„დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“, - ნათქვამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებს ეხება. ქვეყნის საგარეო კურსზე და ორიენტირებზე საუბრისას, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია.
„სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზერბაჯანთან, სომხეთთან. საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან.
საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოიკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატო-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.
ყოფილი პრემიერის გზავნილებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა როგორც პოლიტიკურ, ასევე ანალიტიკურ წრეებში. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ ივანიშვილის წერილში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
„ეს საკითხი ძალიან მკაფიოდ არის გამოყოფილი, ყველანაირი განმარტება გაკეთებულია, ეს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარი პოლიტიკური აზროვნების მწვერვალი ჰგონია იმის წარმოჩენა, რომ ხვალ შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს კარი არ გაიღოს. განსაკუთრებით გამოვყოფ ციფრების ნაწილს წერილში, სადაც გადამოწმებული ინფორმაციით დასტურდება, რომ მთავრობის პირობებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, მხოლოდ ერთ ციფრს ვიტყვი - 62% პირდაპირი ინვესტიციების ზრდა ძალიან მრავლისმეტყველია“, - აცხადებს რომან კაკულია.
ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, ეს არის ერთგვარი დამოძღვრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.
„გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, „ქართული ოცნების“ არა ერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერის წერილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო კურსი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება.
„პრიორიტეტი ნამდვილად არის ევროატლანტიკური მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში იტყოდა, რომ ჯერ მეზობლებთან მოვაგვაროთ ურთიერთობა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო. ანუ, კურსს აიღებდა საკმაოდ ძნელ და თითქმის მოუგვარებელ საკითხებზე და შემდეგ დააყენებდა რიგში დასავლეთის სტრუქტურებში ჩართვას. ასეთი გზა არც ადრე აირჩია და არც ახლა აკეთებს აქცენტს ასეთ სცენარზე. პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირის და ნატოს კარებთან აღმოვჩნდეთ. ყველა დასავლელი ლიდერი ხაზსს უსვამს, რომ თუ ვინმე დგას ნატოსა და ევროკავშირის კარებთან ახლოს, ეს საქართველოა. აქცენტი გადატანილია დასავლურ ორიენტაციაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს არ შეეძლებათ კარის გაღება, შუბლით ხომ ვერ გავაღებთ იმ კარებს?! აბსოლუტურად რეალუსტური ხედვაა წარმოდგენილი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება იმას, რომ ხვალ და ზეგ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
„ივანიშვილმა თავის წერილში ახსნა, რომ ეს არის რთული გეოპოლიტიკური პროცესი. ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, შევალთ მაშინ, როცა კარებს გაგვიღებენ. ამდენად, ყველამ იცის მთავარი საფრთხე, ვინც ამუხრუჭებს ამ პროცესს - ეს არის რუსეთი და თუ ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში რაღაცა შედეგი არ დადგება, მანამდე სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ და ზეგ შევალთ ნატოში, ეს დაუშვებელია და ამას ამბობს ივანიშვილიც.
ეს არის რეალისტური და სწორი მიდგომა. ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ ხვალ და ზეგ ნატოსა და ევროკავშირის წვერობას, რადგან ეს ხვალ და ზეგ შეიძლება იყოს 2 ან 5 წელი, მაგრამ ჩვენი კურსი არის უცვლელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოვხვდეთ ამ სივრცეში. ვხედავ მზაობას და თანმიმდევრულობას. დროის თავლსაზრისით რეალისტური ხედვაა იმ პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც დგას საქართველოს წინაშე“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.