2004-2012 წლებში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე სამართლებრივი შეფასება მომზადებულია, დასკვნითი სიტყვა კი, პარლამენტს ეკუთვნის.
პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში, საპატიმროებში არსებული ვითარება შეისწავლა და პატიმრები გამოკითხა, 83 გვერდიანი ანგარიში მოამზადა, რომელსაც დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პარლამენტს ვალებულება აქვს, შეაფასოს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით, რა ხდებოდა.
დეპუტატის შეფასებით, ანგარიშიდან დასტურდება, რომ რაც ხდებოდა, უმძიმესი იყო.
„ამ შეფასებას საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებული ვითარება 2015 წელს შევაფასეთ, ხოლო ეს დოკუმენტი უშუალოდ წამებას ეხება. პარლამენტმა მოვლენებს სახელი უნდა დაარქვას და სამართლებრივი შეფასება მისცეს იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა“, - ამბობს ბესელია.
კანონმდებელის განმარტებით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რომელიც პოლიტიკური განწყობით შედგენილი დოკუმენტი არ არის და მხოლოდ ფაქტებს, დოკუმენტებს ეყრდნობა და ანალიზს აკეთებს.
„დასკვნაში ჩანაწერს ვერსად ვერ ნახავთ - „ჩვენ ასე მივიჩნევთ“. დოკუმენტში წარმოდგენილია სტატისტიკა, შეფასებები და სასამართლოს განაჩენი. აკადემიური დოკუმენტი მოვამზადეთ, თუმცა, დასკვნა უმძიმესია“, - აცხადებს დეპუტატი.
ბესელია პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნულ ანგარიშზე დადგენილება მიიღოს, რომელიც წარსულში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულების მასშტაბებს შეაფასებს.
„ეს სისტემური დანაშაულები იყო, რომელსაც მასობრივი სახე ჰქონდა. ამაში ჩართული ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებაა. ანგარიშიდან გამომდინარე, პარლამენტი მთავრობას დავალებას მისცემს და საკუთარ თავს დაივალდებულებს, რომ ადამიანის დაცვის კუთხით, ახალი სტანდრატი განსაზღვროს. ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იდეას მხარს ვუჭერთ და კონკრეტული იდეები გვაქვს. ეს მასალა კი, გამოძიების ჩასატარებლად პროკურატურას გადაეგზავნება“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ, რომელიც აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციას 2 ივნისს გამართავს.
სანამ ანგარიშის პრეზენტაცია მოხდება, მანამდე for.ge-მ 83 გვერდიანი დოკუმენტი შეისწავლა, სადაც მოყვანილია როგორც კონკრეტული პირების საქმეები, ასევე გამოკითხულია ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები, რომლებიც საპატიმროში არსებულ ვითარებაზე საკუთარ ანალიზს და პოზიციებს აჟღერებენ.
გარდა იმისა, რომ ანგარიშში საუბარია პატიმრების წამების უსასტიკესს ფორმებზე, ასევე პატიმრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, ჯანმრთელობა შეერყათ. პატიმართა ნაწილს ტრამვა მიღებული აქვს როგორც თავისა და სახის არეში, ასევე ცემის შედეგად, მათ დაეჟეჟათ ფილტვები და განუვითარდათ როგორც ეპილეფსია, აგრეთვე ტუბერკულოზი.
სამუშაო ჯგუფის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შესულია 6000 განცხადება, საიდანაც ის განცხადებები გამოიყო, რომელიც კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდა - წამების, არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შესახებ. სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა: წამებისა და არადამიანური მიპყრობის მასშტაბი, ინტენსივობა, მეთოდები, მიზნები, შედეგები და რეკომენდაციები მოამზადა.
კერძოდ, სამუშაო ჯგუფი პარლამენტს 18 რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეფექტური დასრულყოფილი გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება.
მათი მოსაზრებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოვებელი და ეფექტური გამოძიება. ასევე უნდა მოხდეს, მხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია.
რაც შეეხება უშუალოდ გამოკითხულ პატიმრებს, ისინი როგორც წამების შესაძლო მიზეზებზე და ასევე წამების მეთოდებსა და შესაძლო დამკვეთებზე საუბრობენ.
კერძოდ, კითხვაზე - „თქვენი აზრით, ვისი უწყების დავალებით ხდებოდა ციხეებში პატიმართა წამება?“, ყოფილი პატიმრების 23% ამბობს, რომ ეს შსს იყო, 24% აცხადებს, რომ ეს პროკურატურა იყო, 33% მიიჩნევს, რომ ეს სასჯელაღსრულების სამინისტროს დავალებით ხდებოდა, 15% თვლის, რომ ეს იუსტიციის სამინისტრო იყო, 27% შემკვეთად პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასახელებს, ხოლო 33% ციხის ადმინისტრაციას.
წამების მეთოდებზე საუბრისას, გამოკითხული პირები ამბობენ, რომ პატიმართა წამებისთვის პირდაპირი ძალადობა გამოიყენებოდა. გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 29% მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოიყენეს - მოხრჩობა, 79% - ადასტურებს ცემას, 17% - დენით წამებას, 12% - ჩამოკიდებას, 8% - წყალში ჩაძირვას, ხოლო 5% - დამწვრობის მიყენებას. ასევე პატიმრების ცნობით, დასჯის ფორმა იყო ცივ შენობებსა და ანტისანიტარულ პირობებში ყოფნა.
ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ წამების დროს ასევე მიმართავდნენ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას, შიშისმომგვრელ ან გამაყრუებელი ბგერებით ძლიერ შუქს და ხშირად, პატიმარს ამყოფებდნენ იძულებით პოზაში, რისთვისც მიმართავდნენ - დაჭიმვას, ხელბორკილით დაბმას და იარაღით მუქარას.
როგორც გამოკითხული პირები აცხადებენ, ფიზიკური ძალადობის/წამების მიზეზები სხვადასხვა იყო. კერძოდ, რესპოდენტთა 56%-სთვის უფრო ხშირად აღნიშნული მიზეზები იყო: ბრალის აღიარება, საკუთარი თავის ან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა, ან პირიქით, ჩვენებაზე უარის თქმა.
კვლევის მიხედვით, 54% ამბობს, რომ წამების და ბრალის აღიარების მიზეზი იყო: გამოძალვა, ფულის ან ქონების ძალით წართმევა.
„36%-მა ვერ შეძლო დაესახელებინა მოტივი, რამაც ის ძალადობის მსხვერპლად აქცია. 25%-მა პირდაპირ მიუთითა, რომ ძალადობის მიზეზი საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყო. რესპოდენტთა უმრავლესობა 50-85 პროცენტი აცხადებს, რომ მათ გამოსცადეს წამებისა და არადამიანური მოპყრობის სხვადასხვა ფაქტები: ფიზიკური წამება, ფსიქოლოგიური წამება, მეგობრის წამებას ესწრებოდა, ესწრებოდა სხვა პატიმრების წამებას, ესმოდა წამების ხმები, არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია „საპროცესო შეთანხმების“ გამოყენების მოტივებზე და აღნიშნულია, რომ რესპოდენტთა 48 პროცენტი აცხადებდა, რომ ბევრ ადამიანს იცნობდა, ვინც წამებისა და არადამინური მოპყრობის შედეგად საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, ხოლო 15%-მა განაცხადა, რომ ისინი პირადად დათანხმდნენ საპროცესო გარიგებას წამებასა და არადამუნური მოპყრობის შედეგად.
ასევე კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ მათ პატიმრობის შედეგად ქონება დაკარგეს.
პარლამენტში აღნიშნულ ანგარიშს თუ რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ამის თქმა რთულია, თუმცა, ხელისუფლებას მსგავსი დოკუმენტის მომზადება მმართველობის მეოთხე წელს გაახსენდა, მაშინ როდესაც, საზოგადოების ნაწილი ე.წ. სამართლიანობის აღდგენას ჯერ კიდევ 2012 წლიდან ითხოვს.