უმუშევრობა 12-წლიან მინიმუმზე

უმუშევრობა 12-წლიან მინიმუმზე

მართალია ხალხი მუდმივად უმუშევრობაზე წუწუნებს, მაგრამ სტატისტიკას თავისი ანგარიში აქვს, რომლის მიხედვითაც შარშან საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა და 12% შეადგინა. ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია.

2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში სჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა, პირიქით, 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს, წინა წელთან მიმართებით, უმუშევრობის დონის შემცირება აღინიშნა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის განმავლობაში.

უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობა ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

მთავრობის წევრები ჯერ კიდევ ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებამდე ამბობდნენ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესებულია და ქვეყანა ივლის დასახული მიზნის - უმუშევრობის შემცირების მიმართულებით.

„მინდა, ამ ქვეყანაში 2%-იანი უმუშევრობა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს 250 000 ადამიანია უმუშევარი, მინდა, რომ უმუშევარი 42 000 ათასი ან კიდევ უფრო ნაკლები იყოს“, – განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია.

მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, საქართველოში დასაქმების თვალსაზრისით უამრავი პრობლემა რჩება და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს (13,1%) თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად გადიან შრომით ბაზარზე. სიტუაციას ამძიმებს განათლების სისტემის პრობლემაც. საქართველოში ხარისხიანი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია. ახალგაზრდები საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგ სამსახურს ვერ შოულობენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დაქვეითებასა და კარიერული სულის ამაღლებას“, - აცხადებს ექსპერტი მათე გაბიცინაშვილი.

მისი აზრით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს სპეციალური დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე.

სხვათა შორის, საქართველო უმუშევრობის მაჩვენებლების კუთხით თანდათან მიუხლოვდა საერთო მაჩვენებლს. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) მიხედვით, 2016 წლის თებერვალ-მარტში ევროკავშირში უმუშევართა პროცენტური რიცხვი 10.3%-ია, 2015 წელს ამავე პერიოდში 11.2% იყო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან უმუშევრობის ყველაზე დაბალი მონაცემი დაფიქსირდა გერმანიაში – 4,3% და ჩეხეთის რესპუბლიკაში – 4,5%. ყველაზე მაღალი კი საბერძნეთსა და ესპანეთში - შესაბამისად 24.0% და 20.4%.

წინა წელთან შედარებით, ოცზე მეტ წევრ ქვეყანაში მდგომარეობა ისევ სტაბილურია, მაგრამ უმუშევართა რიცხვი გაზრდილია ავსტრიაში 5,4%-დან 6%-მდე; ლატვიაში 9,7%-ან 10,1%-მდე და ფინეთში 9,1 %-დან 9.2%-მდე.