მთავრობამ ფირფიტა გადააბრუნა - საფინანსო ზედამხედველობა სებ-ში რჩება

მთავრობამ ფირფიტა გადააბრუნა - საფინანსო ზედამხედველობა სებ-ში რჩება

მთავრობამ არც აცია და არც აცხელა და საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფა გადაიფიქრა. თავი რომ დავანებოთ იურიდიულ კაზუსს, რომელიც ამ მომენტისათვის ახალი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის შეიქმნა, მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს. თუკი რამდენიმე თვის წინ ზედამხედველობის გამოყოფა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო, რა შეიცვალა მიმდინარე წლის მარტის შემდეგ? სექტორის სისტემური გამართულობა უფრო მნიშვნელოვანია თუ ეროვნული ბანკის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება?

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაუფარავად ამბობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დატოვების გადაწყვეტილება მიღებულია.

„მე ვთვლი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ წუთში ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებულები, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა მინისტრმა.

ქუმსიშვილის ლაკონური გამონათქვამიდან უცნობია შედგა თუ არა კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაახლოებით 1 წლის წინ მიღებული და აუმოქმედებელი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას სწავლობს. ასევე არც ისაა ცნობილი, რა გზით გააუქმებს კანონს ხელისუფლება კარსმომდგარი არჩევნების წინ, თუკი სასამართლო კანონს კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნობს. გარდა ამისა, საინტერესოა რამდენად გამონახავს საერთო ენას მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომელმაც თავის დროზე ეს კანონი დიდი დაპირისპირების ფონზე მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური შარშან გამოეყო, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამოუკიდებლად არ უმუშავია. საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. გასული წლის ოქტომბერში საკონსტიტიციო სასამართლომ სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბანკებზე ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას პარლამენტის უპატივცემულობად აფასებს.

„კანონპროექტი თავის დროზე მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე იყო მიღებული. გამოდის, რომ დღევანდელი მთავრობა ძალიან ლოიალურად არის განწყობილი სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიმართ“, - აცხადებს მეჭიაური და დასძენს, რომ ეკონომიკის მინისტრი მაშინაც მთავრობაში იყო და ამ კანონის მომზადებაში მონაწილეობდა.

„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, წინამორბედისგან განსხვავებით, პოლიტიზირებული ფიგურა არ გახლავთ. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სამსახური ისევ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, ეს პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა იქნება.

კანონმდებლობა არ უნდა იყოს ამა თუ იმ პიროვნების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. სებ-ისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტი თავის დროზე მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე იყო მიღებული“, - აცხადებს მეჭიაური.

სულ სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია. პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას გულისხმობდა, ხელისუფლებამ კონკრეტული მიზნით მიიღო.

„ეს იყო თავიდანვე აბსოლუტურად ცრუ აჟიოტაჟი, რეალობასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ მცდელობა, რომ მთავრობას გაემართლებინა თავისი სისუსტეები - სავალუტო კრიზისის დროს ლარის გაუფასურება და დაბრალებოდა ეს ეროვნულ ბანკს. აქ მოინახა სწორედ ფინანსური ზედამხედველობის სამსახური, თითქოს ამ სამსახურის გამო ხდებოდა ლარის გაუფასურება. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება იყო. ამას მხარს არ უჭერდა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, უპირველეს ყოვლისა, სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.