ნაციონალები პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას საჭიროების შესაბამისად გეგმავენ, „ოცნება“ კი, საკანონმდებლო საქმიანობას განაგრძობს და უმცირესობის პოლიტიკური გეგმის გაშიფვრას ცდილობს.
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, უმცირესობამ პოლიტიკური ბოიკოტი ქუთაისის გამჭვირვალე შენობაში მუშაობასაც გამოუცხადა, თუმცა, ამჟამად, მათი განაწყენების მიზეზია არა პარლამენტის ადგილსამყოფელი, არამედ კორცხელის ინციდენტი და დაუსჯელი ადამიანები.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია პარლამენტში მუშაობას მანამდე არ აპირებს, სანამ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები არ დაისჯებიან, თუმცა, „ოცნება“ ნაციონალების პოლიტიკურ ტაქტიკაში მათი მხრიდან კონკრეტულ კანონპროექტებზე თავის არიდების მცდელობას ამჩნევს. უმრავლესობის მოსაზრებით, უმცირესობა ხმის მიცემას ერიდება როგორც ე.წ. გერმანულ მოდელზე, ასევე ქორწინების თაობაზე მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რის გამოც პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა.
მმართველი გუნდის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ უმცირესობა პოლიტიკურ ტრიბუნას არ დაიკლებს, რადგან მას კონკრეტული ნაბიჯები აქვს გათვლილი. კანონმდებელი პოლიტიკურ ბოიკოტზე საუბრისას ყურადღებას კორცხელის ინციდენტზე ამახვილებს და ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე აპელირებს. მაჭავარიანის შეფასებით, სამწუხაროა, რომ გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას არ აპირებენ, თუმცა, გამოჩნდა ის, „ოცნება“ არჩევნებში ბრძოლას როგორ გეგმავს.
„მთავრობა ხალხზე საერთოდ არ ზრუნავს და მათი ამოცანა ავხსენით, ხალხისთვის არაფერს რატომ არ აკეთებენ. მთავრობა ფიქრობს, ხალხს არაფერი არ უნდა გაუკეთოს, მაგრამ სამაგიეროდ, არჩევნებზე კუნთმაგარი ხალხი უნდა გაუშვას, რათა ამომრჩეველი დააშინოს და მოისყიდოს, რაზეც გამოძიება არ მიმდინარეობს. შერჩევითი სამართლის მაგალითია ის, დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების მცდელობისთვის პროკურატურამ ადამიანების ციხეში ჩასმა თუ როგორ მოითხოვა. ეს ადამიანები ციხეში ისხდნენ, მაგრამ ამჟამად, პოლიტიკურ ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაუსჯელი რჩება“, - ამბობს მაჭავარიანი.
დეპუტატი თანაგუნდელ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დრომდე, ეს საქმე გამოძიებული ისევე ისე არ არის, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე.
„თუკი აქამდე ეს ყველაფერი ღარიბაშვილს და მის ხალხს ბრალდებოდა, ახლა პრემიერი ხომ კვირიკაშვილია, რომელმაც თქვა, რომ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებდა და ყველა კანონის წინაშე პასუხს აგებდა? რეალურად, რა მოხდა? - იმ ადამიანების სახელები და გვარები ვიცით, ვინც კორცხელში ჩავიდა, მაგრამ რეაგირება - ნულია. თუნდაც, დათო ნაფეტვარიძე გაიხსენეთ, რომელიც ივანიშვილის ეზოში რუსული დროშის დაჭრის გამო დააკავეს, მაგრამ ის სასამართლომ გაამართლა. დაკავების მიზეზი რა იყო, იცით? - ქალაქის დაბინძურება“, - აცხადებს მაჭავარიანი.
კანონმდელის მტკიცებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
„ვნახეთ, კახი კალაძე პრემიერს და შს მინისტრს როგორ აშანტაჟებდა, აბა, გაბედეთ და დამნაშავეები დააკავეთო. ჩვენი ინფორმაციით, კალაძე ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამფინანსებელია იმის, რაც ხდებოდა. აბა, იქ ეს ხალხი ვინ გაუშვა? არ უნდათ, გამოძიება წინ წავიდეს, რადგან ტელეფონების ზარები, შეკრებები, ვარჯიშების ფულს ვინ იხდის, გაირკვევა. საზოგადოების ზეწოლა იმდენად დიდია, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. „ოცნებიდან“ გამოსული ინფორმაციით, ეს სქემა კალაძესთან მიდის. „ოცნებაში“ მეუბნებიან, ეს ბიჭები ვისთან რეკავდნენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის მსგავსად, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროების შესაბამისად იმოქმედებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების პროცესში ჩაერთვება. როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, პოლიტიკოსებს თავს დაესხენ და მათ ცინიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ის არჩევნებს კასპში აკვირდებოდა, სადაც „ზონდერების“ ჯგუფები ნახა, თუმცა, კორცხელის ინციდენტის შემდეგ კასპმა აქტუალობა დაკარგა. კანონმდებელის განცხადებით, მან ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი სურვილი ვერ დაინახა, რომ რაიმე ფორმით იმაზე ზრუნავდეს, ვითარება შერბილდეს და ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს.
„შერჩევითი სამართალი არ არის ის, როცა პიჯაკის დაზიანებისთვის ადამიანები ციხეში ჩასვეს, ხოლო პოლიტიკოსების თავპირის მტვრევაზე პასუხი არავინ არ აგო?! მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორი მუხლით წარიმართოს. ვინ იყო ორგანოზატორი უნდა გაირკვეს, მაგრამ ამის სურვილს ვერ ვხედავთ. ამიტომ, სხდომათა დარბაზში ჯდომა და მავნებლური კანონის მიღება მიუღებელი მგონია“, - აცხადებს წერეთელი.
წერეთელის ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტები ადრეც იყო, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვს.
„ეს პოლიტიკური საპროტესტო აქტია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას ვეთიშებით“, - დასძინა წერეთელმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ბოიკოტი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მიმართაც აქვს გამოცხადებული, რადგან მიიჩნევენ, რომ რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში მუშაობა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი განსაზღვრულია, თუმცა, ისტორიულ შენობაში, ნაციონალები საკითხების პრიორიტეტულობის შესაბამისად ცხადდებიან და ზოგჯერ, კურიოზული ვითარებაც იქმნება, რადგან თუკი ერთ დღეს, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ნაციონალები სხდომას ესწრებიან, მეორე დღეს, კომიტეტში მიმართვას აგზავნიან, რომ სხდომას არ დაესწრებიან, რადგან ამ შენობაში საქმიანობა არაკონსტიტუციურია. ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს.