„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე ვეტო დადებულია, თუმცა, „ქართული ოცნება“ არა ვეტოს დაძლევისთვის, არამედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოთქმული შენიშვნების გაზიარებისთვის ემზადება.
პარლამენტი პრეზიდენტის რიგით მეოთხე ვეტოზე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას იმსჯელებს და დეპუტატებს ქვეყნის პირველი პირის შენიშვნების გაცნობა მანამდე მოუწევთ, თუმცა, საგულისხმოა ერთი დეტალი - სამი წლის მანძილზე, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ოთხი ვეტოდან ორი ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებულმა ცვლილებებმა დაიმსახურა, მაგრამ თუკი ე.წ. მოსმენების კანონის მიღებისას, უმრავლესობა მარგველაშვილს ვეტოს როგორც თოხის ისე გამოყენებაში ადანაშაულებდა, ამჟამად, უმრავლესობის წევრების შეფასებები დიპლომატიური და მოკრძალებულია.
მმართველი გუნდის წევრებსა და პრეზიდენტს შორის პოზიციების დაახლოების რეალური მიზეზი ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნაა, თუ პროცესში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩართულობა, ამის თქმა რთულია, თუმცა, როგორც განცხადებებიდან ირკვევა, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თაობაზე, მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის წინასწარი კონსულტაციები გაიმართა.
როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, კონსულტაციების პროცესში სამართლებრივი არგუმენტების მოსმენა და დაახლოება მოხდა როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის მხრიდან, ასევე უმრავლესობისგან.
კანონმდებელი ამბობს, რომ მხარეებს შორის გამართული შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იყო და პოზიციები შეჯერდა.
„შესაძლებლობა გვქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისთვის და მისთვის მეტი სამართლებრივი გარანტიების შექმნისთვის პოზიციები დაგვეახლოვებინა. პრეზიდენტის წარმომადგენლები შენიშვნების დიდ ნაწილს იზიარებენ და სამ საკითხზე პოზიციების შეჯერება შესაძლებელია. სამართლებრივი დისკუსია ისეთი პროცესია, სადაც თუკი პრინციპული საკითხები არ იცვლება, შეთანხმება შესაძლებელია“, - აღნიშნა ბესელიამ, რომელმაც საკითხები არ დააკონკრეტა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ის საკითხებია, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
კერძოდ, პრეზიდენტის შენიშვნები ეხება: საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე პოზიციების შეჯერებას მიესალმება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო.
„პრეზიდენტმა მთელი რიგი დებულებები გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ ამ ცვლილებების მიღება აუცილებელი იყო. ამ შენიშვნების თაობაზე საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაშიც იყო. შევჯერდით, რომ პრეზიდენტის ვეტოში წარმოდგენილი შენიშვნები გაზიარებული იქნეს. ეს ის შემთხვევა იქნება, როცა პარლამენტი ვეტოს გაითვალისწინებს და შენიშვნები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნავს კახიანი.
კანონმდებელი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციების გამართვას მართებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ის რეჟიმია, რაშიც ხელისუფლების განშტოებები ერთმანეთთან უნდა იყვნენ.
„ამ კონსულტაციების შედეგად ის მოხდა, რომ პრეზიდენტმა ვეტო წარმოადგინა, მაგრამ პოზიციები შეჯრებულია. ის, რომ უმრავლესობა შენიშვნებს გაითვალისწინებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილება უკან მიაქვს“, - ამბობს კახიანი, რომლისგან განსხვავებით, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფიქრობს, რომ უმრავლესობას გაუაზრებელი გადაწყვეტილებების უკან წაღება უწევს.
როგორც for.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა, მისასალმებელია, რომ ეს კანონი არსებული სახით არ ამოქმედდება და პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა.
„ეს ერთი მორიგი გაუაზრებელი მოქმედებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და არ იცის, ერთ ნაბიჯს მეორე რა მოჰყვება. „ოცნებას“ყველა პრინციპულ საკითხებზე უკან დახევა უწევს“, - დასძენს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად, აღნიშნულ კანონს ხმა არ მისცეს რესპუბლიკელებმა.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყველა შენიშვნა საფუძვლიანია. for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თანამშრომლობა შედგება, ეს კარგი შედეგი იქნება, რადგან კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავდა, რის გამოც მას რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს - რესპუბლიკელებისთვის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხი იყო, რაზეც პრეზიდენტი ლაპარაკობს.
„ასევე, პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის პოზიცია გაიზიარა, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლე, რომელიც ათი წელი მუშაობს, საქმის განხილვა მან უნდა დაასრულოს და სამართალსაქმიანობას ამის შემდეგ უნდა ჩამოსცილდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, საუბარი რაზე იყო არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის თქმით, მას კვირიკაშვილთან მოლაპარაკებები ჰქონდა და კანონს ვეტო შემდეგ დაადო. ამ განცხადებიდან იკვეთება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი შეთანხმებული არიან და იმედს გამოთქვამს, რომ მის შენიშვნებს პარლამენტი გაიზიარებს“, - დასძენს კორძაია.
რაც შეეხება ცვლილებების არსს, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც ხუთი წლის ვადით საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს.
ცვლილებებით, სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.
ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება პირი მეორე ვადით აირჩეს.
ამასთანავე, კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს მხარი „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არ დაუჭირეს, „ქართულმა ოცნებამ“ კი, 12 მაისს, კანონპროექტი ოთხდღიანი პროცედურული ომის შემდეგ 81 მომხრე ხმით დაამტკიცა.