულიყო.
მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, შეერთებული შტატები, როგორც გლობალური ლიდერი, იძულებულია საკუთარი ძალისხმევა რუსეთის გარდა სხვა მიმართულებებზე გადაანაწილოს, რაც მოსკოვს მოქმედებებისთვის გარკვეულ სივრცეს უტოვებს, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ალბათობა, რომ რუსეთმა ინტენსიურად იმოქმედოს ამ ქვეყნებში და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაშიც. მითუმეტეს, რომ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების პირობებში ისედაც გაზრდილია რუსეთის ინტერესი სწრაფად უზრუნველყოს საკუთარი გავლენა კავკასიის რეგიონში.
საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად, მოსკოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებების გაძლიერებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულება საქართველოს ტერიტორიაზეც გადის, რუსეთის ქმედებები ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე უშუალო გავლენას ახდენს. გაზრდილია კრემლის მიერ კავკასიაში გართულებული ვითარების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების და მისი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საფრთხე.
რუსეთის აქტივობა დიდწილად განპირობებულია პოსტ-საბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში მისი ინტერესებით. საერთაშორისო არენაზე წარმოებული პოლიტიკის საშუალებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დიდწილად დაკარგული გლობალური აქტორის როლის დაბრუნებას ცდილობს და ფაქტობრივად ღია გზავნილებს უგზავნის დასავლეთს, რომ გავლენის ზონების გადანაწილება სურს. თავის საგარეოპოლიტიკურ გზავნილებში მოსკოვი მეთოდურად ატარებს მოსაზრებას, რომ აშშ-ს მიერ ინსპირირებულმა ფერადმა რევოლუციებმა და დასავლური დემოკრატიის სრულიად მოუმზადებელ სოციალურ გარემოში დანერგვის მცდელობამ უარყოფითი შედეგები მოიტანა. უკრაინაში მოსკოვის ქმედებებმა დასავლეთთან ღია კონფრონტაციას დაუდეს სათავე, რასაც შედეგად დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოჰყვა. დასავლეთის ზეწოლისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კრემლმა არათუ მოახერხა მიღწეული ტერიტორიული მონაპოვარის შენარჩუნება, არამედ შეძლო კონფლიქტის ხელსაყრელი პირობებით გაყინვა და მოლაპარაკებების მაგიდასთან სამხედრო წარმატების ძლიერ სავაჭრო პოზიციაში გამოყენება მოახდინა. ამ კუთხით კრემლი მაქსიმალურად ცდილობს მოიხსნას მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და კონფლიქტის მოგვარების მთელი სიმძიმე უკრაინას დააკისროს, რაც ოფიციალურ კიევის მხრიდან რუსეთიდან მართული სეპარატისტების აღიარებას გულისხმობს. ამისთვის მოსკოვს სჭირდება კონფლიქტის მხარეებად მხოლოდ კიევისა და სეპარატისტული რეგიონების დაფიქსირება და საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური მედიატორის როლში წარმოჩენა, რითაც აიხსნება კიდეც კრემლის მიერ „ნოვოროსიისკის პროექტის“ დახურვა და სეპარატისტებს შორის რადიკალურად განწყობილი და უმართავი ელემენტების განეიტრალება.
უკრაინიდან ყურადღების ახლო აღმოსავლეთისკენ გადატანის პარალელურად კრემლი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მისთვის სასარგებლო ვითარების შექმნას პოლიტიკური და საინფორმაციო გზითაც აგრძელებს. უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით ევროპაში იზრდება შეშფოთება, რომ რეგიონში შესაძლოა კიდევ ერთი ცხელი წერტილი წარმოიშვას და რუსული აგრესიის მომდევნო მსხვერპლი მოლდოვა გახდეს. რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე შიშობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს და აქ დასავლეთის ინტერესების გატარებას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფრთხედ აფასებს. მოსკოვი არსებული კონფლიქტების გამოყენებით რეგიონის ქვეყნებისთვის მისი შეუცვლელი როლის ჩვენებას და საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირებას ცდილობს, რაც მის მიერ ინიცირებული ინტეგრაციული პროექტების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
რუსეთის მძიმე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით და მოსკოვის განცხადების ფონზე, რომ მიმდინარე წელს რუსეთმა შესაძლოა საგარეო კრედიტების გაცემა შეწყვიტოს, ევროკავშირმა ნიადაგის მოსინჯვა დაიწყო ბელორუსთან მიმართებაში. აღნიშნულს სწრაფი რეაგირება მოჰყვა მოსკოვის მხრიდან, რაც „რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს“ სხდომის გამართვაში და სხვა სახის კონტაქტების გააქტიურებაში გამოიხატა .
სირიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს, რომ კრემლი ცდილობს ხელთ იგდოს ერთგვარი ვეტო ვითარების დარეგულირებაზე, რის გამოყენებასაც დასავლეთთან გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ვაჭრობის პროცესში ეცდება. გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესში გამოვყოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის რეგიონი და რუსეთის სტრატეგია ამ რეგიონის მიმართებაში.
(პირველი ნაწილის დასასრული)