ანტიდემპინგური კანონი კი დაიწერა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს მისი განხილვა-მსჯელობა აქამდე არ დასცალდა. როგორც ჩანს, ამ მოწვევის პარლამენტი ვადაში ვერც ჩაეტევა და ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ესეც მომავალი კანონმდებლების საფიქრალი გახდება.
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს ამ დრომდე არ დაბრუნებია. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თემურ მაისურაძის განცხადებით, მთავრობას ერთი მუხლი, ანტიდემპინგური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნუსხა უნდა დაემატებინა, თუმცა კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით არ დაბრუნებულა.
ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქონლის დემპინგურ იმპორტზე სპეციალური ტარიფის შემოღებას ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყნაში ეს გადასახადი მოქმედებს, ზოგიერთში - არა, თუმცა იქ სხვა ტიპის ირიბი მოსაკრებელია დაწესებული, რაც საბოლოო ჯამში, მეწარმეს ფასით ლავირების საშუალებას არ აძლევს.
„რატომ არ უნდა მინდოდეს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, თუ მე ვარ პატიოსანი და წესიერი ოპერატორი? არ შეიძლება ქვეყანას ერქვას ცივილიზებული და იქ არ არსებობდეს ეს კანონი. ეს უშლის ინვესტორებსაც, რადგანაც ბაზრის შესწავლისას ხშირად ამასაც ითვალისწინებენ“, - აცხადებს თემურ მაისურაძე.
ადგილობრივი მეწარმეები დიდი ხანია იმპორტირებული საქონლის დემპინგურ ფასებს უჩივიან. არაკონკურენტულ გარემოში კი საქართველოში წარმოება ვერ ვითარედება.
როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საქართველოში თურქეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული ბოსტნეული ძალიან დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც თურქულ კარტოფილსა და პომიდორს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს.
ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ ყოფილი გენერალური დირექტორს დემპინგის ნათელ მაგალითად ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების შემოსვლა მოჰყავს და აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფოსგან სუბსიდირებულმა კომპანიებმა ბილეთის ფასი დააგდეს, რის შედეგადაც „აირზენას“ მომხმარებლის 70% წაართვეს. ამით კი ადგილობრივმა ავიაციამ იზარალა.
ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოსაც აქვს, თუმცა უკვე წელიწადნახევარია კანონი პარლამენტმა ვერ მიიღო. პროექტს ხან მთავრობა იწუნებს, ხან - ბიზნესი, ხან კი - პარლამენტი. მაგალითად, ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების დაცვის პროცესში იმპორტიორებს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შეექმნათ.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, ანტიდემპინგური ინიციატივა დროულია, მაგრამ კანონი პანაცეა არ არის.
„ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება საჯარო მსჯელობა, საჯარო განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ფარგლებში, თუმცა ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს კანონი არ არის პანაცეა, ეს არ არის იმისთვის, რომ ებრძოლოს იმპორტს, ან უპირობოდ დაიცვას ადგილობრივი წარმოება. ამ კანონმა ქვეყანა უნდა დაიცვას მხოლოდ დემპინგის შემთხვევაში, დემპინგს კი დამტკიცება და დადასტურება სჭირდება“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.