„ნახეთ, რა უქნეს ხალხს - ჰოლივუდის ღიმილი დაგმშვენდებათო და კბილები დააძვრეს, უკბილოდ დატოვეს ხალხი“

„ნახეთ, რა უქნეს ხალხს - ჰოლივუდის ღიმილი დაგმშვენდებათო და კბილები დააძვრეს, უკბილოდ დატოვეს ხალხი“

„არ გებადებათ კითხვა, რატომ იყო მთელი ეს შპანა გაერთიანებული თავიანთი „რუსთავი 2“-ით და ჩასული სამეგრელოში? კამერებისთვის რამდენ ხანს იჯდა ბოკერია მიწაზე, ამაზე არ გებადებათ ეჭვი?“, - ამ კითხვას „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი სვამს, რომლის განცხადებით, ვიდრე ნაციონალები პოლიტიკაში დაწანწალებენ, მანამდე ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება.

for.ge ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობავიცე-პრემიერის დაკითხვას და დაპირისპირებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა?

ზაზა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება თავმოყვარე ადამიანმა ნაციონალების განცხადებაზე კომენტარი გააკეთოს, მაგრამ რა ვქნა, კითხვას მისვამთ და უნდა გიპასუხოთ. ისეთი მძლავრი იარაღი, რომელიც ახლა ქვეყნის მოსახლეობის ხელშია, ვფიქრობ, რომ არ არსებობს და ეს არის არჩევნები. ეს იარაღი ისე უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ, რომ თავითონ მოაწყოს ქვეყნის მომავალი. დიახ, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელშია გაუშვებს თუ არა ამათ პოლიტიკიდან. სანამ ესენი პოლიტიკაში დაწანწალებენ, მანამდე ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება.

ფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტები შეიძლება განმეორდეს?

- რასაკვირველია, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება მათ სითავხედეზე, უზრდელობაზე, სიბილწეზე და გაუგონარ ქცევებზე. ადამიანები ღიზიანდებიან, რომ გაბედეს და ტვინში გაიელვეს ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი.

თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ საპარლენტო არჩვენების შედეგად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ამის მაგალითად ასახელებენ კორცელისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქში გამარჯვებას...

- ამიტომაც ვამბობ, რომ არაჯანსაღი ადამიანების რაღაცა კრებულია. რა თქმა უნდა, ძალადობა და ცემა-ტყება არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს საარჩევნო უბნებზე და ეს არ შედის როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე ჩვენს გეგმებში. იმიტომ, რომ 2012 წლიდან დღემდე ყოველგვარი ძალდატანებისა და ხელების გრეხვის გარეშე ვუგებთ ნაციონალებს არჩევნებს და ახლაც ასე მოხდება. სამეგრელოს ინციდენტზე დაიწყო გამოძიება და რასაკვირველია, გამოძიება უნდა იყოს, მაგრამ არაისტერიულად - აბა ვის დაიჭერენ - ასე არა.

ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ პანიკებს. გავშიფროთ კადრები და ყოველგვარი ისტერიის გარეშე ვნახოთ მიზეზი, რატომ მოხდა ეს ძალადობა. ახლა რაღაცა ძალადობის კადრებზე ლაპარაკობენ და ვნახოთ 26 მაისის და 7 ნოემბრის კადრები, ვნახოთ ფურცელაძის მკვლლელობის კადრები, იგივე კალაძისა და მის მხარდამჭერების დარბევის კადრები, აბა გადავხედოთ ამ კადრებს. ჩვენ რომ არ გვინდოდა ძალადობა, იმიტომაც მოვუგეთ არჩვენები და ვთქვით, რომ ქვეყანამ უნდა იცხოვროს მშვიდად და ყოველგავრი ძალადობის გარეშე.

და თქვენ ფიქრობთ, რომ სამეგრელოში მომხდარი დაპირისპირებანაციონალური მოძრაობისხელწერაა?

- რასაკვირველია. ბოლოს და ბოლოს გადახეთ მათ წარსულს, ხალხი დახოცეს, გააუპატიურეს და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ნახეთ, რა უქნეს ხალხს დასავლეთ საქართველოში, უთხრეს ჰოლივუდის ღიმილი დაგმშვენდებათო და იმერეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს კბილები დააძვრეს, უკბილოდ დატოვეს ხალხი, ასეთი ცინიზმი გაგონილა?! რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ და მერე გვიკვირს ვიღაცა მათ შეურაცხყოფას აყენებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეპუტატები ვზივართ და ვხარობთ. არა, ასე არ არის, მაგრამ უმიზეზოდ ხომ არ ხდება? ვნახოთ მიზეზი. იმის გაფიქრება, რომ კალაძემ შეკრიბა რაზმი, რომ თავს დასხმოდნენ ნაციონალებს, იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც ვიმსჯელებ.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია უზრუნველყონ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, ერთია მიზანი და მეორეა მისი განხორციელება. შეძლებსქართული ოცნებაუზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირება გიგა ბოკერიას დაგეგმილი პროვოკაცია იყო. რაში აწყობდათ მათ ძალადობა, როცა იგებდნენ არჩევნებს?

- აწყობდათ იმაში, რომ ამ ადამიანებს თავმოყვარეობა არ აქვთ. დღე და ღამე ხალხი გაგინებს, გცემს, გაფურთხებს და ოდნავ შეურაცხყოფილი ხომ უნდა იყო?! ხალხის ასეთი სიძულვილი წარმოუდგენელია. რა ვუყოთ ამ სიძულვილს, ვებრძვით, მაგრამ იმდენი აქვთ ჩაოხრებული, რომ ხალხის სიძულვილი მათ მიმართ ვერ იმალება. რატომ გაჩნდა სიძულვილი? - ისევ მათი ქცევიდან. რატომ მოხდა ჩხუბი? - მიზეზი ისევ მათ საქციელში ვიპოვოთ. უნდა შევქნათ ისეთი საარჩევნო გარემო, რომ ასეთი ფაქტიები აღარ განმეორდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. მერამდენედ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ სირისტიანებთან არ გვჭირდება ძალის გამოყენება. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფალი არჩევნები და ამ ქვეყანაში აზრი მიეცა არჩვენებს.

არ გჭირდებათ ძალადობა, მაგრამ შეძლებთ ამის ორგანიზებას, მაშინ, როდესაც თქვენ გყავთ ისეთი პოლიტიკური ოპონენტი როგორიცნაციონალური მოძრაობაა“?

- 2012 წლიდან ყველა არჩევნებზე შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ვიგებთ არჩევნებს. ახლა არ შეიძლება ერთმანეთთან გაბუტვა და ხელის გაშვერვა. საქართველოში მიმდინარეობს ომი. გნებავთ ამას პროცედურული ომი დაარქვით, მაგრამ ომია, ბრძოლაა, დაჩეხილია საზოგადოება. დააკვირდით რა თემებზე საუბრობენ ადამიანები. ან რატომ იქმნება ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორ ფინანსდებიან?

კარგად უნდა გავიაზროთ რას ვეჯახებით და რა სირთულეებს ვლახავთ. შეცდომები? - კი ბატონო, იყო შეცდომები. მეც არაერთხელ მითქვას ამის შესახებ ხმამაღლა და გუნდშიც მითქვამს, რომ შეცდომები არის, მაგრამ არა ტრაგიკული და ამიტომ, ეს შეცდომები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მაგრამ დღიდან დამოუკიდებლობისა, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის ზურგზეც არ არის ომი, ტერიტორიების დაკარგვა და საკუთარ ხალხზე ანგარიშსწორება.

გეთანხმებით, რომ ამ ხელისუფლების ზურგზე არ არის ომი, მაგრამ პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს თავზე დღესაც შეიმჩნევა ღრუბელი, რომელიც ოდნავ ტყვიისფერს აძლევს მომავლის ხედვას...

- ჩ0ვენი ხელისუფლების ბრძნული, თანმიმდევრული და არაისტერული ნაბიჯი, იგივე რუსეთთან ურთიერთობაში, ხელისუფლების უნიათობად მონათლეს ამ მართლა უნიათოებმა, რომლებიც ომისა და ტერიტორიების დაკარგვის თანამონაწილეები არიან. ამ 10 წლის სიმწარე რომ გაგახსენდება, შეიძლება ადამინამა იმ წუთას ვერ იმოქმედო ადეკვატურად, როგორც ამ არასამთავრობოებს და ზოგიერთ ჟურნალისტს უნდა. ასე არ არის, ადამიანებთან გვაქვს საქმე.

ახლა ითხოვენ, აბა გვანახეთ ვინ დასაჯესო. იცით, არის დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოისყიდო, მაგრამ დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს ამის გამოსყიდვა შეუძლებელია. რასაკვირევლია, სამეგრელოს ინციდენტი ნაციონალების ორგანიზებულია. დაუკვირდით, ვინ ვისთან გაერთიანდება და რატომ? ვინ რა თემებს წამოწევს და რატომ?

ბატონო ზაზა, თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა, რა მიზნით იყვნენ სპორტსმენები ჩასული სამეგრელოში? ფიქრობთ, რომ მართლაც ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე?

- როდესაც დეპუტატად კენჭს ვიყრიდი, არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე და არც ჩემს მომხრეებს, რომ მივსულვიყავით საარჩევნო უბანთან. არჩევნების წესია, რომ ადამიანი მიდის საარჩევნო უბანზე, აძლევს ხმას და აგრძელებს გზას. არ გებადებათ კითხვა, რატომ იყო მთელი ეს შპანა გაერთიანებული თავიანთი „რუსთავი 2“-ით და ჩასული სამეგრელოში? კამერებისთვის რამდენ ხანს იჯდა ბოკერია მიწაზე, ეჭვი არ გებადებათ ამაზე?

მიდიან საარჩევნო უბანზე, ქმნიან დაძაბულობას და როცა მოსახლეობისგან საპასუხო რეაქციას იღებენ კუნთმაგარს ეძახიან. და რა ვქნათ ახლა, გამოვცეთ კანონი, რომ სპორტული აღნაგობის ადამიანები არ გადაადგილდნენ ქვეყნის ტერიტორაზე? ნუ სადამდე წავედით? კარგი იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო ეს დაპირისპირება, მაგრამ მოდით, ჯერ მიზეზებზე ვილაპარაკოთ. ნუ, ახლა, კუნთებიც სამარცხვინო აღმოჩნდა. თუ ასე წავალთ, ეს აღარ დამთავრდება.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნა, მით უმეტეს, რომ ორ კვირაში იწყება საარჩევნო კამპანია...

- რასაკვირველია. მოქალაქე, რომლესაც გიყვარს შენი სამშობლო, როგორ უნდა გულშემატკივრობდე არეულობას. პირიქით, საჭიროა გონიერება და არჩევანის თავისუფლება. გავზარდოთ ჩვენი კარგისკენ ფერისცვალების ხარისხი. მთავრობა და ხელისუფლება ვერაფერს ვერ გვასწვალის, თუ საკუთარ თავში ვერ მოვძებნეთ ფერისცვალების ძალა.

ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა იყოს უფრო მაღალი...

- ჯერ უნდა იყოს ქვეყნის სიყვარული. როდესაც ვსაუბრობთ ნატოზე და რუსეთზე, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ყბები უნდა დაამტვრიონ. პირიქით, გონიერად უნდა ილაპარაკონ. რაც უფრო მაღალი ხარისხის იქნება დიპლომატია, მით უკეთესია. ქვეყანაზეა ლაპარაკი, ვიღაცის ბუტკაზე და ბიზნესზე ხომ არ არის ლაპარაკი. რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი რესურსი და ამის მიხედვით ვიბრძოლოთ, რომ მარტო „მე მინდა“-ზე არ იყოს.

ნაციონალები თვლიან, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას...

- ამ უდღეურების განცხადებაზე, რა უნდა ვთქვა. უნდათ, რომ ორ ოლქში მოგება დიდ გამარჯვებად ჩაითვალონ და არ არიან ახლა ესენი ტვინგადაღრეცილები?

თუმცა, ანალიტკოსების განცხადებით, ნაციონალები თავიანთი მოქმედებებით ადასტურებენ, რომ მათ სამოქმედო გეგმაში შედის 2003 წლის მოვლენების განმეორება...

- ერთია, რომ მათ ეს უნდათ და ჩაფიქრებულიც აქვთ, მაგრამ მეორეა, შენ რას აკეთებ.

და რას აკეთებს მთავრობა იმისათვის, რომ ნაციონალებმა ვერ შეძლონ იგივე ცეცხლის დანთება ქვეყანაში?

- მარტო მთავრობა არა, ქვეყნის მოსახლეობა რას აკეთებს ამის თავის ასარიდებლად? სეირის ყურების დროა, გეუბნებით, რომ ომი მიმდინარეობს-თქო, ომია, ეს არის ომი. ამ ომში გონებითა და შენი სიმართლით უნდა მოიგო. შენი პრინციპულობით უნდა მოიგო და არა ხელების გადაგრეხვით. იცით, მე ვიცი და შემიძლია ძალიან მარტივად ავხსნა, რატომ არ უნდა მიყვარდეს რუსეთი - ქვეყანა, რომელმაც წამართვა ტერიტორიები, ავტოკეფალია, გადამიღება ეკლესია, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ენას მართმევდა, ამიტომ, ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ვიცი რატომაც არ უნდა მიყვარდეს რუსეთი, მაგრამ ამ ბოლშევიკ ემისრებს ვითომ, რატომ არ უყვართ რუსეთი, ეს მაინტერესებს. არც შენი ისტორია უნდათ, ეზიზღებათ ეკლესია, პატრიარქი, სამშობლო, ადამიანი ეზიზღებათ თავისი ფასეულობით, მაშინ რა სხვაობაა ნაციონალებსა და რუსეთს შორის? გამცენ პასუხი რატომ ვერ იტანენ რუსეთს, მაშინ როდესაც ყველაფერი ის გააკეთეს, რაც რუსეთს უნდოდა. თითქოს შეუკვეთა ვიღაცამ და შეკვეთა შეასრულეს. ახლა ბედავენ ხსვას აბრალებენ კიდევ რაღაცეებს. ამიტომ, ჩვენი ვალია ჯანმრთელად ვიაზროვნოთ. არ მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ, მაინტერესებს როგორ გადავდგამთ ნაბიჯებს უკეთესი მომავლისაკენ, როგორ გავხდებით იმაზე ბედინიერები, ვიდრე ვართ.