რთულია არ გაიზიარო ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა მომავალი, ვიდრე წარსულის მუდმივი აღწერა. ბიძინა ივანიშვილის წერილის ძირითადი ნაწილიც წინა რეჟიმის აღწერას ეთმობა, ძალიან ცოტაა ნათქვამი მომავალზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ წერილი საარჩევნო პროგრამას შეიცვას, გამოკვეთილია მტერი და მოყვარე. რაც მნიშვნელოვანია, ეჭვის ქვეშ არ დგას საქართველოს გეპოლიტიკური ორინეტაცია. ერთადერთი მტერი, ვინც პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს უკვე საარჩევნო კამპანიის კონტურებია - რა შეიძლება დაკარგოს, ან შეიძინოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ არჩევით.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას აბარებს. ყოფილი პრემიერი წერს, რომ სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირადად მის მიმართაც. ამის მიზეზია ის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ნაციონალების დამარცხებაში.
„სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება. შესაბამისად, სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს გეგმავს. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სიცრუით ძალადობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება.
„ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას. აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს.
დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის. სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას.
დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია“, - აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთვება, როგორც ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. მისივე თქმით, მიესალმება თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
„როგორც წესი, პოლიტიკიდან სრულად არავინ არასდროს მიდის-ხოლმე, ხოლო ის რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები თუ დაბრუნდება. თუმცა როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის. მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილი ვერც ის იქნება და ვერც მე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებულ წერილის ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადს უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობაში“. დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს.
„ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს, ამბობს, რომ არ აქვს ბიზნეს ინტერესები და ვხედავთ „პანორამა თბილისსა“ და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას. ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს. ივანიშვილი ამბობს, რომ მთავარი დაბრკოლებაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ვერ უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში კი „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის წერილში ბევრად უფრო უფრო მკაფიოდ ჩანს მომავლის კონტურები, ვიდრე „ქართული ოცნების“ პროგრამულ დოკუმენტებში. მისივე თქმით, ამ წერილით ივანიშვილმა წინასაარჩევნო სტრატეგია წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კლასიკურ საარჩევნო კამპანიას გვთავაზობს, სადაც ძირითადი მტრის ხატი არის „ნაციონალური მოძრაობა“.
„2012 წლის ფორმატს გვათავაზობს, შუა უნდა გაიკრიფოს და შემთხვევითი არ არის, რომ ნახსენები არ არის სხვა პოლიტიკური პარტია. ისევ გვთავაზობს კომბოზიციას, სადაც ორი ძირითადი ძალა ეჭიდება ერთმანეთს, ერთი ძალა არის სიკეთე, დემოკრატია, თავისუფლება და მეორე არის ტირანია. ამდენად, ესეც გამართლებულია და სწორია.
ჩვენ შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ განცხადება, რა სცენარით წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, ეს იქნება უაღრესად დაპირისპირებული და დაძაბული ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის. ამ თვალსაზრისით მცირდება მესამე პარტიის შანსი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა იქონიონ პარლამენტში. ეს არის სწორი და გამართლებული სვლა ივანიშვილის მხრიდან. საარჩევნო კამპანიის მართვის ყველა კომპონენტია წარმოდგენილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ წერილი უფრო მიმოხილვითია, ვიდრე ანალიტიკური, რაც ნიშნავს, რომ არჩევანი გვაქვს წარსულსა და აწმყოს შორის, რა იქნება მომავალში, ეს სრულიად გაურკვევლია.
„ამ წერილის რეზიუმე გახლავთ ის, რომ ივანიშვილი აფრთხილებს მოსახლეობას თუ მხარს არ დაუჭერენ „ქართულ ოცნებას“, ხელსიუფლებაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დაშვება არ შეიძლება. ვეთანხმები, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყანას 2003 წელში დააბრუნებს.
გაცილებით მძიმე და რთული ვითარება იქნება, ვიდრე განვლილი 9 წელი იყო, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იმავე სტილში აპირებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, როგორშიც დღეს ვიმყოფებით. ანუ, არჩევანი გვაქვს წარსულსა და აწმყოს შორის, რა იქნება მომავალში სრულიად გაურკვევლია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, წერილიდან ჩანს, რომ ივანიშვილსაც, ისევე როგორც ბევრ ჩვენთგანას, გაუჩნდა ეჭვი, რომ ენერგიის წყალობით „ნაციონალურ მოძრაობამ“ საპარლამენტი ხელისუფლებაში ამ რაოდენობით მოსვლის პოლიტიკური პერსპექტივა მიიღო. მისივე თქმით, კორცხელის ინციდენტმა ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე იბრძოლებს, ბრძოლას კი, ბრძოლით დახვედრა სჭირება.
„ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ივანიშვილი ყოველთვის ცდილობა მაშინაც კი, როდესაც არ ეკავა არანაირი თანამდებობა, კორექტივები შეეტანა მთავრობის საქმიანობაში, რომ სწორი მიმართულებით ევლო ამ ჯგუფს. ამ ჯგუფის პასუხისმგებლობის გარანტი დღესაც ივანიშვილი არის.
რომ არა ივანიშვილის ჩართულობა, ალბათ, გაცილებით მძიმე სურათი გვექნებოდა ხელისუფლებაში. შესაბამისად, თუ ივანიშვილი გარანტიას მისცემს საზოგადოებას, რომ ის არის გარანტი იმისა, რომ ხელისუფლება ძირითად ხაზსს არ გასცდება, ეს გარანატია იმუშავებს. ამიტომ, სწორი და დროულია მისი ჩართვა საარჩევნო პროცესში და მით უმეტეს რეგიონებში გასვლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ უმჯობესია ფორმალიზებული და ლეგალიზებული იყოს ივანიშვილის წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობა, რადგან ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლები კითხვები გაჩნდება. ხუხაშვილის განცხადებით, ახალი იმედებისა და ენერგიის გაჩენის თვალსაზრისით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ივანიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესში.
„განსაკუთრებული სისტემური ამ წერილში ვერ დავინახე. ვიზიარებ გუშინდელი დღის აღწერას და მისი პირად დამსახურებას, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს მომავალი. ფაქტია, რომ საკმაოდ შეშფოთებულია სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობაზე. ვფიქრობ, რომ ბევრად მეტად არის დაძაბული „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევებასთან დაკავშირებით, ვიდრე მათ ეს შანსები აქვთ. დღეს მისი პრობლემა არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. მისი პრობლემაა ქართული საზოგადოება და ამაზე უნდა ელაპარაკა. ნაციონალებით არ უნდა გვაშინებდეს. ჩვენ არ გვაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი. ამ მხრივ წერილში გარკვევით ვერაფერი დავინახეთ. ის, რომ პოლიტიკურ პროცესს ხედავას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების ჭრილში, ფატალური შეცდომაა მისი და მისი შვილობილი პოლიტიკური ძალისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.