სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო კარტელური შეთანხმების საკითხით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა. როდის დაიწყებენ კონკრეტული ფაქტების შესწავლას ანტიმონოპოლისტები, ეს ზუსტად ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ სადაზღვევო ინდუსტრია კონკურენციის სააგენტოს სამიზნეა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის სადაზღვევო ბაზარზე კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმების ფაქტების შესახებ ცნობილია. „დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს მიუთითა, რომ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები, რომ ადგილი აქვს სადაზღვევო კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებას და თუ ასე გაგრძელდება ტყემალაძე კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას გეგმავს.
„კარტელურ შეთანხმებასაც აქვს ადგილი. მაქვს დამადასტურებელი ფაქტებიც. თუ ასე გაგრძელდება, მე გაძლევთ პირობას, რომ საქმეს გადავცემთ კონკურენციის სააგენტოს“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო კარტელური გარიგების შესახებ საქმის კურსშია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიც. როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკა წერეთელმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, საკითხს დეტალური შესწავლა სჭირდება.
„სამსახური მზად არის ნებისმიერი ამ პროცესის შესწავლისთვის, ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად. სამსახურისთვის ცნობილია ეს თემა. მანამდეც იყო ამ საკითხზე საუბარი და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობს. ალბათ სერვისებთან დაკავშირებით ან ბაზარზე ოპერირებასთან დაკავშირებით იყო შეთანხმებები. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა და მეტი კონკრეტიკა“, - აცხადებს ეკა წერეთელი.
ზოგადად დაზღვევასთან და სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მიდგომა იცვლება. ეს უფრო მეტად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება, მაგრამ რამდენადაც ხალხი მზადაა საკუთარი ჯანმრთელობისთვის უფრო მეტი თანხა გაიღოს, საბოლოოდ ეს ყველაფერი კერძო სადაზღვევო სისტემისთვისაც შეცვლის ვითარებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის 56% მზადაა ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსთან ერთად, თავადაც იტვირთოს. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მზად არის ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაიზიაროს, სულ მცირე 2.5 მილიონ მოქალაქეს უდრის.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2015 წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებმა უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ დაბალი შემოსვლის მქონე პირთა სამედიცინო დაზღვევა, 61%-ია, ხოლო გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანმა, შემოსავლის მიუხედავად, თავად უნდა დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი.
„ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს. აქ, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც კერძო სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ. შესაბამისად, ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.