ეკონომიკური ზრდა პროგნოზს უკან მოიტოვებს

ეკონომიკური ზრდა პროგნოზს უკან მოიტოვებს

უკვე გამოიკვეთა, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებულს საკმაოდ გადააჭარბებს და ვინძლო ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ამ მოსაზრებას იზიარებენ როგორც მთავრობაში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში.

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3% შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3%, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა და მოლოდინიც უკეთესია.

„საქსტატის“ აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასეთი მონაცემებით გულმოცემული ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ არსებული მაჩვენებლები იძლევა წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების სრულ გარანტიას. მისი ვარაუდით, წლის ბოლომდე მშპ 3%-ზე მეტი იქნება.

„თებერვლის შემდეგ, ეკონომიკური სიტუაცია მუდმივად სტაბილურად მზარდია. შედეგად, აპრილში შეინიშნება გამოცოცხლება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა წინასწარი შეფასებით, 4.3 პროცენტს მიაღწია, რაც რეკორდული და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან საერთაშორისო ფაქტორები ჯერ კიდევ არ არის ხელსაყრელი. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ოპტიმისტურად უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა 3.4 პროცენტს მიაღწევს. რამდენადაც ვიცი, დადებითი მოლოდინები აქვს სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მართლაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სულ ახლახანს გაუზარდა. მიმდინარე წელს ევრობანკი საქართველოში 3,4-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, ნაცვლად ნოემბერში ნავარაუდები 2,6%-სა. ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 3,9 პროცენტით გაიზრდება.

პროგნოზის გადახედვას უცხოელი ანალიტიკოსები ორ ძირითად საკითხს უკავშირებენ: ძლიერ ტურისტულ სეზონს და ინვესტორებში ნდობის მატებას. ბანკი აღნიშნავს, რომ მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ბიზნესთან მეგობრულმა პოლიტიკამ ამ ყველაფერს შეუწყო ხელი.

ევრობანკი აღნიშნავს, რომ ლარისა და ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობა იზრდება. ამ ფაქტორების ერთობლიობამ კი მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის საკითხი მოაგვაროს. კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღნიშნავენ, რომ 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის სტაბილიზაცია და დოლარიზაციის შემცირება დაიწყება, რაც ასევე მოხსნის ზეწოლას ლარზე.

ევროპელ ბანკირთა პათოსს სრულად იზიარებს საქასრთველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და უფრო მეტის მოლოდინიც აქვს.

„მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლის ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორცილებთ, როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევე მთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების და სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას. ვფიქრობთ, აღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით. ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.