საქართველოში ორ კვირაში საარჩევნო კამპანია იწყება. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რას იტყვის გამოძიება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით. საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ წინ მშვიდი საარჩევნო პროცესი არ გველოდება.
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხებიან „ნაციონალური მოძრაობი“ წევრები - ნიკა მელია და გიგა ბოკერია. რაც შეეხება კახი კალაძეს, შოთაძის უწყებას ვიცე-პრემიერთან კითხვ ები არ აქვს.
„კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარებს და მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, ვინც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. ნაწილი დაკითხულია. ამ დღეებში დაიკითხებიან გიგა ბოკერია და ნიკა მელია. იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეში არსებობს, იმ ვიდეომასალით, რომელიც საქმეში არსებობს, კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარებს და როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
„თხოვნა მექნება ყველას მისამართით, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლდნენ და დაელოდონ გამოძიებას. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადნენ შსს-ში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო“, -ამბობს გიორგი მღებრიშვილი.
ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა ძალოვან უწყებას პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისას პრევენციული ზომების მიღება მოხდეს, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ ძალოვანი უწყებები. კვირიკაშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერებს შეახსენა, რომ მათ ისეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ, როგორც მმართველ ძალას.
„მინდა ყველას და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ყველას ისეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ, როგორც მმართველ ძალას. თქვენი პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ყურადღებით ვაკვირდები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა და საქართველოს მთავრობა კორცხელში მომხდარ ინციდენტს დიდი ყურადღებას მიაქცევენ. იან კელის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია და შესაბამისად, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს.
„წუხილის მიზეზი გახლავთ ის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. მთავრობა უნდა მიუდგეს და უდგება კიდეც სერიოზულად ამ საკითხს და ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანია იწყება“, - განაცხადა იან კელიმ.
გამოძიებისგან ვიცე-პრემიერის დაკითხვას კატეგორიულად ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლება საქმის გამოძიებას აჭიანურებს. მისივე თქმით, იმ შემთხევაში, თუ არ დაიკითხება კალაძე, მალე დაიკითხება შოთაძე.
„ყველასთვის ცხადია, რომ კორცხელზე პასუხისმგებელი პირი იყო კალაძე და დამნაშავე ამ ინციდენტზე და პასუხისმგებელი, არის ხელისუფლება და შესაბამისად კონკრეტული ადამიანები. ეს იცის უკვე მთელმა ქვეყანამ, ეს არის ცხადი ყველასთვის, გარდა შოთაძისა. შესაბამისად, მას უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. დღეს არ დაკითხავს, ხვალ მოუწევს. თუ არ დაკითხავს დადგება მისი პასუხისმეგბლობის საკითხი“, - აცხადებს სერგო რატიანი.
რატიანის პრეტენზიებს არ იზიარებს ხელისუფლება. მიაჩნიათ, რომ საქმე კარგად არის შესასწავლი, რადგან ფიქრობენ, რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი პროვოკაციაა.
ვიცე-პრემიერი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს უშუალოდ, მის მიმართ აგორებულ ანტიპიარად აფასებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, ანტიპიარი აწარმოოს ჩემს მიმართ. გამოიყენოს ის კონკრეტული ფაქტი, რაც სამწუხაროდ, მოხდა კორცხელში. ძალიან კარგად ესმით, რამხელა რესურსი გააჩნია კახა კალაძეს იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. ქართველ ხალხთან ერთად, მათ ოქტომბერში საკადრის პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა კახი კალაძემ.