ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, 24-გვერდიანი წერილი მოამზადა და საკუთარი ხედვები თეზისებად დაჰყო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2011 წლის 7 ოქტომბრის წერილი გაახსენა, ხოლო ოპოზიცია იუმორის ხასიათზე მოიყვანა.
წერილი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი ერთი კვირის მანძილზე ელოდებოდა, დღეს, თითქმის ყველა დეპუტატის ინტერესის საგანი გახდა, თუმცა, მას კანონმდებელთა ნაწილი ზედაპირულად გაეცნო, მეორე ნაწილი სიღრმისეულად. ანუ, წერილი ყველამ საკუთარი ინტერესის შესაბამისად წაიკითხა.
როგორც 2011 წლის 7 ოქტომბრის წერილში, ასევე 2016 წლის 30 მაისის წერილში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დარტყმის მთავარი ობიექტი „ნაციონალური მოძრაობაა“, თუმცა, ხუთი წლის წინ, მილიარდელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დამხობას ჰპირდებოდა, ხოლო ამჟამად, საზოგადოებას მათ მმართველობას ახსენებს და „წარსულში დაბრუნების საფრთხეს“ ცალკე თავს უძღვნის.
ყოფილი პრემიერის მიერ ნაციონალების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს დეპუტატი გივი თარგამაძე ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მან წერილიდან ვერანაირი სიახლე ვერ შეიტყო და იქ „გასართობიც“ არაფერი იყო.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ ივანიშვილს შეეძლო, საკუთარი აზრები ერთ გვერდზე დაეტია და 24 გვერდი არ გამოეყენებინა.
„მესმის, რომ მისმა წერილმა მანანა კობახიძეს ილია ჭავჭავაძე გაახსენა, რაც კობახიძეზე ცუდად მეტყველებს. ივანიშვილის წერილის მთავარი არსი „ტრადიციული ცხრა წელი“ და ის იყო, „ვაიმე, ხალხო, ნაციონალები არ დაბრუნდნენო“. წერილის მეორე ნაწილიდან ჩანს, რომ ის ხალხის პოზიციაზე საერთოდ არ ფიქრობს და ისინი არც აინტერესებს. ხალხს მხოლოდ იმ ვერსიას სთავაზობს, რომ ისინი კარგად არიან და შეიძლება, საქართველო ვინმეს 15 წლის შემდეგ დააინტერესოს“, - აღნიშნავს თარგამაძე.
დეპუტატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის, რომ წერილის საშუალებით დაპირებების გაცემაც არ ხდება.
„მხოლოდ განგაშის ზარის ცემაა, ნაციონალები არ დაბრუნდნენო. „ქართულ ოცნებას“ მისი თავგამოდება არაფერს არ მოუტანს. ეს ადამიანი მართალია იმაში, რომ ყველაფერი დასკვნის ნაწილში შევიდა. მათ შორის, მისი არაფორმალური მმართველობა და ეს ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება“, - დასძენს თარგამაძე.
ოპოზიციონერი დეპუტატისგან განსხვავებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური წერილს ზედაპირულად გაეცნო და ფიქრობს, რომ თუ ობიექტური არჩევნები ჩატარება, ეს ივანიშვილისთვის საშუალება იქნება, გაიგოს, ხალხი რას ფიქრობს და მათ რა უნდათ.
როგორც for.ge-ს მეჭიაურმა განუცხადა, გარკვეულწილად, წინასაარჩევნოდ, ივანიშვილი „ოცნებას“ ფორას აძლევს, მაგრამ ეს ისეთი ვეღარ არის, როგორიც 2012 წელს იყო.
მეჭიაური ივანიშვილს ურჩევს, არბიტრის ფუნქცია დაიკავოს, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს და ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს იმ ვექტორს, რომელიც სწორად მიაჩნია.
„მისი წერილი იმას ემსახურება, რომ მის პოლიტიკურ ძალას მხარი დაუჭიროს, მაგრამ მას ვურჩევდი, რომ მისი მხრიდან მეტისმეტი აქტიურობა საჭირო არ არის. აქამდე მისი მხარდაჭერა ძალიან წონადი იყო, რადგან 2012 წელს, ამომრჩეველმა იცოდა, რომ ის ხმას ხელისუფლების სათავეში ივანიშვილს ყოფნას აძლევდა. დღეს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლას აღარ ნიშნავს, რადგან ის ამას არ აპირებს. თუკი მის საკადრო შეცდომებს გავითვალისწინებთ, რომელიც მარგველაშვილს უკავშირდება, ამომრჩეველი მის რეკომენდაციას ნაკლებად უნდა ენდოს იმის თაობაზე, ესა თუ ის პიროვნება უნდა აირჩიონ თუ არა. ივანიშვილის ხათრით „ოცნებას“ მხარს ბევრი არ დაუჭერს“, - აცხადებს მეჭიაური.
დეპუტატი წერილის შინაარსსაც ეხება და განსაკუთრებულ აქცენტს საგარეო პოლიტიკაზე აკეთებს, თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების შთამბეჭდავ წარმატებებად ადამიანის უფლებების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებას ასახელებს.
„საგარეო კურსთან მიმართებაში მის ხედვებს ვერ დავეთანხმები, რადგან ის ევროატლანტიკურ კურსს მხარდაჭერას უცხადებს და იქვე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, არათუ ნატოში, არამედ ევროკავშირში გაწვრიანება არ იგეგმება, რომელზეც ვაპელირებდით, რომ ეს მალე მოხდებოდა. ივანიშვილს ეჭვი ევროკავშირზეც კი ეპარება და ევროატლანტიკურ კურსზე ზოგადად საუბრობს. მას ოპტიმიზმის საშუალებას რა აძლევს, ამის ზოგადი საფუძველიც კი ვერ ვნახე“, - აღნიშნავს დეპუტატი.
მეჭიაური ივანიშვილს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დანაპირებას - სამართლიანობის აღდგენასაც ახსენებს და ამბობს, რომ ამაზე საუბარი წერილში არ იყო, რაც პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის აქტში უმნიშვნელოდ აისახა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი ყოფილ პრემიერს წერილში დასმულ აქცენტებს უწონებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა და ხალხი არანორმალურად უყვარს და ფიქრობს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი გაუკეთოს.
ჭკუასელის მოსაზრებით, ივანიშვილს ბევრი რესურსი აქვს, მათ შორის, მისი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი - გულწრფელობაა, რომლისაც ადამიანებს სჯერათ.
„წერილს გავეცანი, რომელიც დაბალანსებული იყო. წერილში წარსულზეც იყო საუბარი, რადგან ადამიანებს ძალიან მოკლე მახსოვრობა გვაქვს. მან წარსული იმისთვის გამოიყენა, რომ რაღაც-რაღაცეები შეეხსენებინა. რა სიტუაციაში ვიყავით, ეს ბევრს არ ახსოვს. თავიდანვე თქვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დაპირებები, რაც ხალხს მისცა, ახსოვს და პასუხსმგებლობას ღებულობს იმაზე, რასაც ხელისუფლება გააკეთებს“, - ამბობს ჭკუასელი.
კანონმდებელი წერილიდან იმ ნაწილს გამოყოფს, სადაც ყოფილი პრემიერი ქვეყნის თავისუფლებასა და ტრადიციებზე საუბრობს.
„მისი წერილიდან ის პასაჟი მომეწონა, რომელსაც პოლიტიკოსები ყურადღებას არ აქცევენ. საქართველოს იდენტობაზე ისაუბრა და ძალიან კარგად ახსნა, თავის ქვეყანას რატომ აფასებს და ქართველი ხალხი რატომ უყვარს. ძალიან კარგად თქვა, რომ ერის ღირსება კარგად რომ წარმოჩინდეს, მეტი თავისუფლებაა საჭირო, რომელიც ეკონომიკური სიძლიერეს მოაქვს. ეს იყო ელემენტი, რომელიც ვიცი და ეს მე არ მჭირდება, მაგრამ ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა და ხალხი არანორმალურად უყვარს და ფიქრობს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი გაუკეთოს“, - დასძენს ჭკუასელი.
თანაგუნდელების მსგავსად, ყოფილი პრემიერის წერილით აღფრთოვანებული დარჩა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა და „ოცნების“ მიმართ საკუთარი განწყობები და პასუხისმგებლობა არ დაუმალავს.
„მან წერილში მისი პირადი როლი და ის პერსპექტივა ძალიან კარგად ახსნა, რომელიც ამ ქვეყანას ექნება. ქვეტექსტების წაკითხვა საჭირო არ არის, რადგან წერილში მკაფიო და ნათელი ანალიზია ყველაფერის. თავად ხსნის, პოლიტიკაში რატომ მოვიდა და წინასაარჩევნოდ, ამ გუნდის მხარდამჭერი რატომ იქნება“, - ამბობს კობახიძე.
დეპუტატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება როგორც საზოგადოების აქტიური წევრი.
„მან თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და უნდა, რომ უკეთესი იყოს. მას არ შეუძლია, პასიურ მდგომარეობაში იყოს. ეს იმ ადამიანის როლია, რომელშიც ყოფნა ყველას არ შეუძლია. მან საკუთარი თავისა და ოჯახის უსაფრთოება იმისთვის გადადო, რომ ეს ქვეყანა გადარჩენილიყო. ბუნებრივია, ამ მიღწევას ივანიშვილი ვინმეს ასე იოლად არ დაათმობინებს. ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია ივანიშვილის ლიდერობით, რომელსაც გაძლიერება სჭირდება“, - აცხადებს კობახიძე, რომლის მსგავსად, წერილის პათოსს მიესალმება ნუკრი ქანთარია.
როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, წერილში აქცენტები სწორად არის დასმული. მისი შეფასებით, ივანიშვილი საკუთარი ხალხის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულით და გულწრფელობით საუბრობს.
„ეს წერილი 2011 წლის 7 ნოემბრის პირველი წერილისგან არანაკლებ მნიშვნელოვანია, სადაც საქართველოს მისია და როლი ზუსტად აქვს აღწერილი. საფრთხეები ზუსტად აქვს აღწერილი, რომ წარსული აღარ უნდა დაბრუნდეს და მონაპოვარი უნდა დავიცვათ. ეს დასაწყისია და ამ წერილს გაგრძელებები ექნება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიმე პარტიას გვერდით დაუდგეს. მით უმეტეს, ის დამფუძნებელია და მას უნდა, რომ დაწყებული საქმეები ბოლოში გავიდეს. ნებისმიერს მოუნდება, რომ ეს საქმე ასე გაგრძელდეს“, - დასძინა ქანთარიამ.
იქედან გამომდინარე, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარ პოზიციებს 2 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც გაახმოვანებს, მის პოზიციებზე მსჯელობა, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.